ფიზიკური ქმედების მეთოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზიკური ქმედების მეთოდი – დანერგილია სტანისლავსკის მიერ თეატრალური პრაქტიკაში და პედაგოგიკაში. ეს მეთოდი მსახიობს ხელს უწყობს შეიმუშაოს სწორი სცენური განწყობა, გაამთლიანოს პერსონაჟის ფსიქოფიზიკური მახასიათებლები, მოახდინოს სიტუაციაში წვდომა, დაამყაროს ურთიერთობა პარტნიორთან, ძალდაუტანებლად, ბუნებრივად მოახდინოს როლში გარდასახვა.

განცდის სამსახიობო ხელოვნებაში შემოთავაზებული გარემოებანი უბიძგებენ მსახიობს განახორციელოს გარკვეული მოქმედება, რომელიც წარმოშობს იერსახეს. ყველა ისინი შესაძლებელია დაკონკრეტდეს როგორც ერთმანეთისგან ლოგიკურად გამომდინარე ფიზიკური ქმედება. სწორედ ამიტომ, „ადამიანის სულიერი ცხოვრება“ (ფიქრები, გრძნობები, დამოკიდებულებანი, სწრაფვები) თავს იჩენს ფიზიკური ქმედების ხაზში, მსახიობის სხეულის ცხოვრებაში. ეს კანონზომიერება იქცა ამ მეთოდის საფუძვლად, რომელიც შექმნა სტანისლავსკიმ (იგი მას უწოდებდა, აგრეთვე, „ფიზიკური და სიტყვიერი ქმედების მეთოდს“). ამ მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: შეიქმნას როლის სულიერი ცხოვრება მსახიობის სხეულის სწორი ორგანიზაციით შემოთავაზებულ გარემოებებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარეპეტიციო მუშაობის დროს, ნებისმიერი, თვით ყველაზე რთული, შემოქმედებითი, ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური ამოცანები დაიყვანება სრულ დაკონკრეტებამდე ფიზიკური ქმედების მკაფიო და ნათელი მაგალითებით. სწორედ ამ გზით მსახიობში ყალიბდება ნამდვილი განცდა, იხსნება შემოქმედებითი ფანტაზია, რასაც იგი მიჰყავს მაქსიმალურ გამომსახველობამდე.

სტანისლავსკის მიაჩნდა, რომ თუკი მსახიობის სხეული მოქცეულია სიყალბეში, იგი ვერასოდეს ვერ ამაღლდება სცენურ სიმართლემდე. მაგრამ თუკი ფიზიკური ქმედების ხაზი ზუსტად არის ნაპოვნი და ათვისებული, ეს მსახიობს აუცილებლად მიიყვანს სასურველ ფსიქოფიზიკურ განწყობამდე.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები