ლა შოსე პიერ კლოდ ნეველ დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ კლოდ ნეველ დე ლა შოსე

პიერ კლოდ ნეველ დე ლა შოსე − (ფრანგ. Pierre-Claude Nivelle de La Chaussée; 14 თებერვალი 1692, პარიზი — 14 მარტი 1754[1][2], პარიზი), ფრანგი დრამატურგი. მან დრამატურგიაში ახალი ჟანრი ე.წ. „ცრემლიანი კომედია“ დაამკვიდრა.

ლა შოსეს ადრეულ კომედიებში ჯერ კიდევ გვხვდება კომიკური სცენები, გვიანდელი პერიოდის პიესები მთლიანად ამაღელვებელ, გულისამაჩუყებელ და, ამავე დროს, პათეტიკურ სიტუაციებზეა აგებული. შენარჩუნებულია სამი ერთიანობის კანონი და ძირითადად დაწერილია ალექსანდრიული ლექსთწყობით.

პირველი „ცრემლიანი კომედია“ არის „მელანიდა“ (1741), რომელშიც საერთოდ არ გვხვდება კომიკური ელემენტი და მხოლოდ კეთილი ფინალი აახლოებს კომედიურ ჟანრთან. პიესის მთავარი გმირი მელანიდა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯვარს იწერს გრაფ დორმანსეზე, რომელიც მიატოვებს მას და მათ ვაჟიშვილ დარვიანს. მელანიდა შვილთან ერთად ცხოვრობს მეგობარ დორიზეისთან, რომლის ქალიშვილი როზალია შეუყვარდება დარვიანს. დედას კი უნდა ქალიშვილი მიათხოვოს მარკიზ დორვინს. მარკიზი დორვინი აღმოჩნდება გრაფი დორმანსე, დარვიანის მამა. ასე რომ, მამა-შვილი მეტოქეები ხდებიან. იმ დროს, როცა მოქმედება ორთაბრძოლაში უნდა გადაიზარდოს, სიმართლე მჟღავნდება. კომედია გულისამაჩუყებელი სცენით მთავრდება − ცოლქმარი რიგდება და ახალგაზრდების სიყვარულიც იმარჯვებს. ფრანგ ლიტერატორებში გამოითქვა აზრი, რომ „მელანიდას“ და, შესაბამისად, მსგავსი ჟანრის პიესებს დრამა ეწოდოს, მაგრამ კლასიციზმის კანონების ერთგულმა დრამატურგმა უარყო ეს წინადადება, რაც მოგვიანებით დიდრომ და მისმა მიმდევრებმა აიტაცეს.

ნინო ქირია

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები