ქსოვილური მაარმირებელი მასალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქსოვილური მაარმირებელი მასალებიქსოვილი (ტექსტილი) წარმოადგენს საფეიქრო ნაწარმს, რომელსაც იღებენ საქსოვ დაზგაზე ურთიერთმართობული და ერთმანეთთან ხლართებით შეერთებული გრძივი (ქსელი) და განივი (მისაქსელი) ძაფებისაგან. პრაქტიკული თვალსაზრისით მზიდ სამშენებლო ელემენტებში (მაგ., პნევმატიკურ კონსტრუქციებში) რეკომენდებულია მხოლოდ ჰაერგაუმტარი ქსოვილების გამოყენება. ქსოვილური მასალები მზადდება ბუნებრივი (ბამბა, სელი, ქერელი, აბრეშუმი, შალი), ხელოვნური (ვისკოზა, მინაბოჭკო) და სინთეზური ბოჭკოებისაგან. ეს უკანასკნელი ყველაზე ფართოდ გამოიყენება ქსოვილებში და იყოფა შემდეგ ჯგუფებად: პოლიამიდური (კაპრონი, ნეილონი, დედერონი, პერლონი, სილონი, სტილონი); პოლიეთერული (ლავსანი, დაკრონი, გრიზუტენი, დიოლენი, ტრევირა, ტეტერონი, ტერილენი); პოლიაკრილნიტრინული (ნიტრონი, ორდონი, დრალონი); პოლივინილსპირტული (ვინოლი, ვინილონი).

იმისათვის, რომ ქსოვილი გახდეს ჰაერ და ტენგაუმტარი და, ამასთანავე, ნაქსოვი დაცული იქნეს გარე ზემოქმედებისაგან, მას ფარავენ სინთეზური კაუჩუკით ან პოლივინილქლორიდული ფისებით ერთი ან ორივე მხრიდან. სამშენებლო ნორმების თანახმად (აშშ) პნევმოქსოვილების სიმტკიცის მარაგის კოეფიციენტი 4-ის ტოლია.

ძაფების გადახლართვის ხერხის მიხედვით განასხვავებენ ტილოს, სარჟის და სატინის ქსოვილებს, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შეიძლება დამზადდეს მრავალფენიანი და ტრიკოტაჟული ქსოვილები.

ქსოვილების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: ბოჭკოვანი შედგენილობა, ქსოვის სახეობა, ზედაპირის სახე, სიგანე, სისქე, ერთი კვადრატული მეტრის მასა, სითხის შეწოვის უნარი, ძაფების რაოდენობა საფუძველსა და მისაქსელში სიგრძის ერთეულზე (ქსოვილის სიმკვრივე), გამგლეჯი დატვირთვა და წაგრძელება გაგლეჯისას.

ქსოვილები ძირითადად მზადდება გრეხილი ძაფების ან მინისა და ნახშირბადის ჩალიჩისაგან (თასმების, თივისა და მისთანათაგან დაგრეხილი თოკი). ასეთი ქსოვილები კარგად ფორმირდება და ნაკეთობაში ადვილად არეგულირებს ანიზოტროპიულ თვისებებს საჭირო მიმართულებით.

სხვადასხვა სახის ნაკეთობების წარმოებაში გამოიყენება ქსოვილები, დამზადებული ბამბის, სელის, ბაზალტის, ნახშირბადის, ბორის, მინის ბოჭკოებისაგან, აგრეთვე სინთეზური მასალების საფუძველზე.

ფენოვანი ქსოვილური პლასტიკების თვისებებს განსაზღვრავს ქსოვილის სისქე, სიმტკიცე და მასში შემკვრელი ნივთიერების შეღწევის უნარი. ამიტომ, მაგ., ტექსტოლიტისა და მინატქსტოლიტის წარმოებაში, ხშირად გამოიყენება ტილოსა და სატინის ქსოვილები, ხოლო მრუდი ნაკეთობების დასამზადებლად – ატლასის ან ტრიკოტაჟის. ქსოვილის სიმკვრივის გაზრდა იწვევს სიმტკიცის ზრდას გაჭიმვაზე, მაგრამ ერთდროულად ამცირებს ფენებსშორის სიმტკიცეს, სადაც მიმდინარეობს ძვრის დეფორმაციები.

ყველაზე მეტად გავრცელებული ქსოვილები სიგანის მიხედვით, შემდეგია: 40-75 სმ – ვიწრო, 75-100 სმ – საშუალო სიგანის, 100-150 სმ – ფართე, 150-200 სმ და მეტი – ძალიან ფართე. ქსოვილებს სიგანით 0,5-7,5 სმ ეწოდება ლენტი.

ქსოვილი მასით 100 გ/მ2-მდე ითვლება მსუბუქად, მასით 100-დან 500 გ/სმ2-მდე – საშუალო მასის და მეტი 500 გ/სმ2 – მძიმედ.

კომპოზიტური მასალების წარმოებაში ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა მინის, ნახშირბადისა და ორგანული ბოჭკოების საფუძველზე დამზადებულ ქსოვილებზე. შესაბამისად, მრეწველობაში ქსოვილური შემავსებლის ძირითადი მომხმარებლებია: ტექსტოლიტის, მინატექსტოლიტის, ორგანული პლასტიკების, მინა- და ნახშირბადპლასტიკების კონსტრუქციული კომპოზიტური ნაკეთობების დამამზადებელი საწარმოები.


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები