დანართი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დანართი – ატრიბუტული განსაზღვრება, შეთანხმებული მსაზღვრელი. გამოხატულია არსებითი სახელით და არსებით სახელსავე განსაზღვრავს. მას ზოგჯერ მიმატებასაც უწოდებენ. ასეთ განსაზღვრებად უმეტესად გამოიყენება არსებითი სახელის შემდეგი სემანტიკური ჯგუფები: ზომის (მტკაველი, კილომეტრი…), წონის (ფუთი, ტონა…), საწყაოს (ჭიქა, ცისტერნა…), ფართობის (ქცევა, ჰექტარი…), პროფესიის (მუშა, მასწავლებელი…), წოდებისა და თანამდებობის (გლეხი, თავადი, აკადემიკოსი…), გეოგრაფიული პუნქტების (ქალაქი, დაბა…), ლიტერატურული ჟანრების (ლექსი, მოთხრობა…), პრესის სახეობათა (გაზეთი, ჟურნალი.), ნათესაური ან თავაზიანი დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვები, რომლებსაც მიმართვის დროსაც იყენებენ (ძია, მამიდა…), გვხვდება აგრეთვე სიმრავლის, რაიმე ერთეულის ან საზღვრულის მუდმივი დამახასიათებელი ნიშნის აღმნიშვნელი სახელები: ზღვა (ზღვა ხალხი), ქვა (ქვა გული), ძროხა (ძროხა დედაკაცი), ლუკმა (ლუკმა პური), უღელი (უღელი ხარი) და სხვ.

სასაზღვრი (საზღვრული) არსებითი სახელი შეიძლება იყოს როგორც საზოგადო, ისე საკუთარი, ე. ი. იქმნება ორწევრიანი შესიტყვებები: მუშა ბოქულაძე, პროფესორი მელიქიშვილი, ქალაქი ქუთაისი, გაზეთი „თბილისი“ და სხვ. ატრიბუტულ განსაზღვრებად გამოყენებული ზომის, წონის და ა. შ. აღმნიშვნელი არსებითი სახელები განსაზღვრებად მოითხოვენ რაოდენობით რიცხვით სახელებს და იქმნება სამწევრიანი (შეთანხმებული) შესიტყვებები: ერთი ურემი შეშა, ორი ქცევა მიწა და სხვ. მსგავსი შესიტყვებები შეიძლება შეადგინოს მასდარმაც: ერთი გაბმა აბრეშუმი, სამი გარბენა მინდორი და სხვ.

შესიტყვება – საზოგადო + საზოგადო არსებითი სახელი – შეიძლება რთულ სიტყვად (კომპოზიტად) იქცეს. ასეთი წარმომავლობის ჩანს ძელქვა, სირაქლემა, ვაჟკაცი და სხვ. რთული სიტყვის წევრები ხშირად ინარჩუნებენ სემანტიკურ დამოუკიდებლობას და დეფისით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული: სახლ-მუზეუმი, პოეტ-აკადემიკოსი და მისთ. მათ შერწყმულ დანართ(ებ)ს უწოდებენ (ე. თოფურია).

არსებითი სახელით გამოხატული (მსაზღვრელი) უმეტესად წინ უსწრებს საზღვრულს. შებრუნებული წყობის ნიმუშებია სახელ-გვარები (თუ გვარს მივიჩნევთ მსაზღვრელად), მეფეთა და ხელობის აღმნიშვნელი სახელები, რომელთა დიდი ნაწილი წარმოადგენს გაქვავებულ, ზედწოდებად ქცეულ შესიტყვებას: ვახტანგ გორგასალი, ხოსია მეწისქვილე და მისთ.; სამეცნიერო სტილსა და ტექნიკურ ლიტერატურაში დამკვიდრებული ე. წ. სიმბოლოიანი და აბრევიატურიანი შესიტყვებები: ABC სამკუთხედი, H2SO4 ნაერთი, შპს საწარმო და მისთ.

თუ მსაზღვრელ-საზღვრული ორწევრიანია და დანართი (მსაზღვრელი) მოსდევს საზღვრულს, იგი იბრუნვის, საზღვრული კი ფუძის სახითაა წარმოდგენილი (მაგ.: დავით აღმაშენებელი, დავით აღმაშენებელმა…). ასევე იბრუნვის ე. წ. შერწყმული დანართი (პოეტ-აკადემიკოსი, პოეტ-აკადემიკოსმა…) და სიმბოლოიანი სიტყვები (ABC სამკუთხედი, ABC სამკუთხედმა… ).

თუ დანართი უსწრებს საზღვრულს, ე. ი.მსაზღვრელ-საზღვრულის წყობა პირდაპირია, მაშინ დანართის ბრუნების წესს განსაზღვრავს მისი ფუძე: ხმოვანფუიძიანი დანართი (მსაზღვრელი) ფუძის სახით იქნება წარმოდგენილი, იბრუნვის მხოლოდ საზღვრული. მაგ., ზღვა ხალხი, ზღვა ხალხმა… თანხმოვანფუმიანი დანართი კი მისდევს ატრიბუტულ მსაზღვრელთა ე. წ. „შერეული ბრუნების“ წესს. ამ წესს უგამონაკლისოდ მიჰყვება ზომა-წონის სახელები, ხოლო სხვა სემანტიკის დანართ-მსაზღვრელთათვის ბრუნვის ნიშანმოკვეცილი სახეობა ძირითადია არა მარტო მიცემითსა და ვითარებითში, არამედ ნათესაობითსა და მოქმედებითშიც: პროფესორ მელიქიშვილის, პროფესორ მელიქიშვილით. ასევე იბრუნვის საზღვრულთან ერთად მასწავლებელი, ბატონი, ქალაქი, რომანი, ჟურნალი, გაზეთი და მისთ, თუ მათი საზღვრულები (სათაურები და სახელწოდებები) ბრუნვადია, მაგრამ, თუ სათაური და სახელწოდება უბრუნველია, მაშინ იგი წინადადებიდან განკერძოვდება და ვიღებთ განკერძოებულ დანართს.

განკერძოებული დანართი შეიძლება ახლდეს ნებისმიერი სახელით გამოხატულ წინადადების სახელურ წევრებს – ქვემდებარეს, დამატებას ან შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილს. ბრუნებადი განკერძოებული დანართი შეთანხმებულია ბრუნვაში განსასაზღვრ წევრთან. იგი შეიძლება იყოს უკავშირო ან კავშირიანი. ასახსნელ წევრთან დანართის დასაკავშირებლად გამოყენებულია მაიგივებელი კავშირები – ანუ და ესე იგი, მიმართებითი ზმნიზედა – როგორც და სიტყვები: სახელად, გვარად, მოდგმით, ჩამომავლობით, წოდებით, უმთავრესად, მაგალითად, სახელდობრ, ისიც და სხვ.

განკერძოებული დანართი უმეტესად მოსდევს საზღვრულს. დანართსა და ასახსნელ წევრს შორის ადგილის შეცვლა ფუნქციების შეცვლასაც იწეევს: დანართი ასახსნელ სიტყვად იქცევა და ასახსნელი სიტყვა – დანართად. მაგ. „კატა, საყვარელი მეგობარი ობლისა, ტოტსა სცემდა ობოლს და უალერსებდა“ (ვაჟა-ფშავ.). შდრ.: საყვარელი მეგობარი ობლისა, კატა, ტოტსა სცემდა ობოლს და უალერსებდა. იშვიათად განკერძოებული დანართი შეიძლება უსწრებდეს საზღვრულს. განკერძოებული დანართი პუნქტუაციურადაც (მძიმით ან ტირეთი) უნდა იყოს გამოყოფილი წინადადების ძირითადი ქსოვილისაგან. პუნქტუაციასთან (და დანართისა და საზღვრულის ერთად ბრუნებასთან) დაკავშირებით თავს იჩენს ზოგიერთი სადავო და ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა თვალსაზრისით მოსაგვარებელი საკითხი.

ნ. ცქიტიშვილი



ლიტერატურა

  • შამელაშვილი რ. განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები ქართულში და მათი სწავლების მეთოდიკა, თბ., 1958;
  • ბასილაია ნ. ქართული მართლწერის საკითხები, ნაკე. I. სოხუმი, 1960;
  • მისივე, პუნქტუაცია, თბ., 1973;
  • თოფურია ვ. შერწყმული დანართის მართლწერა.– კრ.: თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, კრებ. I, თბ, 1970;
  • მისივე, ქართული ენა და მართლწერის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1988;
  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები., I, თბ. 1973;
  • მისიე ე. დანართიანი სახელის ხშირად ხმარებისათვის. – იხ. მისი: სალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხები, თბ., 1979;
  • შალამბერიძე გ. გაბეჩავა რ. ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, თბ., 1974;
  • შალამბერიძე გ. პატივი-ეც ენასა შენსა. – „სკოლა და ცხოვრება“, 1981, №9;
  • კიზირია ა. მარტივი წინადადების შედგენილობა ქართველურ ენებში, თბ. 1982;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ. 1996;

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები