პოლიმერული აფსკური მასალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიმერული აფსკური მასალები – აფსკი (ფირი) ეწოდება რაიმე ზედაპირზე სხვა ნივთიერებისაგან წარმოქმნილ თხელ ფენას ან ბუნებრივი ან ხელოვნური მასალისაგან დამზადებულ რულონური (ფურცლოვანი) სახის მასალას, რომელიც სხეულის ზედაპირის დასაფარავად გამოიყენება. ფორმალურად აფსკებს მიეკუთვნება ფურცლოვანი და რულონური მასალები სისქით 0,25 მმ-მდე და სიგანით მეტი 100 მმ-ზე. ნაკლები სიგანის აფსკს ლენტი ეწოდება [ლენტი – 1. სხვადასხვა მოქნილი მასალისგან (ქსოვილი, რეზინი, რეზინ-ქსოვილი და სხვ.) დამზადებული გრძელი ვიწრო ზოლი]. აფსკის სპეციფიკურ მაჩვენებლად ითვლება თანაფარდობა მასასა და ზედაპირს შორის.

თხელი ფურცლოვანი მოქნილი აფსკური მასალები ბუნებრივი (ცხოველის ბუშტები, ნაწლავის აფსკი) ან სინთეზური (პოლისტირენი, პოლიამიდი) წარმომავლობისაა. შეიძლება იყოს ორგანული და არაორგანული წარმოშობის. ორგანული აფსკური მასალები განსხვავდება იმავე პოლიმერის საფუძველზე დამზადებული ქსოვილებისგან უფრო მაღალი წყალმედეგობით, ჰაერგაუმტარებლობით, შუქგამტარობით, ელექტროსაიზოლაციო თვისებებით, არ აქვს ფორები, იაფია.

სინთეზური აფსკები მიიღება თერმოპლასტიკური პოლიმერებისაგან:

  1. ლითონის გლუვ ზედაპირზე პოლიმერის ხსნარის დასხმით, შემდეგში ზედაპირიდან გამხსნელის აორთქლებით (ეთერცელულოზას აფსკი);
  2. ლითონის გლუვ ზედაპირზე პოლიმერის ხსნარის დასხმითა და გადნობით (პოლიამიდური აფსკები);
  3. მილში დაწნეხის გზით, რომელიც სწრაფად გამოედინება ფილერში (ნახვრეტში) და დაიტანება ლითონის ან მერქნის ზედაპირზე დაჭირხნილი ჰაერის დახმარებით (პოლიეთილენური, პოლისტირენული აფსკები);
  4. პლასტიფიცირებული პოლიმერის კალანდვრით (აფსკური ვინიპლასტი) [კალანდრი (ფრანგ. Calandre < calandrer – დაჯანდვრა, გატარება, გაპრიალება, გაკრიალება) – წნეხი, რომელიც ლილვებს შორის ატარებს ქსოვილს, ქაღალდს, რეზინს და სხვ. სიგლუვის მისაცემად, გასაპრიალებლად ან მოსახატად];
  5. ნამზადისაგან თხელი აფსკის მექანიკური ჩამოთლით (შპონი) შემდგომი კალანდვრით (პოლიტეტრაფთორეთილენური აფსკი);
  6. პოლიმერის ხსნარების კოაგულაციით (ცელოფანი) და სხვ.

მოლეკულების სტრუქტურისა და უნარის – გამოშრობისას შევიდნენ ქიმიურ რეაქციაში, აფსკური მასალები იყოფა ორ ჯგუფად: გარდაქმნადი და არაგარდაქმნადი. გარდაქმნად აფსკურ მასალებს მიეკუთვნება სინთეზური რეაქციული ოლიგომერები (ალკიდური, ეპოქსიდური, ფენოლ-ალდეჰიდური, პოლიეთერული ფისები) და მცენარეული ზეთები, რომლებსაც თვისება აქვთ გაცხელების, დაჟანგვის, კატალიზატორების ზემოქმედებით ან სხვ. ფაქტორებით, გამყარდეს მტკიცე და არადნობადი აფსკების სახით. არაგარდაქმნადი აფსკური მასალები (ცელულოზას ეთერები, ზოგი პოლიაკრილატი, პერქლორვინილური ფისები, ბიტუმი) ქმნის აფსკებს გამხსნელის აორთქლების ან მდნობელის გაცივების შედეგად. არაგარდაქმნადი აფსკური მასალების უპირატესობა გარდაქმნადებთან შედარებით არის ფორმირების დიდი სისწრაფე და გამოშრობის დაბალი ტემპერატურა, ხოლო ნაკლი – დაბალი ქიმიური მედეგობა.

აფსკი, როგორც წესი, მიიღება ორი გზით: ხსნარის თხელი ფენიდან გამხსნელის აორთქლებით ან ნარევის მექანიკური დაწნეხვითა და შემდეგი გაცივებით. აფსკის მისაღებად გამოიყენება ხაზოვანი აგებულების პოლიმერები. მათი მაკრომოლეკულები წარმოადგენს ერთნაირი მონომერის რგოლების ერთობლიობას, რომლებიც ქიმიურად გრძელ ჯაჭვადაა შეკავშირებული. ერთი ტიპის რგოლების რაოდენობა (პოლიმერიზაციის ხარისხი), შემავალი პოლიმერის ჯაჭვში, განსაზღვრავს პოლიმერის მოლეკულურ მასას.

აფსკის მოქნილი მდგომარეობა მიიღწევა პოლიმერული აფსკის მოლეკულური მასის კრიტიკული მნიშვნელობით.

აფსკურ პოლიმერულ მასალებს მიეკუთვნება: პოლიესტერი, პოლიეთილენი, პოლიეთილენი დაბალი წნევის, პოლიეთილენი საშუალო წნევის, პოლიეთილენი მაღალი წნევის, პოლიიზობუტილენი, პოლიკაპროლაქტონი, პოლიპროპილენი, პოლიაკრილატი, პოლიეთილენტერაფთალატი, პოლიიმიდები, პოლიაკრილნიტრილი, პოლიამიდი, პოლიეთერმიდი, პოლივინილაცეტატი, პოლიფორმალდეჰიდი და სხვ.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები