მიზანთროპი (მოლიერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მიზანთროპი” − (ფრანგ. Le Misanthrope ou l'Atrabilaire amoureux), ფრანგი დრამატრგის მოლიერის ხუთაქტიანი კომედია. პირველად დაიდგა 1666 წლის 4 ივნისს.

„მიზანთროპი“ ტიპური ნიმუშია კლასიცისტური მაღალი კომედიისა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ თეატრალურ ეფექტებს, დიალოგს აქ ქმედება ენაცვლება, ხასიათების კომიზმი − მდგომარეობის კომიზმითაა ჩანაცვლებული.

„მიზანთროპი“ მოლიერისთვის ძალიან მძიმე, კონფლიქტებით სავსე სიტუაციაში იწერებოდა. ამითაც შეიძლება აიხსნას მისი შინაარსი, ასეთი ღრმა და სევდიანი. კომედია გენეტიკურადაა დაკავშირებული „ტარტიუფის” ჩანაფიქრთან: ეს სატირაა XVII საუკუნის საზოგადოებაზე, აქ საუბარია ამ საზოგადოების ზნეობრივ დაცემაზე, მასში გამეფებულ უსამართლობაზე და კეთილშობილი და ძლიერი პიროვნების ამბოხზე.

მოლიერი პიესაში ორ ცხოვრებისეულ პოზიციას, ორ მსოფლმხედველობას უპირისპირებს ერთმანეთს. ალცესტი გარემოზე დაკვირვებას სასოწარკვეთამდე მიჰყავს. ის აღშფოთებულია საზოგადოებაში გამეფებული ფარისევლობით, ყალბი ურთიერთობებით, მდაბალი მლიქვნელობით, ეგოიზმით. დიდგვაროვანი ალცესტისთვის მიუღებელია საერო, ელიტური ცხოვრების წესი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ ფასად მიიღო ის, რაც სასათბურე პირობებს შეგიქმნის, როგორც შენ, ასევე შენს ოჯახს. ეს ადამიანი განსაკუთრებულად სამართლიანია, რაც ერთეულებისთვის „კეთილშობილური ჰეროიზმია”, უმრავლესობისთვის კი უცნაურობა, უხერხემლობა, კაცთმოძულეობა. ის მამაცი მამხილებელია საზოგადოებაში გამეფებული ყოველგვარი მანკიერებისა. მისთვის დათმენა კატეგორიულად მიუღებელია და სწორედ ეს აქცევს გმირად, მეამბოხედ.

თავის მონოლოგებში ალცესტს სურს თავს მოახვიოს საფრანგეთის სამეფო კარის არისტოკრატიას ისეთი მორალური პრინციპები, რომელთა მიღება მათთვის მოსპობის ტოლფასია. ეს ალცესტს ერთგვარ დონ კიხოტურ თვისებებს ანიჭებს. ალცესტის დონ კიხოტობა − არაპრაქტიკულობაშია, მისი იდეალების აბსტრაქტულობაში. ამავე დროს, ალცესტი სრულიად არ არის მიზანთროპი, იმიტომ, რომ მისი სიძულვილი ადამიანის არსის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ იმ მანკიერებათა წინააღმდეგ, რომლებიც ცუდად აწყობილ საზოგადოებრივ მანქანას მოაქვს. ერთადერთი, რაც ალცესტს ამ საზოგადოებასთან აკავშირებს, სელიმენასადმი სიყვარულია. სელიმენა ტიპური მაღალი წრის ქალია, ცარიელი და უსულგულო, რომელიც სიამოვნებას თავის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებზე ქილიკით ღებულობს. კომედიის დასასრულს სელიმენა მხილებულია, თაყვანისმცემელნი თავს ანებებენ. უარყოფილი ლამაზმანი მზად არის ცოლად გაჰყვეს ალცესტს, რომელსაც აქამდე მხოლოდ ეკეკლუცებოდა. მაგრამ, ალცესტი მოთხოვნას წაუყენებს − ჩამოშორდეს სოციუმს, შეშინებული სელემენა ტოვებს მას. ალცესტი მარტოდმარტო რჩება და მტკიცე არჩევანს აკეთებს − განუდგეს საზოგადოებას.

შეურიგებელ ალცესტს მოლიერმა ზომიერი და დამჯერე, „ოქროს შუალედის“ თეორიის მომხრე ფილინტი დაუპირისპირა. ფილინტს ესმის, რომ ბევრი რამის შეცვლა აუცილებელია, მაგრამ მარტოდმარტო ამის გაკეთება ქარის წისქვილთან ბრძოლას წააგავს. ის არ ურიგდება საკუთარი მტრების მდაბიო საქციელს, ალცესტიც უყვარს, აფასებს და გულწრფელად ეცოდება, მაგრამ ფილინტი „თავისიანია” როგორც მაღალ წრეებში, ისე ალცესტთან. მას ყველანაირ საზოგადოებასთან კავშირის დამყარების, მღელვარებისა და უსიამოვნებებისგან საკუთარი თავის დაცვის განსაკუთრებული ცოდნა და მოხერხებულობა აქვს. ის კარგი ადამიანი არ არის, მაგრამ არც ცუდია, ის უბრალოდ გაორებულია და არ ყოფნის სიმამაცე, აუმხედრდეს საზოგადოებრივ წნეხს. ასეთი დახასიათება პერსონაჟისა დღემდე კამათს იწვევს სახელოვნებო წრეებში − ვისკენ იხრება დრამატურგის სიმპათიები − ალცესტისკენ, თუ ფილინტისაკენ?

„მიზანთროპი”, პირველ რიგში − განაჩენია პრივილეგირებული კლასისთვის − არისტოკრატიისთვის, ამ სევდიან კომედიაში აგრეთვე საუბარია სახელმწიფო სტრუქტურების მანკიერებებზე, სასამართლო სისტემაში კორუფციაზე (გავიხსენოთ ალცესტის უარი მოსამართლისთვის ქრთამის მიცემაზე).

მართალი და კეთილშობილი ადამიანი − ალცესტი, გამოხატავს მოლიერის ზნეობრივ იდეალს. მთავარი ამ გმირში მოქალაქეობრივი პოზიციაა, საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის ბრძოლა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. ეს უჩვეულო განზოგადებული სახეა, რომელშიც დრამატურგის დიდი, ცხოვრებისეული გამოცდილება აისახა.

მარიკა მამაცაშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები