ნაჭარმაგევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაჭარმაგევი – ისტორიული სოფელი ცენტრალურ ქართლში, ქართველ მეფეთა საზაფხულო ადგილსამყოფელი, განთქმული სანადირო ადგილებით: „გორს ზეით ლიახვს ერთვის გორისავე ჭალისა და ნაჭარმაგევის წყალი. ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო და აწ კარალეთად წოდვილი“

ტოპონიმი ნაჭარმაგევი დიდი ხნოვანობისაა. იგი შუასაუკუნეებისდროინდელ ქართლის სამეფოში დაწინაურებულ და მნიშვნელოვან პუნქტად იყო ცნობილი. „დავით აღმაშენებლის ეპიტაფიაში“ ნაჭარმაგევი მეფის რეზიდენციად არის მოხსენიებული:

„ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა იქით გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწღა ამათსა მოქმედსა ჴელნი გულზედან დამესხნეს“.

არსენ იყალთოელი

სახელწოდება ნაჭარმაგევი წინავითარების აღმნიშვნელი ნა-ევ აფიქსით არის წარმოდგენილი. იგი ისეთივე აგებულებისაა, როგორც ნა-ქალაქ-ევ-ი, ნა-დარბაზ-ევ-ი… გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნა-ევ აფიქსი ძირითადად საზოგადო არსებით სახელებს დაერთვის, ჭარმაგი კი ზედსართავი სახელია (გამოხატავს ადამიანის ასაკობრივ და ფიზიკურ მდგომარეობას). საფიქრებელია, ამასვე უკავშირდებოდეს რაჭის სოფელ კვაჟა-გომში დადასტურებული მიკროტოპონიმი ნაჭარმაკევი. ტოპონიმი ნაჭარმაგევი ახოვანი, ბრგე, ძლიერი ადამიანების საცხოვრებელ ადგილად ესახებოდა კ. ჰანს.

არ არის გამორიცხული, რომ „ჭარმაგი“, რაღაც რელიგიური შინაარსის შემცველი სახელი იყოს. ნიშანდობლივია, რომ ადგილ ნაჭარმაგევში (იგი მდებარეობს სოფელ კარალეთის დასავლეთით, მდ. ლიახვსა და კარალეთს შორის) შემორჩენილია კვირაცხოვლის ხატი. ჭარმაგი, ჩვენი ფიქრით, თეონიმად (საკულტო სახელად) ქცეული სიტყვა უნდა იყოს. (შდრ. პირქუში, პირქუშის ხატი, შემოქმედი, ბატონ ცვარიელი და თვით კვირია ცხოველი||კვირაცხოველი) და მისთ.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები