ნაბეღლავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სოფელი ნაბეღლავი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაბეღლავი – ცნობილი სოფელია საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნაბეღლავი, თავპანტა, ქვაბღა, ჩხაკოურა). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 475 მ., ჩოხატაურიდან 22 კმ.

სახელწოდება

ნაბეღლავი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია, განთქმულია თავისი უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობებით. მას საქვეყნოდ გაუთქვა სახელი შესანიშნავმა სამკურნალო მინერალურმა წყალმა „ნაბეღლავმა“. ნაბეღლავი ეწოდება იმ პატარა მდინარე-ღელესაც, სოფელს შუაზე რომ ჩამოუდის. როგორც ვხედავთ, სოფელს ეს სახელი მდინარისაგან მიუღია. მაგრამ რას ნიშნავს თვით სახელწოდება „ნაბეღლავი?“ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით სოფელს ნაბეღლავი იმიტომ შერქმევია, რომ აქ თამარ დედოფალს სამეფო ბეღლები ჰქონია აგებული. თამარის გარდაცვალების შემდეგ ამ მხარეს თათრები შემოსევიან, სამეფო ბეღლები ჯერ გაუძარცვავთ, დაუნგრევიათ, მერე კი იქაურობა ცეცხლისათვის მიუციათ. ამ აოხრების შემდეგ სოფლისათვის ხალხს ნაბეღლავი შეურქმევიაო.

სპეციალისტთა ერთი ნაწილიც თვლის, რომ ნაბეღლავი ბეღელ- სიტყვისაგან გვაქვს მიღებული ნა-ავ თავსართ-ბოლოსართის დართვით· ამგვარ ვარაუდს დაბრკოლებანი ახლავს. პირველ რიგში ისაა გასათვალისწინებელი, რომ თუ ტოპონიმისათვის მართლაც ამოსავალი იქნებოდა სიტყვა ბეღელი („სასიმინდე, მაშინ ტოპონიმი ნა-ევ- ან ნა-არ- აფიქსით უნდა გაფორმებულიყო და არა ნა-ავ აფიქსით (შდრ. ნა-სახლ-ევ-ი/ნა-სახლ-არ-ი, ნა-ჯარგვლ-ევ-ი, ნა-ქალაქ-ევ-ი||ნა-ქალაქ-არ-ი და სხვ. დაუშვებელია: ნა-სახლ-ავ-ი, ნა-საკირ-ავ-ი, ნა-გომურ-ავ-ი… მაშასადამე, მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ნა-ბეღლ-ავ- ფორმაც.

ყველა ეს ტოპონიმი უკლებლივ იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქ ამ შემთხვევაში, მართლაც ბეღელი ყოფილა ამოსავალი; ნაბეღლარი ან ნაბეღლები ნიშნავს: „ადგილი, სადაც უწინ სასიმინდე ნალია (ბეღელი) მდგარა“.

რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმ ნაბეღლავს, იგი აშკარად სხვაგვარი წარმოშობისაა. ვფიქრობთ, ამოსავალი უნდა იყოს დასავლურ დიალექტებში (გურული, აჭარული, რაჭული, ლეჩხუმური…) გავრცელებული სიტყვა ბეღელი, რომელიც, ძირითად მნიშვნელობასთან ერთად, გახდილი (გამოხდილი) ყავრის ერთად დადგმულ-დაწყობილ კუბურებსაც ეწოდება: „გახდილი ყავარი თუ ბეღლად არ დადგი, დაიბრიცება“ გურულ დიალექტში ბეღელი ნიშნავს ერთ საპალნედ დაწყობილი ყავრის შეკვრას, გროვას. ასე რომ ნაბეღლავი ნიშნავს: „ადგილი, სადაც ყავარს ბეღლავდნენ, საპალნე გროვებად აწყობდნენ; ყავრის ბეღლების დასაწყობი ადგილი“. ტოპონიმ ნაბეღლავში ასახულია აქაურ მკვიდრთა შინამრეწველობის ერთ-ერთი გავრცელებული დარგი-ყავრის გამოხდა (დაბეღლვა) და მისი საპალნე გროვებად გამზადება ანუ ბეღლებად დადგმა. გურია-აჭარის ტერიტორიაზე ცოტა როდია სწორედ ამ ბეღელ სიტყვის მიხედვით წარმოქმნილი მიკროტოპონიმები (ნაბეღლევები, „ნაბეღლავარი“ ნაბეღლარი, ნაბეღლავები…), რაც კიდევ უფრო გვარწმუნებს ნაბეღლავის ყავრის ბეღელისაგან მომდინარეობის მართებულობა-მიზანშეწონილობის შესახებ.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები