შრეში
Eremurus spectabilis Bieb. – შრეში
ფესურიან-ფუნჯაფესვიანი პოლიკარპული მცენარეა, ფესვთანური, გრძელი ვიწრო ფოთლებითა და 1 მ-მდე სიმაღლის უფოთლო საყვავილე ღეროთი, რომელიც მთავრდება ხშირი საყვავილე მტევნით, მრავალრიცხოვანი, მოთეთრო-მოყვითალი ყვავილებით. ნაყოფი ბურთივით მრგვალი კოლოფია, დანაოჭებული და თავწვეტიანი; თესლი სამწახნაგოვანია, ოდნავ ფრთიანი, სიგანეზე ნაოჭიანი. ყვ. III-IV, ნყ.VI-VII.
ხასიათდება დეკორატიულობით, სამკურნალო და საკვები თვისებებით. მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლისათვის. კავკასიურ-წინა აზიური სახეობაა, მესამეული პერიოდის რელიქტი. კლასიკური ადგილსამყოფელია ჩრდ.კავკასია, მდინარეებს კუმასა და საბლიას შორის. საერთო გავრცელება: ყირიმი, შუა აზია, მცირე აზია, ირანი.
კავკასია: იმიერკავკასია; ამიერკავკასია: აზერბაიჯანი, სომხეთი (Гроссгейм, 1940; Фл. СССР, 1935).
საქართველოში გავრცელებულია: სამხრ. ოსეთი, ქართლი, ჯავახეთი. (საქ. მც. სარკვ., 1969). ჩვენი მონაცემებით დამატებით აღინიშნება ფშავსა და ხევსურეთში (არაგვის ხეობა).
იზრდება ღორღიან ადგილებში, მშრალ ფერდობებსა და კლდეებზე, ბუჩქნარებში, მთის წინებსა და მთის შუა სარტყელში, ზღ.დ. 500-1200 მ; გავრცელების ოპტიმუმია 500-800 მ. გვხვდება მცირე ჯგუფებისა და მცირე ფრაგმენტების სახით.
თბილისის მიდამოებში დღევანდელი მდგომარეობით სახეობას გაქრობა ემუქრება. დაკავებული ფართობი და მასთან ერთად რიცხოვნობა უკიდურესად მცირეა.