სოჭის საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პოლიტიკაში
სოჭის საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პოლიტიკაში - საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან დენიკინის თეთრი გვარდიის და ბოლშევიკური წითელი არმიის დაპირისპირების პირობებში, რაც საქართველოს ტერიტორიას საფრთხეს უქმნიდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო აფხაზეთიდან შავი ზღვის გუბერნიის, სოჭის ოლქში შეჭრის გადაწყვეტილება. შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ შეტევის გაგრძელების საბაბი გახდა 1918 წლის 24 ივნისს სოჭის ოლქის ადმინისტრაციისგან შემოსული თხოვნა, დახმარებოდნენ მათ ბოლშევიკების განდევნაში და დროებით ოლქი მიეერთებინათ საქართველოსთვის.
1918 წლის 24 ივნისს აფხაზთა სახალხო საბჭომ მიიღო დადგენილება „სოჭისა და ტუაფსეს რაიონების ოკრუგების დაკავების აუცილებლობის შესახებ“. 1918 წლის ივლისში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით, გაათავისუფლეს ბოლშევიკების მიერ დაკავებული სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის 20-21 სექტემბერს სოჭის ოლქის საქართველოსთან შეერთების სურვილი დაადასტურეს ქ. სოჭის მოქალაქეთა საზოგადო კრებამ და სოჭის მუშათა დეპუტატების საბჭომ.
ქართულ საზოგადოებაში არ იყო ერთსულოვნება შავი ზღვის გუბერნიის ხარჯზე ტერიტორიული გაფართოების საკითხში. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი საქართველოსთვის სოჭის ოლქის მიერთებას ზედმეტ პრობლემად მიიჩნევდნენ, თუმცა ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა, შინაგან საქმეთა მინისტრ რამიშვილის ჩათვლით, ემხრობოდა სოჭის და ტუაფსეს ოლქების დაკავების აუცილებლობას.
1918 წლის დეკემბერში ბრიტანეთის მისიამ სოჭის ოლქის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა, ქართული სამოქალაქო ადმინისტრაციის შენარჩუნებით, ვიდრე მის საბოლოო სტატუსს არ განიხილავდა პარიზის კონფერენცია. 1919 წლის 7 თებერვალს ბრიტანეთის სარდლობის თანხმობით დენიკინის არმიამ სოჭი დაიკავა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევგენი გეგეჭკორმა, საგანგებო ნოტით მიმართა ბრიტანეთის მისიას და სოჭის რაიონის ნეიტრალურ ზონად გამოცხადება, იქ ბრიტანული არმიის ჩაყენება მოითხოვა.
15 თებერვალს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა 24-27 წლის ახალგაზრდების მობილიზაცია. 1919 წლის 16 აპრილს ქართულმა არმიამ გენერალ იოსებ გედევანიშვილის (გედევანოვის) მეთაურობით და ვლადიმერ ჯუღელის მეთაურობით სახალხო გვარდიამ დაიკავა გაგრა. ქართულმა ჯარმა გაანადგურა მოხალისეთა არმიის სუსტი კონტინგენტი და გავიდა მდინარე მზიმთაზე. თუმცა დიდი ბრიტანეთის ზეწოლით საქართველოს მთავრობამ ჯარი მდინარე მეხადირზე დასწია და ამით დაკავებული ტერიტორიის ნახევარზე მეტზე უარი თქვა. ბრიტანეთის მისიამ შეასრულა შუამავლის როლი. 1919 წლის 11 ივნისს, ანტანტის საბჭოს გადაწყვეტილებით, დენიკინისა და საქართველოს მხარეების შეთანხმებით, მდინარე ბზიფის მარცხენა მხარეს შეიქმნა სადემარკაციო ხაზი, რომელიც მიჯნავდა ორ მხარეს - საქართველოს და დენიკინის მოხალისეთა არმიას. საბოლოოდ, დენიკინის არმიის განადგურების შემდეგ, საბჭოთა რუსეთმა სოჭი დაიკავა, ხოლო გაგრის რაიონი საქართველოს ტერიტორიად აღიარა.
ბონდო კუპატაძე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი