ქორწინება (გოგოლი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ქორწინება“ნიკოლოზ გოგოლის პიესა, რომელიც გამოქვეყნდა 1842 წელს.

ამ სატირულ კომედიაში ავტორი შეეცადა იმდროინდელი რუსული სინამდვილისარსი და მისი ყველა თავისებურება წარმოეჩინა. ავტორმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თავადაზნაურულ-ბურჟუაზიული საზოგადოების მორალურ-ზნეობრივი კრახი, თუ როგორ გახდა ქორწინება სარფიანი გარიგების საგანი. ამ კომედიის თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ გოგოლმა აჩვენა მჭიდრო ურთიერთობა პირად და სოციალურ ცხოვრებას შორის, აჩვენა, თუ როგორ ყალიბდება ამ ადამიანების მორალური ხატი.

საპატარძლოს - აღათია ტიხონოვნას მამა - ვაჭარია. მისი საქმროები, პოდკოლესინი, იაიჩნიცა, ანუჩკინი და ჟევაკინი, კარგად არ იცნობენ აღათია ტიხონოვნას, უფრო მეტიც, საერთოდ არ აინტერესებთ მისი გაცნობა. ბუნებრივია, არც ერთს არ უყვარს იგი და არც ფიქრობენ მის შეყვარებას. ისინი მხოლოდ მდიდარ პატარძალს ეძებენ. პიესაში ყველაფერი ქორწინების გარშემო ხდება, მაგრამ არავინ არ არის შეყვარებული და ამიტომ კომედიაში სიყვარულის კვალი არ ჩანს. ქორწინება არ არის გმირთა სასიყვარულო ურთიერთობის შედეგი. გოგოლმა უარი თქვა ტრადიციულ სასიყვარულო ინტრიგაზე. აქ საცოლეს, როგორც შემოსავლის წყაროს ისე უყურებენ. ყოველ საქმროს მხოლოდ ორი ინტერესი ამოძრავებს - მატერიალური და ავხორცული. მათთვის მთავარია, რომ ქალს კარგი მზითევი ჰქონდეს და „თეთრი, ფუნთუშა, ლოყაწითელი“ იყოს. ამიტომ თითოეული მათგანი საპატარძლოს ოთახში შესვლისას ჯერ სამზითვო სიაში შეტანილ ნივთებს ათვალიერებს, ხოლო შემდეგ აღათიას ტანს. მათთვის ქორწინება მხოლოდ სარფიანი გარიგების საგანია, სადაც ნამდვილ სიყვარულს, ჭეშმარიტ გრძნობებს ადგილი არ აქვს. ქორწინება მხოლოდ ბიზნესია.

მწერალი გვიჩვენებს, რომ ოჯახის შექმნას მხოლოდ ფულისა და ქონების დაგროვების გამხრწნელი ჟინი უდევს საფუძვლად. გოგოლის აზრით, ზნედაცემული საზოგადოება, რომელიც ობივატელური ცხოვრების ჭაობშია ჩაფლული, არ შეიძლება კეთილშობილური, ამაღლებული, გულწრფელი გრძნობების მატარებელი იყოს, ზნეობრივად გადაგვარებულ ადამიანებს, რომლებიც მთელ სიცოცხლეს უაზრო გართობასა და ღრეობაში ატარებენ, არ შეიძლება ნამდვილად უყვარდეთ ქალი, მეგობარი, მოყვასი. ქალის დაუფლებისათვის საქმროთა ტრადიციული მეტოქეობა და ქიშპობა ნაწარმოებში ავტორის მიერ პაროდირებულია. სატრფიალო მეტოქეობა დრამატურგმა შეცვალა უხამსი ადამიანის ჩვენებით. ამ უხამსობის კრიტიკა წარმოადგენს კომედიის მამოძრავებელ იდეასა და მის მთავარ ძარღვს. თუ „რევიზორში“ მთავარი ყურადღება ეთმობა მოქმედების დინამიკურ განვითარებას, „ქორწინებაში“ მოქმედების ტემპი ოდნავ შენელებულია. დრამატურგისათვის აქ მთავარია ხასიათების ღრმა და დეტალური სოციალურ-ფსიქოლოგიური დამუშავება.

„ქორწინება“ საყოფაცხოვრებო თემაზეა დაწერილი, ამიტომ მისი მასშტაბი უფრო მცირეა, ვიდრე „რევიზორის“. „ქორწინებაში“ ჩინოვნიკობა წარმოდგენილია არა ადმინისტრაციული მოქმედებისასპარეზზე, არამედ ოჯახში, საყოფაცხოვრებო პირობებში, ამიტომ პერსონაჟების ზნეობრივი პორტრეტის დახატვას ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა, თუმცა მათი სულიერი სიმახინჯე სოციალური მიზეზებით არის ახსნილი. ავტორმა დრამის ცენტრში ოჯახი დააყენა, ადამიანის სოციალური სახე, მისი ზნეობრივი ცხოვრება და საზოგადოებრივი მისწრაფებები. გოგოლმა იმდროინდელბიუროკრატიულ სისტემას, ამ წრის ადამიანთა სულიერ სამყაროს, მათ მთავარ მანკიერებებს მიაყენა დარტყმა. „ქორწინება“ სოციალური კომედიაა. ავტორი დასცინის არსებული რეალობის პრიმიტიულობას, სტაგნაციას.

პიესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პერსონაჟების უნიკალური დიალოგები, რომლებიც ძალზე ხატოვნად წარმოაჩენს მოქმედ გმირთა ხასიათს, მათ ფსიქო-ემოციურ სამყაროს. გოგოლის დრამატურგიის ერთ-ერთი თავისებურება სწორედ პერსონაჟების ხასიათების მრავალფეროვან წარმოდგენაშიც გამოიხატება, რაც როლის სცენური ინტერპრეტაციისათვის შესანიშნავ საშუალებას იძლევა. მისი პერსონაჟები განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან.

ამ კომედიის პირველი წარმოდგენა პეტერბურგის ალექსანდრინსკის თეატრში 1842 წლის დეკემბერში გაიმართა, ხოლო 1843 წლის თებერვალში მოსკოვის „მცირე თეატრის“ სცენაზე შედგა.

1972 წლის 7 ივლისს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შედგა „ქორწინების“ პრემიერა. (რეჟისორი დოდო ალექსიძე, ფეკლა ივანოვნა - მარინა თბილელი, კოჩკარიოვი - ირაკლი უჩანეიშვილი, პადკალიოსინი - ზურაბ ლაფერაძე და აგაფია ტიხონოვნა - სოფიკო ჭიაურელი).


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები