უარყოფა (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უარყოფა – გრამატიკული თუ სემანტიკური პროცესი ან კონსტრუქცია, რომელიც გამოხატავს გამონათქვამის (წინადადების, ფრაზის…) შინაარსის სრულ ან ნაწილობრივ ნეგაციას; ბაზისური ფრაზის (მტკიცებითი, კითხვითი, ბრძანებითი) ერთ-ერთი სტატუსი, რომელიც მდგომარეობს ფრაზის პრედიკატის უარყოფაში. უარყოფა უნივერსალური მოვლენაა, რომელიც მსჭვალავს მთელ ენობრივ სისტემას. იგი წარმოადგენს ამოსავალ, დაუნაწევრებელ სემანტიკურ კატეგორიას, რომლის ახსნა შესაძლებელია უფრო მარტივი სემანტიკური ელემენტების საშუალებით.

უარყოფა შეიძლება გამოიხატოს: უარყოფის სიტყვებით, როგორებიცაა უარყოფითი ნაწილაკები. აგრეთვე სიტყვები. რომლებშიც უარყოფა მნიშვნელობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, მაგ., უარყოფითი ნაცვალსახელები, ზმნიზედები, მიმღეობები, კავშირების წყვილი (არც – არც); უარყოფითი აფიქსებით; სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობით (მაგ. ქართ. „უარი“); მთელი წინადადებით – „შენ რა გესმის” და ა.შ.

წინადადებას, რომელიც შეიცავს უარყოფის სიტყვას ან ზმნის უარყოფით ფორმას, უარყოფით წინადადებას უწოდებენ. არსებობს აბსოლუტური, სრული უარყოფა, როდესაც უარყოფილია მთელი წინადადება („არა, მე არაფერი დამიშავებია“) ან ნაწილობრივი (არასრული), როდესაც უარყოფილია წინადადების მხოლოდ ერთი კომპონენტი: „მე არ მწყენია მისი წასვლა“.

უარყოფითს, ნეგატიურს ენაში უპირისპირდება პოზიტიური, მტკიცებითი. მათი ერთიანობა ქმნის პოლარულობას. შესაბამისად, განსხვავებულია უარყოფითი და დადებითი პოლარულობის მქონე ერთეულები. ერთეული (სიტყვა, ფრაზა) უარყოფითი პოლარულობისაა, თუ მისი მნიშვნელობა იგუებს მხოლოდ წინადადების უარყოფით შინაარსს, ხოლო ერთეული დადებითი პოლარობისაა, თუ იგი მხოლოდ დადებითი, მტკიცებითი (ან კითხვითი) შინაარსის წინადადებაში გვხვდება. მაგ- „არაფერი“ („არაფერი (არა) გაქვს?“, „არაფერი (არა) მაქვს“) უარყოფითი პოლარულობისაა, მაშინ როდესაც „რამე“ მხოლოდ დადებითი წინადადებისთვისაა ჩვეულებრივი („რამე ხომ არა გაქვს?“, „თუ რამე მაქვს…“).

თანამედროვე ენათმეცნიერებაში დიდ ინტერესს იწვევს ე. წ. ნეგატიურების - უარყოფითი ნაწილაკების (ან სხვა საშუალებების) – ტრანსპორტაციის (გადაადგილების) საკითხი წინადადებაში. ერთი თვალსაზრისით, შესაძლებლად არის მიჩნეული უარყოფის ტრანსპორტაცია მთავარი წინადადებიდან დამოკიდებულში, ან პირიქით (ე. წ. ნეგატიური აღმავლობა). დამოკიდებულიდან – მთავარში (შდრ. „არ ვფიქრობ, რომ ის სიმართლეს იტყვის“ > „ვფიქრობ, რომ ის სიმართლეს არ იტყვის“; „ვფიქრობ, რომ ამჯერად ეს ჭორი არ გამართლდება“ < „არ ვფიქრობ, რომ ეს ჭორი ამჯერად გამართლდეს“). სხვა თვალსაზრისით, ასეთი გადანაცვლება გავლენას ახდენს როგორც წინადადებათა ლოგიკურ სტრუქტურაზე, ისე სემანტიკაზე და ამდენად ეჭვის ქვეშ აყენებს მათ იგივეობას.

საკუთრივ ენობრივი უარყოფისგან განასხვავებენ უარყოფას, რომელიც ენაში რეალიზდება მიმიკითა და ჟესტებით და განეკუთვნება სემიოტიკის სფეროს.

ქართულში უარყოფით წინადადებას სამი ნაწილაკი გამოხატავს: არ, ვერ, ნუ, არ კატეგორიული და მკაფიოდ გამოხატული უარყოფაა; ვერ შესაძლებლობების ფარგლებით არის შეზღუდული; ხოლო ნუ აკრძალვითი ბრძანებითის სპეციალური უარყოფითი ნაწილაკი”.

მრავალი ენისათვის დამახასიათებელია ორმაგი უარყოფა როდესაც ერთი გამონათქვამის ფარგლებში უარყოფა მეორდება ორ წევრთან (მაგ. რუსულში: „Я ничего не знаю“). განსხვავებით ორმაგი უარყოფისგან. ლოგიკურ-მათემატიკური აზრით, რომელიც დადებით შედეგს იძლევა, ენობრივი უარყოფა არ შლის უარყოფის შინაარსს და წინადადებას არ ანიჭებს პოზიტიურ მტკიცებით სტატუსს. ზოგიერთ ენებში დაშვებულია აგრეთვე მრავალჯერადი, კუმულაციური უარყოფა ასეთი შემთხვევები გვაქვს. მაგ. ე. წ. შეთანხმებული უარყოფის დროს, როდესაც ზმნის პრედიკატულ ფორმაში უარყოფის არსებობის შემთხვევაში წინადადების სხვა წევრებიც უარყოფითი ფორმით გვევლინებიან (მაგ. რუსულში: „никто никогда ничего не брал“: მსგავსი კონსტრუქციები ემფაზის პირობებში ისეთ ენაშიც არის შესაძლებელი, რომლებსაც. ჩვეულებრივ, მრავალჯერადი უარყოფა არ ახასიათებს (მაგ. ქართ. „მე არასოდეს არავის არაფერს არ ვთხოვ!“).

ძველ ქართულში მუდამ ერთმაგი უარყოფა იხმარებოდა. თანამედროვე ქართულშიც ასეთი უარყოფაა გაბატონებული (არაფერი ვიცი, არსად მივდივარ, არასოდეს გამიკეთებია), მაგრამ გვხვდება ორმაგი უარყოფაც „არაფერი არ ვიცი”), რასაც სხვა ენის (კერძოდ, რუსულის) გავლენით ხსნიან, თუმცა ეს პროცესი ცოცხალ მეტყველებაში გაცილებით ადრე უნდა განვითარებულიყო. ვ. თოფურიას აზრით. ორმაგი უარყოფა უცხო ენათა გავლენის გარეშე, თავისთავად არის აღმოცენებული. ამას ადასტურებს ის, რომ იგი საკმაოდ გავრცელებულია ქართული ენის დიალექტებში და, X-XI სს-იდან მოყოლებული, სისტემატურად გვხვდება წერილობით ძეგლებში. ორმაგი უარყოფის წარმოშობას განაპირობებს სინტაქსური კონსტრუქცია, ასოციაცია, ზოგიერთი სხვა ენობრივი მოვლენა და, რაც მთავარია, ემფაზის (კომუნიკაციური გამოყოფის) საჭიროება. თანამედროვე ქართულში აშკარად შეიმჩნევა ე. წ. ორმაგი უარყოფის არეალის გაფართოების ტენდენცია. უახლესი სარეკომენდაციო ლიტერატურის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ ამგვარ კონსტრუქციებს ენიჭება უპირატესობა.

ნ. ლოლაძე


ლიტერატურა

  • თოფურია ე. ორმაგი უარყოფა ქართულში. – „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული“. I-II ტფ. 1923-24;
  • ჯორბენაძე ბ. უარყოფის გამომხატველ ფორმათა ნაირსახეობებისათვის ქართულში. – „ქსკს“. წგ. 6, თბ. 1984;
  • პაპიძე ა. ერთი ტიპის კონსტრუქციის ევოლუციისათვის ქართულში. – „ქსკს“, წგ. 10, თბ., 1993;
  • ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი, თბ., 2002;
  • არაბული ა. ქართული მეტყველების კულტურა, თბ., 2004.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები