ტმესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტმესი – (< ბერძნ. tmesis – გაკვეთა), ნაწარმოები ან რთული სტრუქტურის სიტყვის (მჭიდრო სინტაგმის) კომპონენტთა გაკვეთა-დაშორიშორება სხვა ენობრივი ელემენტის ჩართვით. ტმესი შეიძლება იყოს მორფოლოგიური და სინტაქსური. მორფოლოგიურია ტმესი, როცა ზმნისწინი და ზმნის დანარჩენი ნაწილი გათიშულია ნაცვალსახელის, კავშირის ან ნაწილაკის ჩართვით: მო-ვინმე-უჴდა მას (მ. 19, 16), აღ-რაჲ-დგა (ი. 21, 14), მო-ნუ-იქცეს (იერ. 3, 1), გან-ვე-ხვდე (იერ. 2, 37). გაკვეთა შეიძლება ორი ან სამი სიტყვითაც: მო-თუ ვინმე-კუდეს (მ. 22, 24C), შე-ხოლო თუ-იწიროს (იერ. 36, 7), გან-ხოლო თუ ვითარ-იკურნოს (იერ. 51, 8). ტმესი შეიძლება უპირო ფორმებისაც (საწყისისა, მიმღეობისა): შე-რე-დგინე-ბად (ლე. 5, 3), და-ღათუ-ვრდომილ ვართ (II კორ. 4,9), შე-თუმცა-საძლებელ იყო (გალ. 4115).

მორფოლოგიური ტმესი მიჩნეულია გარდამავალ საფეხურად, რომელიც ზმნისწინს გაუვლია სრული დამოუკიდებლობიდან სრულ დაქვემდებარებამდე და მორფემად ქცევამდე.

სინტაქსური ტმესის შემთხვევაში შეიძლება გაითიშოს მტკიცე სინტაქსური წყვილის კომპონენტები, მაგ.,
1. მსაზღვრელი და საზღვრული: „ჴმაი ბაგეთაგან ისმა ტირილისა და ვედრებისაჲ“ (იერ. 3, 21);
2. კითხვითი სიტყვა ან უარყოფითი ნაწილაკი და ზმნა: „რად საყუარელმან შენმან შარის სახლსა ქმნა საძაგელი“ (იერ. 11, 15); „ნუ შრომასა შეამთხუევთ მას“ (მრ. 14, 6);
3. ნაცვალსახელი და დანართი: „და თქუენ, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, ყოველთა წარტყუენელთა“ (იერ. 29, 20). ტმესს ხშირად მიმართავს რუსთველი პოეტური სტრუქტურის საჭიროებისამებრ: „დანა დაიცა, მო-ცა-კვდა“ (582, 4); „წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები“ (1223)
4). სინტაქსური ტმესი. მოქმედია პოეზიაში: „ჭრელს ჩავიცომდი კაბასა“ (ვაჟა-ფშაველა)

კ. დანელია



ლიტერატურა

  • შანიძე ა., ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები., I, თბ., 1971;
  • მისივე ძველი ქართული ენის გრამატიკა, თბ. 1976;
  • ცქიტიშვილით, ტმესი ძველ ქართულში. – „მაცნე“, 1966, № 5.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები