სამკურნალო ბაბუაწვერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამკურნალო ბაბუაწვერა - Taraxacum officinale (L.) Weber ex F.H.Wigg

Taraxacum officinale (L.) Weber ex F.H.Wigg. – სამკურნალო ბურბუშელა, ბაბუაწვერა.

მეგრულად – პაპაში ღვინი.

მრავალწლოვანი 30 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა სუსტად დატოტვილი მთავარღერძა ფესვით, რომელიც ზედა ნაწილში გადადის მოკლე მრავალთავიან ფესურაში. ფოთლები შიშველია, ფრთისებრდანაკვთული ან მთლიანი, ლანცეტა ან მოგრძო-ლანცეტა, დაკბილული, 10-25 სმ სიგრძისა და 1,5-5 სმ სიგანის, შეკრებილია ფესვთანურ როზეტად. საყვავილე ისარი წვნიანი, ცილინდრული, ღრუ, ბოლოვდება მარტოული ყვავილედით – კალათით, რომელიც შედგება ორსქესიანი ენისებრი, კაშკაშა ყვითელი ყვავილებისაგან. ნაყოფი მონაცრისფრო-მურა თითისტარისებრი ქოჩრიანი თესლურაა, შედგება თეთრი ბეწვებისაგან. ყვ. III-VI; ნაყ. V-VIII. ორჯერ აღინიშნება მეორადი ყვავილობა შემოდგომით.

კოსმოპოლიტური, ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა, განსაკუთრებით ტყესტეპის ზონაში. იზრდება მდელოებზე, გზის პირებზე, მიტოვებულ ნაკვეთებზე, ხშირად, როგორც სარეველა, მინდვრებში, ბაღებში, ბოსტნებში, მთის ქვედა, შუა, ზედა, სუბალპურ, ალპურ და სუბნივალურ სარტყელში.

უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საკვებად და სანელებლად სხვადასხვა ხალხის მიერ. მცენარის რძის წვენი შეიცავს ტარაქსაცინსა და ტარაქსაცერინს, 2-3 მგ% კაუჩუკოვან ნივთიერებას, ყვავილედი და ფოთლები – ტარაქსანტინს, ფლავოსაქტინს, ვიტამინებს (A, C, B2, E, PP), ქოლინს, საპონინებს, ფისებს, რკინას, კალციუმს, ფოსფორს, 5 მგ%-მდე ცილებს; ფესვები – ტრიტერპენულ შენაერთებს: ტარაქსასტეროლს, ტარაქსეროლს, ფსევდო ტარაქსასტეროლს, სტერინებს: სიტოსტერინს, სტიგმასტერინს, ტარაქსოლს; ნახშირწყლებს – 40 მგ%-მდე ინულინს; ცხიმოვან ზეთებს (რომლის შემადგენლობაშია: პალმიტინის, მელისას, ლინოლინის, ოლეინის გლიცერიდები), კაუჩუკს, ცილებს, ლორწოსა და სხვ. კალათებსა და ფოთლებში აღმოჩენილია ტარაქსანტინი, ფლავოქსანტინი, ლუთეინი, ტრიტერპენული სპირტები, არნიდიოლი, ფარადიოლი.

სამკურნალო მიზნებისათვის გამოიყენება ფესვები, ფოთლები, ბალახი, წვენი. მცენარე ხასიათდება ნაღველმდენი, სიცხისდამწევი, საფაღარათო, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური და მსუბუქი დამაძინებელი მოქმედებით. ფესვებისა და ფოთლების წყლიანი ნაყენი აუმჯობესებს მადას, საკვების მონელებას და ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს მეძუძურ ქალებში რძის გამოყოფას, ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.

ქიმიურ-ფარმაკოლოგიური შესწავლისას, ექსპერიმენტულად დამტკიცებულია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ფუნგიციდური, ანტიჰელმინტური, ანტიკანცეროგენული და ანტიდიაბეტური მოქმედება. რეკომენდირებულია დიაბეტის, მატონიზირებელი საერთო სისუსტის, ანემიის სამკურნალოდ.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, გასტრიტის, კოლიტის, ცისტიტის, მადის გასაუმჯობესებლად, ყაბზობის, მეტეორიზმის, აგრეთვე მუცლის ჭიების საწინააღმდეგოდ. ბალახის ნაყენს ფესვებთან ერთად ხმარობენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, სიმსივნის, წყალმანკის, ბუასილის დროს. ბალახის ნაყენი გამოიყენება ავიტამინოზის, კანის სხვადასხვა დაავადებების (გამონაყრები, ფერისმჭამელები, ფურუნკულები) სამკურნალოდ.

ხალხურ კოსმეტიკაში პოპულარობით სარგებლობს; ნედლი ფოთლების ნიღაბი კვებავს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს სახის კანს, ხოლო ყვავილების ნაყენი აფერმკრთალებს ჭორფლს და პიგმენტურ ლაქებს.

ბაბუაწვერას წვენი ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას, სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე ნაღვლის ბუშტის დისფუნქციის შემთხვევაში.

სიფრთხილის ღონისძიებები – ფაღარათიანობისაკენ მიდრეკილება (ბიძინაშვილი, 2016; 2018).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები