მინაპლასტიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინაპლასტიკის ტალღოვან ფურცლები

მინაპლასტიკი (მინაკომპოზიტი) – მინაპლასტიკი პლასტმასის ნაირსახეობაა, რომელიც შედგება შემკვრელისა და მაარმირებლისგან. მაარმირებლად ძირითადად მინის ბოჭკო, მინის ძაფი, მინის ქსოვილი და კვარცის ბოჭკო გამოიყენება, ხოლო შემკვრელად – თერმორეაქტიული ფისები (პოლიესტერი, ეპოქსიდი, ფენოლფორმალდეჰიდი, პოლიიმიდი), აგრეთვე თერმულად მდგრადი თერმოპლასტები (არომატული პოლიამიდი, პოლისულფონი, პოლიკარბონატი). იშვიათად იყენებენ პოლიოლეფინების ტიპის დაბალდნობად თერმოპლასტებს, რადგან მათ მინაბოჭკოებთან შედარებით დაბალი ადჰეზიური თვისებები გააჩნიათ, რაც საშუალებას არ იძლევა, სრულად გამოვიყენოთ მინაბოჭკოვანი შემავსებლის დადებითი თვისებები. ელექტროტექნიკური დანიშნულების მინაპლასტიკებში შემკვრელად უმჯობესია გამოყენებული იყოს მასალები მაღალი დიელექტრიკული მახასიათებლებით, როგორიცაა, მაგალითად, სილიციუმორგანული და ეპოქსიდური ფისები.

მინაპლასიკები გვხვდება გამჭვირვალე და გაუმჭვირი სახით. სიმტკიცე – 1500-1900 კგ/მ3. მიეკუთვნება ძნელად წვადი მასალების ჯგუფს. სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად არსებობს სამი ტიპის: უწყვეტი მინის ბოჭკოთი, ქაოსურად განლაგებული დანაწევრებული მინაბოჭკოთი და მინის ბოჭკოსაგან დამზადებული უხეში ტილოთი დაარმირებული („გლაკრეზიტი”). მშენებლობაში განსაკუთრებით გავრცელებულია მინის ბოჭკოთი დაარმირებული პოლიეთერული მინაპლასტიკი. მისგან ამზადებენ კარისა და ფანჯრის პროფილებს, სამფენოვან ფილებს და პანელებს, საკედლე ბლოკებს, კიბის სახელურებს, ბრტყელ და ტალღოვან ფურცლებს, ელექტრობის არგამტარ კიბეებს, დიდი წნევის მილებს; აგრეთვე წყლის ნავებს, კანოეებს, ტელეფონის (ტაქსოფონის) კაბინებს, მყარ საწვავზე მომუშავე რაკეტის ძრავის კორპუსებს, მსუბუქი ავტომობილების ძარასა და სხვ. მინაპლასტიკს შეიძლება მიეცეს ნებისმიერი ფორმა, ფერი და სისქე. მინაპლასტიკის ინგლისური სახელია „ფიბერგლასი“ (fiberglass – აშშ-ში და fibreglass – გაერთიანებულ სამეფოში).

გარდა ხისტი მინაპლასტიკისა, პრაქტიკაში გავრცელებულია რულონური მინაპლასტიკებიც, რომლებიც წარმოადგენენ თხელ მოქნილ ფურცლოვან მასალას, დამზადებულს მინაბოჭკოვანი ქსოვილური ან არაქსოვილური მასალებისგან, რომელთა მასა ფართობის ერთეულზე შეადგენს 100-850 გ/მ3. ძირითადად გამოიყენება მილსადენების თბოსაიზოლაციოდ..

მინაპლასტიკის უარყოფით თვისებას მიეკუთვნება კოროზია ძაბვის ქვეშ, ძაბვების რელაქსაცია, მგრძნობელობა ტენისა და ტუტეების მიმართ. ეს ნაკლოვანებები ძირითადად გამოვლინდება ალუმინბორსილიკატურ მინაბოჭკოებში, ამიტომ ამ ბოჭკოების გამოყენებისას პოლიმერულ შემკრავს (მატრიცას) წაეყენება მაღალი მედეგობის მოთხოვნა ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ, რასაც სრულად პასუხობს ეპოქსიდფენოლური პოლიმერული მატრიცა.


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები