ლისისტრატე (არისტოფანეს კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ლისისტრატე“ – ძველი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს კომედია.

411 წელს არისტოფანე ათენის მაყურებელს ახალ კომედიას სთავაზობს. „ლისისტრატეს“ ეროტიკულ კომედიურ ქსოვილში, მის ექსტრემალურად ბუფონურ ესთეტიკაში ომისა და მშვიდობის თემის ფილოსოფიური გააზრება იკითხება. არისტოფანემ კომედიის ფალიკური ტრადიციისა და თანამედროვე აზროვნების გაერთიანება შეძლო. ის კიდევ ერთხელ უბრუნდება ომისა და მშვიდობის თემას და მას კვლავ კომედიის სიცოცხლის დამამტკიცებელ, ორგიასტულ კონტექსტში ათავსებს. ლისისტრატე ბერძნულად ომის, ლაშქრობის შემწყვეტს ნიშნავს. დიკეოპოლისისაგან განსხვავებით, რომელიც ზავს თავის თავზე მოირგებს, ლისისტრატე გაცილებით უფრო მასშტაბური ამოცანის განხორციელებას გადაწყვეტს. ამისათვის ის ათენისა და სპარტის ქალებს მიმართავს და შესთავაზებს მათ, ომის შეწყვეტის მიზნით, მამაკაცებთან სარეცელის გაზიარებაზე უარი თქვან მანამ, სანამ ისინი არ დაზავდებიან და მშვიდობიან ცხოვრებას არ დაუბრუნდებიან.

თუ არისტოფანეს ადრეული კომედიების მთავარი პროტაგონისტი ატიკელი მიწათმოქმედი და მემამულე-მხედარი იყო, მის გვიანდელ კომედიებში, სადაც ფანტასტიკურ-ზღაპრული ელემენტი ძლიერდება და პოლიტიკური ინვექტივა კლებულობს, ქალის ფიგურა წინაურდება, რომელსაც მწერალი ეროსს უკავშირებს. შეიძლება ითქვას, რომ ლისისტრატეში „ეროსისა“ და „თანატოსის“ ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც ეროსის გამარჯვებით სრულდება. ათენელი ქალი ლისისტრატე აკროპოლის წინ მდებარე მოედანზე საბერძნეთის ყველა მხარიდან უხმობს ქალებს და ღვინის ტიკზე საზეიმო ფიცს დაადებინებს, რომ ქმრებსა და საყვარლებს ალერსზე უარს ეტყვიან. ათენელებს სპარტელი ლამპიტო შეუერთდება, რომლის გარეგნობა და ძალა ქალებში აღფრთოვანებას იწვევს. ქალები ძალზე რადიკალურად არიან განწყობილნი, ისინი აკროპოლსა და პართენონს (ათენას ტაძარს) დაიკავებენ და სახელმწიფო ხაზინას დაეუფლებიან. ამით ისინი ომისათვის აუცილებელ სახსრებს ჩაიგდებენ ხელში, რითაც მეომარ მხარეებს ფინანსურ საყრდენს გამოაცლიან. არისტოფანეს კომედიაში კვლავაც აისახება ათენში მიმდინარე მოვლენების რეალიები. ამჯერად, მწერალი ოლიგარქების უსისხლო გადატრიალების წარმომადგენელს – პისანდრეს აკრიტიკებს. (სიცილიის ექსპედიციის წარუმატებლობის შემდეგ, 411 წელს ათენში დემოკრატიული მმართველობის კრიზისი მომწიფდა. ხელისუფლებაში ხანმოკლე პერიოდით ოლიგარქიული პარტია მოვიდა. შემოღებულ იქნა ქონებრივი ცენზი). მრჩეველთან საუბრისას ლისისტრატე მმართველ ოლიგარქებს ომით გამდიდრების დაუოკებელ სურვილში ადანაშაულებს. მისი აზრით, ოქრო ომის საფუძველი და მთავარი მიზეზია. ქალები ხაზინის მართვას ახალი პრინციპებით აპირებენ. ქალებისა და მოხუცების ქოროს პაექრობა მთელი კომედიის მანძილზე გრძელდება და ხშირად ხელჩართულ შერკინებაში გადადის. მამაკაცები აკროპოლისისთვის ცეცხლის წაკიდებას აპირებენ, ქალები მათ ცეცხლს წყლით აქრობენ. ფიზიკურ დაპირისპირებას სიტყვიერი პაექრობა ახლავს თან. ორი ნახევარგუნდის დაპირისპირების ფონზე ცალკეული ეპიზოდები ვითარდება. ქალებს არანაკლებ ენატრებათ თავისი მამაკაცები, ვიდრე მამაკაცებს ისინი. ვეება ტყავის ფალოსით აღჭურვილი კინესია თავისი ცოლი მირინას სიყვარულს მოწადინებული აკროპოლისთან მიიპარება პაემანზე, თუმცა გაწბილებულს და უარესად გახელებულს გამოაბრუნებენ.

მრჩეველისა და ლისისტრატეს საუბრიდან იკვეთება, რომ ქალებს დაზავებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის მთელი პროგრამა აქვთ. ისინი წლების მანძილზე დაგროვილ გაუგებრობათა „გორგალს“ დაშლიან და ადამიანთა შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს აღადგენენ. ნახევარგუნდების პაექრობისა და კამათის ფონზე თანდათან იზრდება ეროტიკული დაძაბულობის მუხტი, მამაკაცები ხვდებიან, რომ ვერც შეტევით, ვერც ჩხუბითა და ვერც დარწმუნებით ვერ დაიმორჩილებენ ქალებს, ამიტომ ათენისა და სპარტის ელჩობა მოლაპარაკებას გადაწყვეტს. მათ ლისისტრატეც უერთდება და მშვიდობიანი დროის უპირატესობას შეახსენებს. ქალების მიზანი მიღწეულია. სპარტელი ქალები და მამაკაცები ერთ გუნდში ერთიანდებიან, ასე იქცევიან ათენელებიც და ყველაფერი საყოველთაო ცეკვითა და მხიარულებით მთავრდება.

„ლისისტრატეში“ არისტოფანე ტრადიციული ფორმისა და პატრიარქალური საზოგადოების კომედიური დისკურსის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ქალები, თავქარიანი, ცრუ და მოღალატე არსებები, მხოლოდ საოჯახო საქმეებისა და ქმრის გასაცურებლად თუ ვარგიან, ქალთა სოციალური და ვიტალური ფუნქციის გააზრებას ახდენს. სწორედ ქალები ინახავენ ოჯახურ კერას, მათზე მოდის ომის ყველაზე მძიმე განსაცდელი, ისინი უჩენენ და სწირავენ სამშობლოს მეომრებს. შინ მარტო დარჩენილნი ქვრივებივით ცხოვრობენ და ყოველდღიური ცხოვრების ჭაპანს ეწევიან. ისინი რომ არა, საომრად აღერღილი მამაკაცების ხელში ქვეყანა უარეს დღეში ჩავარდებოდა.

ლისისტრატეს სახით, არისტოფანე მოაზროვნე და ჭკვიანი სტრატეგოსის ხასიათს ქმნის, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით აღწევს მიზანს და სიტუაციას რადიკალურად ცვლის. პიესაში ხაზგასმულია ქალების კავშირი დიონისეს, საბაზიუსისა თუ ადონისის ნაყოფიერების კულტებთან. შეიძლება ითქვას, რომ არისტოფანე ქალის სოციალურ და ბიოლოგიურ ფუნქციაში ძლიერ ცივილიზაციურ და ვიტალურ პოტენციალს ხედავს.

თამარ ბოკუჩავა

არისტოფანეს კომედიის ქართული თარგმანი

„ლისისტრატე“

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები