ანდერძი (დანაბარები)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდერძი − წერილობითი ან ზეპირი განკარგულება.

გარდაცვალების წინ რომელიმე პირის დანაბარები. ამის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია „ანდერძი მირვან მეფისაჲ“, დართული 973-76 გადაწერილ ე. წ. შატბერდის კრებულში მოთავსებულ „მოქცევაი ქართლისაჲს“ ტექსტზე. ამ ანდერძით მირიან მეფე (IV ს.) დანაბარებს უტოვებს სამ პირს: მეუღლეს, მთავარეპისკოპოსს და „ძესა თჳსსა“.

ასეთივე ხასიათისაა ანდერძი რომელიც დავით აღმაშენებელს გარდაცვალების წინ თავისი მოძღვრის არსენ ბერისათვის შეუდგენინებია. ამ ანდერძით დავით აღმაშენებელი ტახტის მემკვიდრედ ადგენს თავის უფროს ვაჟს დიმიტრის, რომელსაც უბარებს, რომ „ძმაჲ მისი გაზარდოს და ... შემდგომად მისსა მეფე ჰყოს მამულსა ზედა“. მეფე პირად ქონებას („დრაჰკანნი კოსტანატი ცუატა და ჩემნი ლალნი და თვალნმარგალიტნი“) ხახულის ღმრთისმშობლის ხატს სწირავს, ატენის სამეფო საჭურჭლეში შენახულ დუკატს და ბოტინატს, რომელიც ასევე მისი მოპოვებულია, „თუ ელეოდეს მეფე დიმიტრი“, თავის მოძღვარს უტოვებს მონასტრებისათვის გადასაცემად, რათა „ალოცნის ჩემთჳსო“; ხოლო თუ ყველას ვერ შეელევა, – „ნახევრისათჳს წინაშე ღმრთისა ვეჰაჯებიო“. ანდერძის ბოლოს მეფე გამოხატავს თავის წუხილს: „დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძუალე შვილთა ჩემთა უსრულოდ და წარმყუა მისთჳსცა ტკივილი სამარადისო“ (იგულისხმება გელათის მონასტერი, რომლის მშენებლობა 1125 არ იყო დამთავრებული) და ტახტის მემკვიდრეს დიმიტრის უბარებს – „სრულყოს ყოვლითურთ საუკუნოდ სალოცავად ჩემთჳს და მისთჳს და მომავალთა ჩემთათჳს“. ამავე ანდერძში მეფე ასახელებს მაშინდელი საქართველოს სამეფოს უკიდურეს გეოგრაფიულ საზღვრებს, რომელიც, მისი განმარტებით, არის „მამული და ახლად მოგებული ღუაწლითა ჩემითა და თქუენითაო“: ეს საზღვრებია „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სპერად და არეგაწადმდე“.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები