მეტაფრასტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტაფრასტიკა — X საუკუნიდან დანერგილი მიმართულება ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში. ძველი, კიმენური ტიპის რედაქცია ვეღარ აკმაყოფილებდა ეპოქის ლიტერატურულ გემოვნებას, რაკი იყო „ლიტონად და მარტივად აღწერილი და ენითა მსოფლელთაჲთა შეწყობილი“. გადამუშავება („გარდაკაზმვა“) შეეხო ნაწარმოებთა მხატვრულ მხარეს. ეს იყო საგულისხმო ლიტერატურული მოვლენა, რომელმაც დაარღვია ჰაგიოგრაფიული მწერლობის კანონიკური სიმყარე და მეტი გასაქანი მისცა ჟანრის მხატვრულ განვითარებას მიმართულება დააფუძნა ბიზანტიელმა მწერალმა, „ფრიად სიტყვიერმან“, ძველ ცხოვრებათა „ლექსითა და შეწყობითა პირად-პირადად და ხელოვნად თავისა თვისისა მიერ შემამკობელმან და უკეთილსათქმელად და უმჯობესად აღმწერელმან“ სვიმეონ ლოგოთეტმა, მეტაფრასტად წოდებულმა.

როგორც ქართული, ისე ბიზანტიური მეტაფრასტიკის შესწავლის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი იყო გამოქვეყნება ეფრემ მცირეს თხზულებისა „მოსახსენებელი მცირე სვიმეონისათვის ლოღოთეტისა...“. გამოირკვა, რომ სვიმეონ ლოგოთეტს გადაუმეტაფრასებია შემოდგომა-ზამთრის თვეთა წმიდანების ცხოვრება-მარტვილობანი. ეს შრომა 982 წ. დაუწყია. ქართულად სვიმეონ მეტაფრასტის თხზულებანი უთარგმნია ექვთიმე ათონელს, რომელიც ქართულ მწერლობაში მეტაფრასული რედაქციის პირველ წარმომადგენლად არის მიჩნეული. 1912 წ. გამოქვეყნდა კიდევ ერთი ქართული მასალა, რომელმაც ნათელი გახადა, რომ თებერვლიდან მოყოლებული დანარჩენი შვიდი თვის ცხოვრება-მარტვილობანი გადაუმეტაფრასებია იოანე ქსიფილინოსს. ამ პუბლიკაციის მნიშვნელობა უაღრესად დიდია ბიზანტიური ლიტერატურისთვის, ვინაიდან ბერძნული დედანი არ შემონახულა და ქართული თარგმანის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ბიზანტიური მეტაფრასტიკის ზოგადი სურათის აღდგენა. ქსიფილინოსის შრომა ქართულად XII ს. თარგმნეს. მთარგმნელი პეტრიწონის სალიტერატურო სკოლიდან უნდა იყოს გამოსული. არსებობს მეტაფრასული ჰომილეტიკაც.


ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ბიზანტიური მეტაფრასტიკა და ქართული აგიოგრაფია, თსუ შრომები, XXX, 1947.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები