რანგი (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რანგი – (ინგლ. rang – რიგი),

1. სინტაქსში განსხვავებული ენობრივი დონის ერთეულთა შორის იერარქიული ურთიერთმიმართება. ამ მნიშვნელობით ტერმინი „რანგი“ შემოტანილია ამერიკელი ლინგვისტის მ. ა. კ. ჰოლიდეის მიერ. ითვლება, რომ, თუ წინადადებებს ჩავთვლით უმაღლესი რანგის, ხოლო მორფემებს – უმდაბლესი რანგის ერთეულებად, მაშინ, შუალედურ სინტაგმატურ ერთეულებთან ერთად, მივიღებთ რანგთა სკალას:

წინადადება
ფრაზა
სიტყვათა ჯგუფი
სიტყვა
მორფემა
სადაც მიმდევრობაში უფრო მაღალი რანგის ერთეული შედგება უფრო დაბალი რანგის ერთეულებისაგან ან, პირიქით, უფრო დაბალი რანგის ერთეული შედის უფრო მაღალი რანგის ერთეულში.

2. მორფემული რანგი აღნიშნავს აფიქსის უმაღლეს პოზიციას (ადგილს) ძირის მიმართ სიტყვა-ფორმის შემადგენლობაში. სიტყვა-ფორმაში აფიქსთა თანმიმდევრობა არ არის თავისუფალი, იგი გარკვეულ რიგს ემორჩილება. იმ პოზიციის მიხედვით, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში აფიქსს უკავია აფიქსთა ჯაჭვში, გვაქეს განსხვავებული პოზიციის პრეფიქსები და სუფიქსები. I პოზიციის აფიქსებში ერთიანდება ყველა აფიქსი, რომელიც შეიძლება მოსდევდეს, ან წინ უსწრებდეს ძირს; II პოზიციის აფიქსებში გაერთიანდება ყველა აფიქსი, რომელიც შეიძლება მოსდევდეს, ან წინ უსწრებდეს I პოზიციის აფიქსებს და ა. შ. პოზიციის ზრდასთან ერთად მცირდება მასში შემავალი ელემენტების რაოდენობა. აფიქსების ერთი ნაწილი გვხვდება მხოლოდ I პოზიციაში, ნაწილი – I და II პოზიციაში და ა. შ. მაგ. ქართულში პირის აღმნიშვნელი სუფიქსი –ს გვხვდება I (წერ-ს), II (აკეთ-ებ-ს), III (აწერ-ინ-ებ-ს), IV (აკეთ-ებ-დ-ეს) და V (აწერ-ინ-ებ-დ-ე-ს) პოზიციებში, მაგრამ მისი რანგი უტოლდება ხუთს, რადგან უმაღლესი პოზიცია უდრის ხუთს. ე. ი. რანი არის აფიქსის ის ადგილი აფიქსთა ჯაჭვში, რომლის დროსაც იგი მაქსიმალურადაა დაშორებული ძირს. ეს არის ადგილი, რომლის იქით მოცემული აფიქსი აღარ შეიძლება შეგვხვდეს. შესაბამისად, ქართულში გვაქვს I, II, III რანგის პრეფიქსები და I, II III, IV, V რანგის სუფიქსები.

I რანგის აფიქსებში ერთიანდება ყველა ის აფიქსი, რომელთა უმაღლესი პოზიცია არის I; II რანგის აფიქსებში ერთიანდება ყველა ის აფიქსი, რომელთა უმაღლესი პოზიცია არის 2 და ა. შ.

რანგობრივი კლასიფიკაციები ძირთან მიმართებით პირობითად შესაძლებელია გამოიხატოს შემდეგნაირადაც: სუფიქსური მორფემები – 01, 02, 03, 04, 05, პრეფიქსული – 10, 20, 30 (მ. დამენია)

ქართული ზმნის პირიან ფორმებში რანგების მიხედვით პრეფიქსები შემდეგნაირად დალაგდება: I რანგის პრეფიქსები – ა) ქცევის ნიშნები, ბ) გვარის ნიშნები; II რანგის პრეფიქსები – პირის ნიშნები; III რანგის პრეფიქსები – ზმნისწინები.

სხვადასხვა რანგის პრეფიქსები კონიუნქციით („და“) უკავშირდებიან ერთმანეთს: სიტყვაფორმაში ერთდროულად შეიძლება გვქონდეს I, II, III) და ა. შ. რანგის აფიქსები. ერთი და იმავე რანგის აფიქსებს აკავშირებს დიზიუნქცია („ან“). სიტყვაფორმაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი რანგის აფიქსი ე. ი. სხვადასხვა რანგის აფიქსები სინტაგმატიკურ მიმართებაში არიან ერთმანეთთან (და-ვ-ა-წერ-ინ-ებ), ერთი და იმავე რანგის აფიქსები კი ქმნიან პარადიგმას: ი-წერ- ა-წერ- უ-წერ-; Ø-წერ-…

რანგს სხვანაირად შეიძლება ვუწოდოთ აფიქსის ნომინალური პოზიცია. თითოეული აფიქსი ხასიათდება როგორც რეალური, ისე ნომინალური პოზიციით. მოცემულ პოზიციაში, შესაძლებელია, შეგვხვდეს აფიქსი, რომლის რანგი ტოლია ან მეტია პოზიციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგვხვდება აფიქსი, რომლის რანგი ნაკლებია პოზიციაზე, ე. ი. I პოზიციაში თეორიულად მოსალოდნელია ყველა რანგის აფიქსი, II-ში ყველა, გარდა I-ისა, III-ში – ყველა, გარდა I და II-ისა და ა. შ. მაგ., III პოზიციაში II რანგის დ-ს (ნამყო უსრული) გვერდით აღმოჩნდება მხოლოდ I კავშირებითის ე-, რადგან მისი რანგი (5) მეტია პოზიციაზე (3) და არავითარ შემთხვევაში ენებითი გვარის სუფიქსი, რადგან მისი რანგი (1) ნაკლებია მოცემულ პოზიციაზე.

დაბოლოს, ორი აფიქსი სხვადასხვა კლასის წარმომადგენელია, თუ მოიძებნება სხვა ისეთი აფიქსი, რომელიც თავსებადია ერთთან, მაგრამ არ არის თავსებადი მეორესთან. მაგ, I რანგის ა- პრეფიქსი შედის ერთ კლასში, ხოლო I რანგის ე- პრეფიქსი – მეორე კლასში, რადგან პირველი აწმყოში თავსებადია III სუბიექტური პირის მხოლობითი რიცხვის სუფიქსთან მაშინ, როდესაც მეორე ამ სუფიქსთან არ არის თავსებადი. შდრ: ა-ქცევ-ს და ე-ქცევ-ა.

ლ. თამარაშვილი


ლიტერატურა

  • დამენია მ. მარგველანი ლ. თამარაშვილი ლ. ქართული ზმნის დაბოლოებათა ლექსიკონი მანქანური თარგმნისათვის. – „ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის შრომები“ ტ. 2, თბ. 1961;
  • დამენია მ. ქართული ზმნური მორფემების სტრუქტურული მოდელები, თბ., 1982.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები