სუფიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუფიზმი – (არაბ. „სუფი“ – მატყლის უხეში ქსოვილი; ასკეტის ჩაცმულობის ატრიბუტი) – მისტიკური მიმდინარეობა ისლამში (როგორც შიიზმში, ისე სუნიზმში). აღმოცენდა მე-8 საუკუნეში თანამედროვე ერაყის და სირიის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ეპოქებში გავრცელდა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკიდან მოყოლებული, ჩინეთისა და ინდონეზიის განაპირა მხარეებამდე.

სუფიზმი მეტაფიზიკის (ირფანი) და განსაკუთრებული ასკეტური პრაქტიკის ერთგვარი შენაერთია, სწავლება, რომლის მიხედვით, ღმერთის მისტიკური შემეცნების შედეგად, პროზელიტი (მურიდი) ნელ-ნელა ერწყმის მას. სუფიები ესწრაფვიან ინტუიტურ წვდომას, „გასხივოსნებას“, ექსტაზს, რომელსაც აღწევენ ცეკვისა და სალოცავი ფორმულების ხშირი გამეორების შედეგად.

სუფიზმის სწავლებას მე-9 საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა ეგვიპტელმა ზუ-ნ-ნუნ ალ-მისრიმ და ბაღდადელმა აბუ აბდალაჰ ალ-მუჰასიბმა. მათ შექმნეს თეორია თვითდაკვირვებისა თანაბრობის მისაღწევად ადამიანის ქცევასა და მის სანუკვარ წადილებს შორის, რათა იგი იყოს აბსოლუტურად გულწრფელი ღვთის წინაშე. მალამათიიას სკოლამ (IX ს.) შექმნა სწავლება შინაგანი განწმენდის და გარეგნული მოჩვენებითი ცუდი ყოფაქცევის (მაგ. ლოთობა) შეერთების შესახებ, რომლის შემწეობით სუფია აურვებს ქედმაღლობას და თავმომწონეობას.

სუფიზმმა გავლენა იქონია ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარებაზე.

სუფიზმი და სპარსული ხელოვნება

ძველი ირანული რელიგიისა და კულტურის შემდგომი პერიოდის ბუნება-ხასიათი დიდად განაპირობა სუფიზმმა, ადრეისლამურ ეპოქაშივე აღმოცენებულმა და განვითარებულმა რელიგიურ-მისტიკურმა მიმდინარეობამ.

ზოროასტრიზმის მსგავსად, სუფიზმიც დღესაც ცოცხალი მსოფლმხედველობაა და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ირანული კულტურის – ფილოსოფიის, ლიტერატურის, პოეზიის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი ხელოვნების განვითარებას. სუფიზმმა შექმნა გამომსახველი ატრიბუტიკაც: სწორი, თავისუფალი თეთრი შესამოსელი, საკრავები, ჯოხები, კვერთხები, თასები, საკრალური სამკაულები და თილისმები. მათ შექმნეს საკრალური სიტყვები, გამოთქმები, ტერმინები, ცნებები, განსხვავებული მნიშვნელობის შემცველი ლექსიკური ერთეულები, სპეციალური ფრაზეოლოგია. თეთრი ფერი სუფიას ღმერთთან შერწყმის და სიწმინდის სიმბოლოა. სიტყვა „სუფი“ სემანტიკურად უკავშირდება „წმინდას“, „თეთრს“. სუფიები არსებობას განაგრძობენ ირანის სხვადასხვა რეგიონებში, მეჩეთებთან დერვიშების სახით.

გ. მამულაშვილი


იხილე აგრეთვე

დერვიშთა ბრუნვა“

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები