საზედაო ასოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საზედაო ასოები

საზედაო ასოები – ინიციალები. ნუსხურ დამწერლობაში აბზაცის დასაწყისად გამოყენებული მთავრული (იგივე ასომთავრული, მრგვლოვანი) ასო-ნიშნები.

საზედაო ასოები შეიძლება იყოს მოხატული ან მოუხატავი, მხოლოდ გრაფიკული წესით შესრულებული. წიგნის ხელოვნების განვითარების ადრეულ ეტაპზე (V-VI სს-ით დათარიღებულ პალიმფსესტურ ხელნაწერებში, VII ს. ხანმეტ ლექციონარში, სინაზე დაცულ ადრეული ხანის ძეგლებში…), როდესაც ხელნაწერი ჯერ კიდევ მოუხატავი იყო, ტექსტის მელნით თუ სინგურით შესრულებული მთავრული საზედაო ასოები ამშვენებდნენ ტექსტის კომპოზიციურ განაწილებას ფურცელზე, გამოყოფდნენ შინაარსის მნიშვნელოვან ადგილებს აბზაცების სახით, ერთგვარ ორიენტირს ქმნიდნენ მკითხველისათვის. ქართული ხელნაწერი წიგნის შემკულობის განვითარებასთან ერთად (კერძოდ, X ს-იდან), საზედაო ასოებმა მორთულობის საერთო ანსამბლში (ორნამენტული შემკულობისა და მინიატურული მხატვრობის გვერდით) მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში (X ს.) მოხატული საზედაო ასოები შესრულების მანერით, ორნამენტული მოტივებით, კოლორიტული თავისებურებებით სამხრეთ საქართველოში არსებული მხატვრული სკოლის შემოქმედებით ტრადიციებზე მიგვანიშნებს. ხშირად გადამწერის მიერ შესრულებული ინიციალები ლამაზად გადაწერილ ტექსტთან ერთად ეპოქის სტილს განსაზღვრავს. ინიციალები, გრაფიკული წერის მანერის შესაბამისად, გეომეტრიული, მცენარეული დეტალებით, ეტრატის ფერის ჩათვლით, ღია ფერადოვანი შეხამებით გამოირჩევა. მოგვიანო, ბიზანტიური მიმართულების ხელნაწერებში, რომლებიც შესრულებულია მრავალშრიანი, ემალის მსგავსი საფერწერო ტექნიკით, საზედაო ასოების მხატვრობა გამდიდრებულია ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებით.

გადამწერის მიერ ინიციალების მოხატვის შემთხვევებს ვხვდებით უმთავრესად ე. წ. „ხალხური“ (ბიზანტიური სკოლისგან განსხვავებული) მიმართულების ხელნაწერებში (მაგ, ურბნისის, იენაშის ოთხთავებში და სხვ, რაც კარგად ჩანს ტექსტთან ინიციალთა მჭიდრო კომპოზიციურ კავშირსა და ხელნაწერის მორთულობის შესრულების საერთო მხატვრულ სტილში.

ვ. მაჭავარიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები