ფულის ფუნქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფულის ფუნქციები - (functions of money) – ფული, თავდაპირველად, ასრულებდა ორ ძირითად ფუნქციას - ღირებულების საზომისა და მიმოქცევის (გაცვლის) საშუალების ფუნქციებს. ამასთან, ისტორიული განვითარების პროცესში ფულმა შეიძინა დაგროვების (დაზოგვის) საშუალების, გადახდის საშუალებისა და მსოფლიო ფულის ფუნქციები. ეს ფუნქციები თანამედროვე პირობებში სხვაგვარად გამოვლინდება, ვიდრე წინათ ვლინდებოდა. მიუხედავად განსხვავებული დანიშნულებისა, ყველა ფუნქცია ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია და ფულის არსი სწორედ ამ ფუნქციებით ვლინდება. თავდაპირველად ფული როდესაც ზოდების სახით იყო, თვით ფლობდა ღირებულებას და ასრულებდა ღირებულების საზომის ფუნქციას იდეალური ფულის სახით ანუ გონებით ხდებოდა საქონლის ღირებულების გამოხატვა ოქროთი. ეს შესაძლებელი იყო იმის გამო, რომ რეალურ სინამდვილეში არსებობდა განსაზღვრული თანაფარდობა ოქროს ღირებულებასა და მოცემული საქონლის ღირებულებას შორის. მონომეტალიზმის ეპოქაში საქონლის ღირებულება გამოიხატებოდა ოქროს განსაზღვრული წონითი რაოდენობით.

ოქროს დემონეტიზაციამ და ქაღალდის ფულის განვითარებამ გამოიწვია ოქროს ფულის სტატუსის შეცვლა. იამაიკის სავალუტო სისტემის შემოღებით ოქროს მრავალსაუკუნოვანი „ფულადი ისტორია“ წარსულს ჩაჰბარდა. იგი, როგორც ფული, აღარ ფუნქციონირებს. ოქროს სტანდარტის სრულ ლიკვიდაციას მოჰყვა მისი საყოველთაო შეცვლა ქაღალდის ფულის სტანდარტით. თანამედროვე პირობებში ყველა ფუნქცია ხორციელდება ქაღალდის ფულით. თუმცა, იმის გამო, რომ ქაღალდის ფულს საკუთარი ღირებულება არა აქვს, არ შეუძლია შეასრულოს ღირებულების საზომის ფუნქცია. მან შეიძინა საანგარიშო ერთეულის ფუნქცია. ფული, მიმოქცევის საშუალების ფუნქციის შესრულებით საზოგადოებას თავიდან აცილებს ბარტერული გაცვლის ბევრ უხერხულობას. ამ ფუნქციას ქაღალდის ფულთან ერთად ასრულებს: „არაკეთილშობილი მონეტები“, ვადიანი და უვადო დეპოზიტები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, საპრივატიზაციო ჩეკები, მოძრავი და უძრავი ქონება და ა.შ. ამიტომაცაა, რომ თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ფული განმარტებულია როგორც აქტივების ერთობლიობა, გამოყენებული გარიგებათა დადებისათვის. ფული, როგორც ყველაზე ლიკვიდური აქტივი, სიმდიდრის დაგროვების მოსახერხებელი ფორმაა. ეს გარემოება მას ანიჭებს განსაკუთრებულ ფუნქციას - წარმოადგენდეს დაგროვების საშუალებას. ოქროსთან ერთად ქაღალდის ფული ქმნის ფულად ცენტრალიზებულ მარაგს. დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების აკუმულაციას ახდენენ აგრეთვე ბანკები, ფირმები და ინდივიდუალური პირები.

ფული გადახდის საშუალების ფუნქციას ასრულებს საქონლის განვადებით გაყიდვის, გადასახადების გადახდის, სესხების დაფარვის, ხელფასებისა და პენსიების გაცემისა და ა.შ. შემთხვევაში. მსოფლიო ბაზარზე, საერთაშორისო ვაჭრობის მომსახურებით, ფული ასრულებს მსოფლიო ფულის ფუნქციას. იგი გადახდის საყოველთაო საშუალებაა საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებათა დაფარვისას, ყიდვის საყოველთაო საშუალებაა საზღვარგარეთ საქონლის ნაღდი ფულით შეძენისას და საზოგადოებრივი სიმდიდრის საყოველთაო გამოხატულებაა, მატერიალიზაციაა და მისი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანის საშუალებაა სესხებისა და სუბსიდიების სახით. აქედან ყველაზე ფართოდ გამოიყენება ფული როგორც გადახდის საყოველთაო საშუალება. ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობისას ანგარიშსწორება უმთავრესად კლირინგის მეშვეობით ხორციელდება. ვალდებულებათა ურთიერთჩათვლისას წარმოშობილი სხვაობა სრულყოფილი კონვერტირებადი ვალუტით იფარება.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები