პრედიკატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრედიკატი – (ლათ. praedicatum, – ნათქვამი), ლოგიკისა და ენათმეცნიერების ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მსჯელობის კონსტიტუციურ წევრს – იმას, რაც გამოითქმება (მტკიცება ან უარყოფა) სუბიექტის შესახებ. პრედიკატი მხოლოდ მიუთითებს საგნის თვისებაზე, მდგომარეობაზე, სხვა საგნებთან მიმართებაზე.

ლოგიკური და ლინგვისტური ტერმინების აღრევის თავიდან აცილების მიზნით ზოგ ენაში ტერმინი „პრედიკატი“. შეიცვალა კალკირებული სიტყვით, მაგ., სლავურში – „сказуимое“, ქართულში – „შემასმენელი“; მაგრამ ამით მაინც ვერ იქნა აცილებული ამ ტერმინის ხმარების აუცილებლობა. „შემასმენელთან“ ასოცირდება, უპირველეს ყოვლისა, წინადადების ამ წევრის ფორმალური ასპექტი, ტერმინ პრედიკატთან კი დაკავშირებულია მნიშვნელობა, შინაარსობრივი მხარე.

გამოიყოფა პრედიკატის რამდენიმე სემანტიკური ტიპი:
ტაქსონომიური (მიუთითებს საგნის ამა თუ იმ კლასში შესვლას – „ეს ხე ნაძვია“),
რელატიური (მიუთითებს მოცემული ობიექტის მიმართებას სხვა ობიექტებთან – „კახა გიორგის მამაა“)
მახასიათებელი (მიუთითებს ობიექტის დინამიკურ და სტატიკურ, მუდმივ და ცვალებად თვისებებზე – „ნიჭი მისნის“, „ის დაიღალა" და სხვ.
შეფასებითი (ახდენს ობიექტის შეფასებას ამა თუ იმ ნიშნის მიხედვით – „აქ ცუდი კლიმატია”);
დროითი და სივრცული ლოკალიზაციის (მიუთითებს მოქმედების ან მდგომარეობის ადგილსა და დროზე – „ახლა შუადღეა“. „თემური შინ არის“).

პრედიკატის კლასიფიკაცია შესაძლებელია აქტანტების რაოდენობის მიხედვითაც: პრედიკატი შესაძლოა იყოს ერთადგილიანი, ორადგილიანი და სამადგილიანი (შდრ.: ქართ. „ერთპირიანი“. „ორპირიანი“, „სამპირიანი“ ზმნები).

ლ. ენუქიძე


ლიტერატურა

  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები