ორესტე (ევრიპიდეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ორესტე“ – ძველი ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს ტრაგედია.

პიესაში მოთხრობილია კლიტემნესტრასა და ეგისთე მოკვლის შემდგომ მომხდარი ამბების შესახებ. მიკენში მყოფ დედისმკვლელ ორესტეს შურისძიების ქალღმერთები, ერინიები შემოესევიან. შეშლილობის პირამდე მისულ ორესტეს და, მისგან განსხვავებით, მუდამ ცივსისხლიან ელექტრას, მათი სიკვდილით დასჯის მსურველ არგოსელთა სასამართლო ემუქრებათ. მათი ხვედრის გასაზიარებლად ჩამოდის დამნაშავეთა სამეულის მესამე წევრი, ორესტეს მეგობარი პილადესი. აგამემნონის ძმა, მენელაოსი ძმისწულს დახმარებას დაპირდება, მაგრამ ორესტე ბიძამისის გულწრფელობას არ ირწმუნებს, – მენელაოსის სიფრთხილეს, დროის გაყვანის მცდელობად მიიჩნევს. შურისძიების მიზნით, ორესტესი მშვენიერ ელენეს, - მენელაოსის ცოლსა და დედამისის, კლიტემნესტრას დას კლავს. შემდგომ ელექტრა სასახლეში შეიტყუებს მენელაოსისა და ელენეს ქალიშვილს, თვინიერებითა და სათნოებით გამორჩეულ ჰერმიონეს, რომელსაც ორესტესი მძევლად აიყვანს. ცოლ-შვილის დასახმარებლად მოისწრაფის მენელაოსი, მაგრამ ცოლი მოკლული, ხოლო ქალიშვილი ორესტეს მიერ ყელზე ხანჯალმიბჯენილი დახვდება. ორესტესი ბიძამისს ქალიშვილის მოკვლით ემუქრება, იმ შემთხვევაში, თუკი არგოსელებს დედისმკვლელთა დასჯას არ გადააფიქრებინებს. მენელაოსი შეგროვილ არგოსელებთან ერთად შეტევაზე გადასვლას ამჯობინებს, ორესტესი კი მამა-პაპისეული სასახლის გადაწვას გადაწყვეტს. მდგომარეობის უკიდურესი დაბაძვის დროს ოლიმპოდან deus ex machina-თი) ჩამოეშვება აპოლონი, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუხმობს ყველას, – ორესტეს ცოლად ჰერმიონეს, პილადეს კი ელექტრას სთავაზობს. მებრძოლი მხარეები აპოლონის ნებას აღასრულებენ და სასწრაფოდ შერიგდებიან. ახლახანს მოკლული ელენეს ცხედართან მენელაოსისა და ორესტეს ელვისებურად სწრაფი და სახელდახელო შერიგება მათი კონფლიქტის ნამდვილ მოტივსაც ავლენს – ორივეს არგოსში ძალაუფლების მოპოვება სურს, ხოლო ორესტესა და ჰერმიონეს ქორწინება კი მეტოქეებს მოკავშირეებად აქცევს. კონფლიქტის უსწრაფესი გადაწვეტა არა იმდენად აპოლონის ნებაზეა დამოკიდებული, რამდენადაც პრაგმატულ ინტერესებზე. მენელაოსი სასწრაფოდ მოუბოდიშებს ახალმოკლული მეუღლის ცხედარს და ჰერმიონეს, მისი დედის მკვლელისა და მისი მოკვლისთვის უყოყმანოდ მზადმყოფ ორესტეზე ქორწინებას თანხმდება. შეიძლება ითქვას, რომ პიესის ბედნიერი დასასრული გმირებისა და ღმერთების ცინიზმსა და ნიჰილიზმზე უფრო მეტყველებს, ვიდრე ქაოსის ნაცვლად დამყარებულ წესრიგზე.

ამბის ბედნიერი დასასრული ვერაფრით აქარწყლებს იმ შემზარავ შთაბეჭდილებას, რომელსაც პიესის წამყვანი გმირები ახდენენ. დედის მოკვლის შემდეგ, ორესტეს გონების დაბნელება მალევე გაუვლის. ასევე მალე გაირკვევა, რომ საზარელი მკვლელობა დანაშაულთან ზიარების პირველი ნაბიჯი ყოფილა მხოლოდ, ხოლო მელანქოლია კი სინდისის ქენჯნასთან საბოლოოდ დამშვიდობების ხანმოკლე გზა აღმოჩნდა მისთვის. საკმარისი იყო მენელაოსთან შეხვედრა და ბიძის სიფრთხილის ღალატად აღქმა, რომ ორესტესში კვლავ სისხლისღვრის დაუოკებელი სურვილი იღვიძებს.

თითქოს ერთმანეთის მოყვარული და-ძმისა და ერთგული მეგობრის, პილადეს კავშირი სინამდვილეში შურისძიების, თვითგადარჩენისა და საკუთარი ინტერესების გამო ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მზაობაზე დაფუძნებულ თანამზრახველთა ერთობას წარმოადგენს. ორესტე ხოტბას ასხამს პილადეს მეგობრობას, რომლის არსი მეგობრის მიერ განზრახული თუ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის გამართლების და მასში მონაწილეობის მიღების მზაობაში ვლინდება. წარუმატებლობის შემთხვევაში, მეგობრის ხვედრის გაზიარების გადაწყვეტილება შურისძიებისა და ძალადობის სურვილში თანამოაზრე ფანატიკოსთა თავზეხელაღებულობაზე მეტყველებს და არა სულიერ სიახლოვეზე დაფუძნებულ ერთგულებასა და თანადგომაზე. ნამდვილ ურჩხულად, - შემზარავ დანაშაულთა ჩადენის შთამაგონებლად იქცევა ელექტრა, რომელსაც, დედის შემდეგ, მისი დის, მშვენიერი ელენეს მკვლელობა ავადმყოფურ სიამოვნებას ანიჭებს. ელენეს მკვლელობის მიზეზად, მისი როგორც ტროას ომის გამომწვევისა და ძმისშვილების ინტერესების მოღალატე მენელაოსის დასჯა სახელდება. მაგრამ ელენეს მკვლელობისას განცდილი სიხარული და გამარჯვების ყიჟინა, - დეიდამისის გვემის, განგმირვისა და დაჩეხვის მომთხოვნი შეძახილებით, ელექტრაში სისხლს მოწყურებული ნადირის ინსტინქტებს ავლენს. დედის მკვლელობის ყველაზე შეუდრეკელი მსურველი, ელენეს მკვლელობის ავადმყოფური ექსტაზით შემხვედრი და ჰერმიონეს მძევლად აყვანის გეგმის მომფიქრებელი ელექტრა, დედასთან მოქიშპე, ზოგადად ქალების მეტოქედ აღმქმელი როკაპი ქალის არქეტიპულ სახეს მოგვაგონებს.

ქაოსიდან მხსნელი ღვთაების ნაცვლად, აპოლონი ამ სისხლიანი ბაკქანალიის წამქეზებლად იქცევა. ზეციდან მოვლენილი აპოლონი, დედის მკვლელობის მისივე ბრძანებით ჩამდენ ორესტესა და მის თანამზრახველებს არა მხოლოდ ამართლებს, არამედ ასაჩუქრებს. მენელაოსმა კი სიძედ ცოლისმკვლელი და მხოლოდ ღმერთის ჩარევის შედეგად გადარჩენილი პერმიონეს მკვლელობის მსურველი უნდა აღიაროს.

სავარაუდოდ, პიესაში სამი პროტაგონისტის შემზარავი გრძნობებისა თუ საქციელთა ავტორისეული შეფასების გამხმოვანებლად კლიტემნესტრესა და ელენეს მამა, მკვლელების ბაბუა ტინდარევსი შეიძლება მივიჩნიოთ. ტინდარევსი ერთადერთია, რომელიც უზენაესი სამართლიანობის საფუძვლებს იცავს; ძალადობასა და შურისძიებას უარყოფს, - ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მკაცრად განიკითხავს როგორც და-ძმის მიერ ჩადენილ მკრეხელურ დანაშაულს, ასევე ქალიშვილთა უზნეობასაც. ტინდარევსი არც ქმრის მკვლელ კლიტემნესტრას ინდობს და არც ტროას ომის მიზეზად ქცეულ, ქმრის მოღალატე ელენეს. ამავდროულად, ყველაზე შემზარავ ცოდვად, სამართლიანად სწორედ დედის მკვლელობას მიიჩნევს. ტინდარევსი არც აპოლონის გაკიცხვას მოერიდება და ადამიანის ღირსებად არა ღმერთების მკრეხელური ბრძანების შესრულებას, არამედ საკუთარი სინდისის შესმენასა და დანაშაულის მხოლოდ კანონის ძალით დასჯის გადაწყვეტილებას მიიჩნევს.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები