მირი და არჩილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირი და არჩილი – „ქართლის ცხოვრების“ (ჯუანშერი) მიხედვით ერისმთავრობა გადაეცა სტეფანოზ II-ის შვილებს მირსა და არჩილს. ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ სტეფანოზ II-ის შვილად გუარამს ასახელებს. აქედან გამომდინარე მეცნიერთა ერთი ნაწილი ერისმთავართა ქრონოლოგიურ რიგში სტეფანოზ II-ის შემდეგ მირი და არჩილი არიან სტეფანოზ III-ის შვილები. სტეფანოზ III კი არის ნერსე ერისმთავრის ვაჟი. ნერსე საერისმთავრო ტახტზე ავიდა გუარამ სტეფანოზ II-ის ძის კლარჯეთში გაძევების შემდეგ (მ. სანაძე). ამდენად, მირისა და არჩილის ადგილი ერისმთავართა ქრონოლოგიურ რიგში დაუზუსტებელი რჩება.

არაბთა შემოსევების გამო ძმები მირი და არჩილი დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ და თავი შეაფარეს აფხაზთა ერისთავს ლეონს, კავშირი დაამყარეს ბიზანტიის იმპერატორთან, რომელმაც მათ სამეფო გვირგვინები გამოუგზავნა (ბიზანტიის იმპერატორი მირსა და არჩილს არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეებად თვლიდა), ჯუანშერის ცნობით ისინი მეფეებად იწოდებიან. იმპერატორმა ლეონს მათი მორჩილება უბრძანა. მორიგი ლაშქრობის დროს არაბთა სარდალი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ბრძოლით აიღო დაანგრია დედაქალაქი ციხე-გოჯი, გადალახა კლისურის კედელი. დაანგრია ქალაქი ცხუმი (სოხუმი) და მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც გამაგრებულნი იყვნენ მირი და არჩილი. ამ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მირი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა, მისი უფლებები არჩილზე გადავიდა.

მირის გარდაცვალების შემდეგ არჩილი ეგრისს განაგებდა, ხოლო შემდეგ დამკვიდრდა კახეთში ამის გამო ზოგი მკვლევარი არჩილს მხოლოდ კახეთის განმგებლად მიიჩნევს), აქ მან თავის ტაძრეულებს მისცა მამულები და აზნაურობა უწყალობა. დაიწყო ეკლესიების და ციხე-ქალაქების მშენებლობა, არაბთა ერთ-ერთი დამსჯელი ლაშქრობის დროს არჩილი სიკვდილით დასაჯეს, „არჩილის წამება“ აღწერილი ლეონტი მროველის მიერ შევიდა „ქართლის ცხოვრებაში“. არჩილი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღედ დააწესა 21 ივნისი (4 VII).

ჯუანშერის მიხედვით, არჩილმა, მირის ანდერძის თანახმად ძმისწულები (მირის ქალიშვილები) მიათხოვა ერისთავებს და ამით დააკანონა მათი მემკვიდრეობითი უფლება საერისთავო ქვეყანაზე, მირის უფროსი ასული კი ლეონ აფხაზთა ერისთავზე დააქორწინა.

არჩილის მოღვაწეობის პერიოდზე მკვლევართა შორის თვალსაზრისი VII საუკუნის ბოლოდან VIII საუკუნის ბოლომდე მერყეობს. ეს გამოწვეულია „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით არჩილის ცხოვრების სამნაირი დათარიღებით. 1. ჯუანშერი, მისი თხზულების გვიანდელ რედაქტირებამდე, მირსა და არჩილს VII ს. შუა წლების მოღვაწის სტეფანოზ II-ის შვილებად მიიჩნევდა. 2. ჯუანშერის გვიანდელ რედაქციაში მირისა და არჩილის ცხოვრება გადააქვს მურვან ყრუს (735-738) შემოსევების პერიოდში. 3. ლეონტი მროველის „არჩილის წამებაში“ კი არჩილი მურვან ყრუს შემოსევიდან 50 წლის შემდგომი ხანის (VIII ს. მიწურული) მოღვაწე ჩანს.

მეცნიერთა გარკვეული ნაწილი (გ. აბრამიშვილი, დ. მუსხელიშვილი, მ. ჩხარტიშვილი) მიაჩნია, რომ ჯუანშერთან არაბთა შემოსევა ეხება არა მურვან იბნ მუჰამედს (მურვან ყრუ), არამედ მის მამას მუჰამედ იბნ მურვანს, რომელიც კავკასიის მხარეს განაგებდა 716-717 წ. ამდენად ანაკოფიის აღება მოხდა 716-718 წ. (და არა 735-738წ.). აქედან გამომდინარე, გ. აბრამიშვილის აზრით, დასავლეთ საქართველოში 718-719 წლებამდე მეფობდა მირი, ხოლო არჩილი - 719-745 წ. დ. მუსხელიშვილი არჩილის მოღვაწეობას 705-745 3, ათარიღებს და იგი კახეთ-ჰერეთის მმართველად მიაჩნია და არა ქართლის ერისმთავრად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები