მიქაელ მოდრეკილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიქელ მოდრეკილი (X ს.) — ჰიმნოგრაფი, მუსიკოსი. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, შატბერდის მოღვაწე იყო, სხვათა აზრით, ოშკის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელი. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ 978-988 წწ. შედგენილმა ჰიმნოგრაფიულმა კრებულმა, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული პოეზიის განვითარებისა და აღმავლობის საქმეში. კრებული თავდაპირველად შეიცავდა 632 ფურცელს, ჩვენამდე მხოლოდ 272 ფურცელმა მოაღწია. კრებულში გაერთიანებული იყო მიქელ მოდრეკილის დროისთვის ქართულად არსებული ყველა საგალობელი — ნათარგმნი თუ ორიგინალური. კრებულმა შემოგვინახა მრავალი ბრწყინვალე ქართველი ჰიმნოგრაფის სახელი და, რაც მთავარია, მათი ორიგინალური შემოქმედების ნიმუშები. ეს კრებული იმითაც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ მასში საგალობლები ნევმირებულია, ესე იგი გაწყობილია მუსიკალური ნიშნებით. ჰიმნოგრაფიის განვითარების ზოგიერთი საკვანძო საკითხის კვლევის საქმეში ფასდაუდებელია კრებულს დართული ანდერძ-მინაწერები, რომელთაგან მეტი ნაწილი ეკუთვნის თვით მიქელს, ვითარცა კრებულის უმეტესი ნაწილის გადამწერს.

ამ კრებულში შესულია თვით მიქელ მოდრეკილის ორიგინალური საგალობლები, მაგრამ მათი გამოყოფა დღეს ჭირს, რადგან საგალობლებს უმეტესად არ ახლავს ავტორის მითითება. პ. ინგოროყვა მიქელ მოდრეკილს მიაკუთვნებს აღდგომის საგალობელთა ციკლს — მესამე ფენის უდიდეს ნაწილს. შემდგომი კვლევა-ძიება სარწმუნოს ხდის ამ მოსაზრებას. პ. ინგოროყვას ვარაუდით, საქმე გვაქვს ჰიმნოგრაფიის ისტორიისთვის უჩვეულო ფაქტთან: ქართველი ჰიმნოგრაფი ბერძნული ოქტოიხოსის გვერდით ქმნის ქართულ პარაკლიტონს.

იმ საგალობლებში, რომელთა ავტორად მიქელ მოდრეკილია მიჩნეული, განდიდებულია ქრისტიანული დღესასწაულები: აღდგომა და ნათლისღება. ავტორი მათს აზრსა და მნიშვნელობას საღვთო წიგნებზე დაყრდნობით განმარტავს. ღვთაებას, მაცხოვარს, ღვთისმშობელს ქრისტიანულ თეოლოგიაში დაკანონებული განსაზღვრებებით მიმართავს. მისთვის ქრისტე მხოლოდშობილია, დამბადებელი დაბადებულთა, ღმერთი გარეშეუწერელი, მიუწვდომელი, უხილავი, გამოუთქმელი, ნათელი ნათლისგან შობილი. ესა და საყოველთაოდ მიღებული სხვა ეპითეტები ორგანულად ერწყმის საგალობელთა პოეტურ ქსოვილს და პათეტურ ჟღერადობას ანიჭებს ჰიმნებს, ლირიზმით მსჭვალავს მათ. მიქელ მოდრეკილის ერთ-ერთი იამბიკო ღაღადებს:

აცვარე, ქრისტე, ცვარი ცხოველმყოფელი
უნაყოფოსა სულსა ჩემსა, სახიერ,
და დაშრიტე აწ შემწველობაჲ ცოდვისაჲ
ნაკადულითა სისხლისა და წყლისაჲთა,
რომელი გვერდით შენით გარდამოეცა!
არა დავჰფარავ ქველის მოქმედებასა
მადლთა შენთასა, ქრისტე, ღმრთისა სიტყვაო,
რამეთუ ჩემთვის დაჰგლახაკენ მდიდარნი,
და სიგლახაკე ჩემი ადიდე, მხსნელო,
და უკვდავ მყავ მე სიკვდილითა, უკვდავო!

ორიგინალური ჩანს იმავე იამბიკოში ღვთისმშობლის თემის მეტად ინტიმური კუთხით შემოტანა. მიქელი მიმართავს ქრისტეს: მიჰხედენ, მხსნელო, ჯვარცმულმან ხორციელად

მშობელსა შენსა, უბიწოსა ქალწულსა,
შეურვებულსა ეტყოდე შენ, სულგრძელო:
„ნუ მწუხარე ხარ, ღირსო ვნებასა ჩემსა,
რამეთუ აღვდგე მკვდრეთით, ვითარცა ღმერთი ვარ“.

მიქელ მოდრეკილის ნაწარმოებთაგან უნდა გამოიყოს ის საგალობლები, რომლებიც ნათელღების დღესასწაულთან ერთად ხოტბას ასხამენ აბო თბილელს. ჰიმნოგრაფი აბოს უძღვნის ორ საგალობელს, რომლებშიც არაბი ჭაბუკი დასახულია ქართლის მეოხად და მხსნელად. ავტორი შეჰხარის მოწამეს და რელიგიური აღტყინებით მიმართავს მას: „გამოშჩნდი ვარსკვლავად მნათობად, განმანათლებლად ქართლისა, ნეტარო… ნაშობთა შორის ბნელისათა ვარსკვლავად მნათობად გამოჰბრწყინდი, მხნეო მოწამეო აბო, და საღმრთოჲთა ნათლითა განანათლენ ქართლისა მყოფნი!“

მიქელ მოდრეკილის საგალობლები დაწერილია როგორც იამბიკოს, ისე მარცვლედოვანი საზომით. ზოგი მისი საგალობელი აკროსტიქულია. აკროსტიქულ საგალობლებში მონაწილეობენ მოკლე ფორმის გალობებიც — „უფალო“, „ღაღადყავისა“ და „აქებდითსა“, რომელნიც თავსა და ბოლოში აქვს საგალობელს. ეს თავისებურება მხოლოდ მიქელისათვის არის დამახასიათებელი. მიქელ მოდრეკილი მუსიკოსიც ყოფილა, — მას აქვს საკუთარ ძლისპირებზე აგებული საგალობლები. მისი კომპეტენტურობა მუსიკაში კარგად ჩანს იმ გარემოებიდანაც, რომ მან შეკრიბა მეხური (ნევმირებული) საგალობლები და, რაც მთავარია, მის მიერ შედგენილსა და გადაწერილ იადგარში ნევმებით გამართა როგორც ბერძნული, ისე ორიგინალური საგალობლები.


ტექსტები

  • პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, 1913;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946;
  • ჩვენი საუნჯე, I, 1960.

ლიტერატურა

პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, 1965, . 345-346; ლ. ჯღამაია, მიქელ მოდრეკილის საგალობლები, მაცნე, 1972, N2.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები