სიმფონია (ლექსიკონი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმფონიალექსიკონი, რომელშიც სრულად აღინუსხება ამა თუ იმ მწერლის, ან რომელიმე ცალკეული თხზულების ლექსიკა. ამგვარ ლექსიკონს სიმფონიურ ლექსიკონს უწოდებენ. გამოიყენება აგრეთვე ტერმინი ს-ლექსიკონი, რომელიც იმით განსხვავდება სიმფონიისგან. რომ ამ უკანასკნელში სახელწოდების სიტყვაფორმათა სტატისტიკასთან ერთად, სიტყვის განმარტებაც არის წარმოდგენილი (ა. შანიძე). სიმფონია გულისხმობს მოცემულ სალექსიკონო ერთეულთან შესაბამისი ფუძის სიტყვაფორმათა სრულ თავმოყრას. ამ თვალსაზრისით სიმფონია სიხშირულ მონაცემებსაც შეიცავს. სიმფონიის თითოეულ სიტყვაფორმას შეიძლება ახლდეს მოკლე ილუსტრაცია.

საქართველოში სიმფონიების შედგენის ტრადიცია არსებობს. ნიშანდობლივია, რომ პირველად, სიმფონიური აღწერა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს შეეხო. ასეთი ლექსიკონი კ. ჭიჭინაძემ დაურთო მის მიერ 1934 გამოცემულ პოემის ტექსტს. მასში სალექსიკონო ერთეულებად აღებულია ანბანთრიგზე გაწყობილი სიტყვაფორმები.

სიმფონიების აგებას სათანადო მეცნიერული საფუძველი შეუქმნა ა. შანიძის მიერ შედგენილმა ლექსიკონებმა. მან ამგვარი ლექსიკონი ჯერ „ხანმეტი ლექციონარის” გამოცემას (1944) დაურთო, შემდეგ კი „ვეფხისტყაოსნის” სიმფონიაც გამოსცა (1956). 1949 ი. იმნაიშვილმა შეადგინა ქართული ოთხთავის ს-ლექსიკონი, რომლის რედაქტორი იყო ა. შანიძე, ა. შანიძის პრინციპებით შედგენილ ლექსიკონებში, სალექსიკონო ერთეულად გამოტანილია მასდარის ფორმა, ხოლო თუ ზმნას ასეთი ფორმა არ მოეპოვება, ამოსავლად აღებულია მისი ფუძე ან ძირი. თუკი მასდარი და პირიანი ფორმა ერთმანეთს სცილდება (მოვიდა – მოსვლა). აღებულია პირიანი ფორმის ფუძე. ამავე დროს, გარკვეულ ზმნურ კატეგორიათა (ქცევა, ვნებითი გვარი) აფიქსური წარმოების საჩვენებლად შემოღებულია ე. წ. ინდექსი (0. ა, ი, იუ, ე, დ/ნ). დანარჩენი ფორმები შედის ბუდეში. არსებითად ამავე წესით არის აგებული გ. გოგატიშვილის მიერ შედგენილი „ნ. ბარათაშვილის თხზულებათა სიმფონია“ (1973).

სხვაგვარი პრინციპია გატარებული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მიერ მომზადებულ ლექსიკონში: „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონია. ფუძეთა და სიტყვაფორმათა ინდექსი“ (1973). ამ ლექსიკონში მთავარ ერთეულად გამოტანილია ე. წ. მარტივი ფუძე ზმნისა: კვეთ-. ზიდ-ავ-. კვეთ-ებ-.. სახელი აქაც სახ. ბრუნვის ფორმით არის წარმოდგენილი.

1996 თსუ გამომცემლობამ გამოსცა ა. ჭავჭავაძისა და ნ. ბარათაშვილის თხზულებანი ს-ლექსიკონითურთ (შეადგინეს ა. არაბულმა, თ. გვანცელაძემ და. ა. ლომთაძემ). მასში გარკვეულად განვითარებული და დაზუსტებულია „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონიის პრინციპები. სიმფონია თვით ტექსტებს ახლავს და, ამდენად, საილუსტრაციო კონტექსტები ლექსიკონში აღარ არის შეტანილი. ამ სიმფონიებს საფუძვლად უდევს მაქსიმალური ეკონომიურობის პრინციპი.

ა. არაბული


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები