სკილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკილა.
>ბარელიეფი (ძვ.წ. V ს. II ნახევარი), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

სკილა(ბერძნ.)

1. ურჩხული. ფორკისისა და ჰეკატეს (ან ექიდნას) ასული.

ძველების წარმოდგენით, სკილას ექვსი თავი ჰქონდა და თითოეულ ხახაში წამახული კბილები სამ მწკრივად ეწყო. სხეულზე კი თორმეტი ფეხი ება. იგი იტალიისა და სიცილიის გამყოფი სრუტის ვეებერთელა მღვიმეში ბინადრობდა. მის მოპირდაპირედ მეორე საზარელი ურჩხული, ქარიბდისი ბუდობდა. მათ შორის გავლა მეზღვაურთათვის თითქმის შეუძლებელი იყო. დიდი ძალისხმევით გადალახეს ეს სრუტე ოდისევსმა და არგონავტებმა.

თავდაპირველად სკილა მშვენიერი ნიმფა ყოფილა. ეულად ყოფნის მოსურნე, ყველა მამაკაცს განირიდებდა. ერთხელ იგი ზღვის ღვთაება გლავკოსმა იხილა, მოეწონა და მასთან მიახლოება მოისურვა. შეშინდა სკილა, გაექცა მდევარს და მიიმალა. დაღონებულმა გლავკოსმა საშველად გრძნეულ კირკეს მიმართა. არ ეამა კირკეს გლავკოსის სტუმრობა, რადგანაც თავად შეჰყვარებოდა ზღვის ღვთაება. ჯადო-წამლები მოამზადა და იმ მღვიმესთან მივიდა, სადაც სკილა ისვენებდა ხოლმე. იქვე, მორევში, კირკემ ჯადო-სითხე ჩაასხა, შელოცვები წარმოთქვა და თვალს მიეფარა. მალე სკილაც მოვიდა, მისდა უნებლიედ მორევში აღმოჩნდა და ექვსთავიან ურჩხულად გარდაისახა. მას შემდეგ ბუდობს სკილა ვიწრო სრუტის მახლობლად მდებარე მღვიმეში და დაღუპვას უქადის ყოველ მეზღვაურს, ვინც მის მახლობლად აღმოჩნდება.

2. მეგარას მეფის, ნისოსის, ასული, რომელმაც დაღუპა მამა, ამოაძრო რა თმის ჯადოსნური ღერი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები