თოფურია ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარლამ თოფურია

ვარლამ თოფურია – (დ. 8 იანვარი 1901, სოფ. ონტოფო, აბაშის რ-ნი, – გ. 21 აგვისტო 1966, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1935).

დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით (1922). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (1936-66) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936–66). იყო ჯერ ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის (1936–41), შემდეგ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების (1941-60) გამგე: ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (194I–43), დირექტორი (1943–49). 1945-იდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას თსუ-ში. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე (1933–33), თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართულო ენის კათედრის გამგე (1935–36), გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე (1950-52), თოფურია ხელმძღვანელობდა ქართული ენის პრობლემების საკოორდინაციო სამეცნიერო საბჭოს, მონაწილეობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მუშაობასა (ერთხანს იყო კომისიის მდივანი) და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნა-დანერგვაში.

თოფურია იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიული-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის, დიალექტოლოგიისა და ლექსიკოლოგიის, ეპიგრაფიკისა და ქართული ენის სწავლების აქტუალურ საკითხებს. მისი პირველი მეცნიერული ნაშრომია „სინტაქსური ანალოგიის ერთი შემთხვევა ქართულში დიალექტების მიხედვით“ (1923); ავტორია 250-მდე ნაშრომისა, ხოლო მისი რედაქციით გამოცემულია 70-მდე წიგნი.

თოფურია საქართველოში ერთი პირველთაგანია, ვინც მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს სწავლობდა ადგილზე, საველე პირობებში. ასე შეიქმნა თოფურიას პირველხარისხოვანი შრომები ლაკური ენის ფონეტიკა-მორფოლოგიისა თუ სინტაქსის საკითხებზე. განსაკუთრებულია მისი როლი სვანური ენის მეცნ. შესწავლაში („სვანური ენა”. I. ზმნა. 1930). ა. შანიძესთან ერთად დააარსა სვანური ტექსტების გამოცემის სერია. გამოიცა „სვანური პოეზია”, I (1939): …სვანური პროზაული ტექსტები” 1. ბალსზემოური კილო (1939); 2. ბალსქვემოური კილო (1957): 3. ლენტეხური კილო (1967): 4. ლაშხური კილო (1979), ამ სერიაში გამოქვეყნებული ტექსტების საგრძნობი ნაწილი თოფურიას მიერაა ჩაწერილი და სვანური ენის დოკუმენტაციას წარმოადგენს.

ქართული და ქართველურ ენათა ფონეტიკის საკვანძო საკითხებია განხილული თოფურიას შრომათა ციკლში - „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში“ (5 ნაწილად. 1926–41); საგანგებო შრომათა სერია მიუძღვნა ქართველურ ენათა სიტყვაწარმოებას (6 ნაშრომი, 1938–59); ქართველურ ენათა ისტორიული შედარებითი შესწავლის საკითხებს: „ზოგიერთი ბრუნვის გენეზისისათვის მეგრულ-ჭანურში“ (1937). „რედუქციისათვის ქართველურ ენებში“ (1946), „გრამატიკულ მოვლენათა ერთგვაროვანი პროცესი ქართველურ ენებში“ (1954), „ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკის ზოგიერთი საკითხი“ (1961) და სხვ.

თოფურია, 1922-იდან სწავლობდა ქართულ დიალექტებს; გამოსცა გამოკვლევა – „ქართველურ ენათა დიალექტების შესწავლის მდგომარეობა და ამოცანები" (1963). მისი ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოქვეყნდა „ქართული დიალექტოლოგია“. I. (1961), რომელშიც დიალექტების მიმოხილვათა მეტი წილი თოფურიას ეკუთვნის.

ქართულ ეპიგრაფიკას ეძღვნება შრომები: „შიდა ქართლში დაცულ ზოგიერთ სიძველეთა წარწერები“ (1924), „ქვაჯ-ვარანი საქართველოში (1942). ძველი ქართულის საკვანძო საკითხებს ეხება გამოკვლევები: „ზმნის უძველესი სუფიქსაციისათვის ქართულში” (1942), „დ თავსართიანი ზმნები ქართულში“ (1942) და სხვ. სახელთა ბრუნება, ფუნქციები გამოკვლეულია ნაშრომებში: „წოდებითი ბრუნვისათვის“ (1953), „ვითარებითი ბრუნვის დაბოლოებისათვის ქართულში“ (1942), „წრფელობითი ბრუნვისათვის ძველ ქართულში“ (1965) და სხვ. გამოქვეყნდა თოფურიას თანამედროვე „ქართული ენა” 5 მონაკვეთად (1932–13), „ქართული ენის გრამატიკის სადავო საკითხები“ (1967) და სხვ.

თოფურიამ საფუძველი ჩაუყარა ქართული ენის სწავლების მეცნიერულ მეთოდიკას: „ქართული წერის დედანი“ – დაწყებითი სკოლების მოსწავლეთათვის (I გამოც. 1933); წერილების სერია „მშობლიური ენის სწავლების საკითხები საშუალო სკოლაში“ (1953–60), ცალკე წიგნად – „ქართული ენა და მართლწერის ზოგიერთი საკითხი“ (1965, 1988. 2005). თოფურიას მიერაა შემუშავებული 7 ნორმა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში (1970).

თოფურია, იყო „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მთავარი რედაქციის წევრი და III ტომის რედაქტორი, რისთვისაც 1971 მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია: იყო ასევე „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“, „რუსულ-ქართული ლექსიკონისა" და „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ თანაავტორი.

გ. ბურჭულაძე


ლიტერატურა

  • თალაკვაძე მ. ვარლამ თოფურია, თბ. 1968;
  • კიზირია ა. ქალდანი მ. ვარლამ თოფურია (ცხოვრება და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა), თბ. 1968; თბ.. 1984.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები