რიშელიე არმან ჟან დიუ პლესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარდინალი რიშელიე

არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე – (ფრანგ. Armand-Jean du Plessis, 1585-1642), ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, კარდინალი (1622), „საფრანგეთის ნავიგაციისა და კომერციის დიდოსტატი და გენერალური სიურინტენდანტი“ (1626), ჰერცოგი და პერი (1631). 1624 სათავეში ჩაუდგა სამეფო საბჭოს და ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა. რიშელიემ 1628 ჰუგენოტებს წაართვა ქ. ლა-როშელი, მათი ძირითადი დასაყრდენი, ხოლო 1629 აიღო ციხესიმაგრეები სამხრეთ საფრანგეთში. 1629 წლის 28 ივნისს ალეს ზავით და ე.წ. „შეწყალების ედიქტით“ ჰუგენოტებს ჩამოერთვათ ნანტის ედიქტის (1598) ბოძებული პოლიტიკური პრივილეგიები. ჰუგენოტების რესპუბლიკა მოისპო. რიშელიემ შეზღუდა პროვინციული შტატებისა და პარლამენტების უფლებები, დათრგუნა წარჩინებულთა შეთქმულებები. 1632 ჩააქრო ფეოდალური გამოსვლა ლანგედოკში და დასაჯა გუბერნატორი ჰერცოგი მონმორანსი. მისი ბრძანებით დაანგრიეს ფეოდალთა ციხესიმაგრეები, გააძლიერეს გუბერნატორის კონტროლი, რიშელიეს საგარეო ურთიერთობაში ძირითად მიზანს წარმოადგენდა ომი ჰაბსბურგებთან, რომლებთანაც დასაწყისში აწარმოებდა ფარულ ომს. უჭერდა რა მხარს ჰაბსბურგთა მტრებს – გერმანელ პროტესტანტ თავადებს, ჰოლანდიას, დანიას, შვედეთს. 1635 რიშელიემ საფრანგეთი ჩააბა ოცდაათწლიან ომში (1618-48), ამ ომში საფრანგეთის გამარჯვება განაპირობა მის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ, მან მოახერხა, შეექმნა ძლიერი სამხედრო ფლოტი, რეორგანიზაცია მოეხდინა საფრანგეთის არმიისათვის. ასე რომ, ოცდაათწლიან ომში მიღწეულმა გამარჯვებებმა საფრანგეთს დაუმკვიდრა პირველობა ევროპაში. რიშელიეს გარდაცვალებისას საფრანგეთს უკვე ეკავა ის მიწები, რომლებიც მოგვიანებით მან ვესტფალიის ზავით 1648 დაიმკვიდრა. ეკონომიკაში რიშელიე აწარმოებდა მერკანტილიზმის პოლიტიკას. ამ დროს საგრძნობლად გაიზარდა საფრანგეთის კოლონიური მიწები კანადაში. გააქტიურდა საფრანგეთის სავაჭრო კომპანიები სან-დომინგოში, მადაგასკარში, სენეგალში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები