კრაზანები (არისტოფანეს კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„კრაზანები“ – ძველი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს კომედია.

არისტოფანეს კომედია „კრაზანები“, რომელიც ძვ. წ. 422 წელს ლენეებზე დაიდგა, ათენის ერთ-ერთ არჩევით ინსტიტუტს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს – ჰელიეასა და მასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ამასხარავებს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 6000 წევრისაგან შედგებოდა, რომლებიც ყოველწლიურად სრულწლოვან მოქალაქეთაგან კენჭისყრით აირჩეოდნენ. ჰელიეა სხვა სასამართლო ინსტანციების საქმეებსა და სახელმწიფო და სამსახურებრივ დანაშაულებს განიხილავდა. ის ასევე სახელმწიფო მოხელეთა საქმიანობას აკონტროლებდა და სახალხო კრების დადგენილებებს ამტკიცებდა. ჰელიეას წევრებს, ე.წ. ჰელიასტებს სამი ობოლი გასამრჯელო ეხდებოდათ. როგორც კომედიიდან ჩანს, ეს საკმაოდ მცირე თანხა იყო, თუმცა გაღარიბებულ მოსახლეობას მოსამართლეობა პატივად და შემოსავლის წყაროდ მიაჩნდა. V საუკუნის მიწურულისთვის, პელოპონესის ომის პირობებში, ათენის დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა გარკვეული დეგრადაცია განიცადეს. მათი ძალაუფლება ფორმალური გახდა, ხოლო სასამართლო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა. სასამართლოს წევრთა ასაკი, რომლის ქვედა ზღვარი 30 წლით განისაზღვრებოდა, საგრძნობლად გაიზარდა. ახალგაზრდები სამხედრო კარიერას ამჯობინებდნენ, ხოლო მოსამართლეებად, ძირითადად, მოხუცები აირჩეოდნენ. ჰელიეას საშუალებით, ათენის დემოკრატიული ლიდერები მდიდარ მოქალაქეებს ავიწროვებდნენ და მათ უფლებებს ზღუდავდნენ, თავად სასამართლოს კი თავისი პოლიტიკური გავლენის განსამტკიცებლად იყენებდნენ. სწორედ ასეთი ვითარება იკითხება „კრაზანებში“, რომელსაც არისტოფანემ კარნავალური ფარსის სახე მისცა.

პიესას „კრაზანები“ მოხუცი მოსამართლეების ავი და ჭირვეული ზნის აღსანიშნავად დაერქვა. ასეთია „კრაზანების“ პოლიტიკური კონტექსტი. თუმცა არისტოფანე მოქმედებას განზრახ ბუფონურ, კარნავალურ სახეს აძლევს. ამ კომედიას, რომელიც „ღრუბლების“ მსგავსად, „მამათა და შვილთა“ მსოფლმხედველობრივ ჭიდილს გადმოგვცემს, მეორე მხარეც აქვს, ღარიბი მამა და მდიდარი შვილი ერთმანეთს უპირისპირდებიან, მამა საჯარო სამსახურისკენ მიილტვის, შვილს კი პრივატული ცხოვრება ურჩევნია.

კომედია მოსამართლეობის ჟინით შეპყრობილი მოხუცი ფილოკლეონის (კლეონის მოყვარულის) ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც შვილს ბდელიკლეონს (კლეონის მოძულეს, მაგინებელს), შინ ჰყავს გამოკეტილი, რათა მამამ სასამართლოში წასვლა ვეღარ შეძლოს.

არისტოფანე, ტრადიციულად, სიტუაციის ჰიპერბოლიზაციას ახდენს და ის აბსურდულ კულმინაციამდე მიჰყავს. ვითარება პროლოგშივე ნათელია – ორი მონა სანადირო ბადეშემოვლებული სახლის წინ თვლემს, ხოლო სახლში მოსამართლეობის ჟინით შეპყრობილი ფილოკლეონია (კლეონის მოყვარული) დამწყვდეული. მისი ვაჟი ბდელიკლეონი (კლეონის მაგინებელი) ავი ზნისაგან მამის განკურნებას ცდილობს და სახლში ჰყავს გამოკეტილი. მოხუცი ფილოკლეონი ყველა ხერხსა და ღონეს ხმარობს, რომ გაიპაროს, ხან საკვამურიდან მიიპარება ბოლად მოკატუნებული („კვამლი ვარ, მოვბოლავ“), ხან სარკმლიდან უნდა ჩიტივით გაფრინდეს, ხანაც კი ვირს მუცელზე აეკვრება და ისე ცდილობს ყარაულებს გაეპაროს. ფილოკლეონის მხარდასაჭერად მისი თანამოძმე მოსამართლეების გუნდი მოემართება. გუნდის წევრებს უკან კრაზანის ნესტარი ჰკიდიათ, რომელსაც ზოგჯერ ფეხებს შორის მოიქცევენ, ოპონენტები რომ დაგესლონ. „კრაზანების“ საკარნავალო ხასიათი სოციოპოლიტიკური და ისტორიული ალუზიებითაა გაჯერებული. მოხუცი მოსამართლეები წარსულში ელადის დამცველები და მარათონის გმირები იყვნენ. ისინი თავისი გმირული წარსულით ამაყობენ და მიაჩნიათ, რომ მტრის წინაშე ისეთი სიმამაცე გამოიჩინეს, ისე „დაუნესტრეს ტომრებივით შარვლები“, რომ დღემდე „...ბარბაროსებში/სიმამაცის ნიმუშია ატიკური კრაზანა“. ახლა კი სამშობლოს ამაყი დამცველი ატიკელი „ავტოხთონები“ დაბერდნენ, დაჩაჩანაკდნენ და მოხუცებულობის ახირებულობა მოერიათ.

კრაზანათა ქორო ჯიუტად ცდილობს ფილოკლეონის ტყვეობიდან გამოხსნას, მაგრამ ბდელიკლეონის წინააღმდეგობას აწყდება. მამასა და შვილს შორის აგონი იმართება, რომელსაც სასამართლო დავის ფორმა აქვს. მათ სიტყვიერ პაექრობას კრაზანების გუნდი მსაჯობს. ფილოკლეონს გადაწყვეტილი აქვს, რომ თუ შვილთან დავაში დამარცხდება, ხმალზე დაიკლავს თავს, იმდენად დიდია მისი შემართება და მოსამართლეობის ჟინი. ის შვილს თავის არგუმენტებს წარმოუდგენს, რომელთა თანახმადაც, მოსამართლეობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო საქმეა ათენის რეალობაში, მათ ყველა რიდითა და პატივით ეპყრობა, ეპირფერება, მდიდარ ათენელებს შიშის ზარს სცემს მათი სამართალი. ძალაუფლების განცდა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის ჰელიასტებს (მოსამართლეებს), ღმერთების დარად მიაჩნიათ თავი. ხელისუფალნიც ეფერებიან და ზრუნავენ მათზე, შინაურები ანგარიშს უწევენ და სათანადო პატივს მიაგებენ. განა არსებობს ამაზე უკეთესი ხვედრი? ბდელიკლეონი პატივისა და ძალაუფლების მოყვარე მამას ცივ შხაპს გადაასხამს: მას რა, მართლა თავისუფალი ჰგონია თავი? ის ხომ იურისტებისა და დემაგოგების მონაა, რომლებიც უსინდისოდ ძარცვავენ ხალხს, რომელსაც ვითომ ფილოკლეონი ემსახურება. განა რა არის სამი ობოლი იმ შემოსავლებიდან, რომელიც ათენს უგროვდება. მოკავშირე ქალაქები გადასახადებს უხდიან საზღვაო კავშირის ლიდერ ათენის იმპერიას, რომლის ძალაუფლება სარდინიიდან პონტოს ზღვამდე ვრცელდება. ბდელიკლეონი: „... უბრალოდ გამოითვალე,.../ რა გვაქვს შემოსავალი ჩვენ მოკავშირე ქალაქებიდან, /ამას დაურთე ცალკე და ერთად შემდეგ სუყველა გადასახადი,/სარჩელის ფული, მაღაროები, ნავსადგურები, კონფისკაცია,/... ახლა გადადე მოსამართლეთა მთელი წლიური შემოსავალი“. ფილოკლეონი გაოგნდება, რა მცირე წილი ხვდებათ მოსამართლეებს ამ თანხებიდან. ის დაინტერესდება, თუ სად მიდის დანარჩენი თანხები, ბდელიკლეონი უხსნის: ეგ ფული მიდის მასთან, ვინც ამბობს, „არ ვუღალატებ ხალხს არასოდეს,/ მუდამ ვიბრძოლებ მისი გულისთვის~, შენ კი, ძვირფასო, პირს დააღებ და/ ამ დაპირებით გადარეული იმას აირჩევ აუცილებლად“. განა უმჯობესი არ იქნებოდა, ამბობს ბდელიკლეონი, რომ თითო მოკავშირე ქალაქს ერთი ოც-ოცი ათენელი ღატაკი შეენახა?

ფილოკლეონის რწმენა შერყეულია, მაგრამ მას მაინც არ ეთმობა მოსამართლის მანტია, მაშინ შვილი „ძაღლების პროცესის“ ჩატარებას შესთავაზებს, რომელიც ცოტაოდენ მაინც დააცხრობს მისი ძალაუფლებისა და მოსამართლების ჟინს. ორი ძაღლის დავის ამბავს ისტორიული ფაქტი უდევს საფუძვლად, 425 წელს სტრატეგოს ლაქეტს სიცილიურ ექსპედიციაში ჩადენილი ფინანსური დანაშაული დაბრალდა, მის ბრალმდებლად კლეონი გამოდიოდა. სწორედ ამ პროცესზე პაროდია აქვს წარმოდგენილი არისტოფანეს ძაღლების სასამართლოს სახით. კიდათინელი ძაღლი (კლეონი) ბრალს დებს ლაბეტს (ლაქეტს) სიცილიური ყველის ქურდობაში, რომელიც ღორმუცელამ მარტო შესანსლა და არავის გაუზიარა. ფილოკლეონი მთელი სერიოზულობით მართავს სასამართლო პროცესს, ბდელიკლეონი კი ბრალდებულის დამცველად გამოდის.

კომედიის ფინალში ბდელიკლეონი მამას ახალგაზრდული გართობით აცდუნებს და სასამართლოს დაავიწყებს, თუმცა მოხუცი ისეთივე თავაშვებული აღმოჩნდება დროსტარებაში, როგორც აქამდე მოსამართლეობაში იყო. ის ახალგაზრდებს დაჯაბნის თავისი უსაქციელობით, გვარიანად გამოთვრება და ფლეიტისტი ქალის თანხლებით გადის, თანაც აღშფოთებულ შვილს პედანტობის გამო დასცინის.

არისტოფანეს ადრეულ პიესებში დრამატურგის ათენის თანამედროვე რეალობის შეფასება იკითხება. მკვლევართა ნაწილი მას არისტოკრატთა ინტერესების გამომხატველად მიიჩნევს, თუმცა მისი პიესები უფრო ადამიანური მანკიერებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციის წინააღმდეგაა მიმართული, ვიდრე დემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ. პირიქით, მწერლის მთელი შემოქმედება ათენური დემოკრატიის პირობებში არსებული თავისუფალი თვითგამოხატვის შესაძლებლობის დადასტურებაა. პოლიტიკური სატირისა და ბუფონადის ის ხარისხი და ხასიათი, რომელიც მის ნაწარმოებებს ახასიათებს, მწერლის დემოკრატიულ მსოფლგანცდისა და თავისუფალი სულის დემონსტრაციაა. ამაზე მეტყველებს არისტოფანეს საყვარელი გმირის – ათენელი მიწათმოქმედის ხასიათის თვისებები, მისი ინიციატივიანი ბუნება, გაბედულება და ინდივიდუალური ნების გამოხტავის სითამამე. დიკეოპოლისს გაბედულება ყოფნის, რომ პერსონალური ზავი დადოს სპარტასთან, ერთსა და იმავე დროს ის თანამედროვე პოლიტიკოსების ინტერესებისა და თანამოქალაქეების შეხედულებების წინააღმდეგ ილაშქრებს. ამას დიდი სიმამაცე სჭირდება. თავად აგონის პოლემიკური ხასიათი ორი მხარის პოზიციათა დემონსტრაციაა, რაც ათენური დემოკრატიის გახსნილი სამოქალაქო ხასიათის დასტურად შეგვიძლია განვიხილოთ. მეორე მიწათმოქმედი – ტრიგეოსი ზეცაში მიდის სამოგზაუროდ და ღვთაებრივი მართლწესრიგის აღდგენას, ღმერთების ნების კორექციას ახდენს. ის ამარცხებს ომის დემონ პოლემოსს და მშვიდობის ქალღმერთს ათავისუფლებს. ამდენად, არისტოფანეს კომედიის მთავარი პერსონაჟი მიწათმოქმედია, რომელიც თავის ბედს მართავს. სწორედ ათენელი მიწათოქმედის, ზოგადად კი ათენის თავისუფალი მოქალაქისადმი არის მიმართული მწერლის კომედიების პუბლიცისტური პათოსი. ის გარემოება, რომ არისტოფანე სწორედაც რომ ჭეშმარიტი დემოკრატიის (და არა მისი ბიუროკრატიული ხასიათის) მომხრეა, კარგად ჩანს „მხედრებში“, სადაც კომედიის რიტუალური განახლების ობიექტი, ერთგვარი მომაკვდავი და მკვდრეთით აღმდგომი ღმერთი სწორედ ხალხია (მხედველობაში გვაქვს დემოსის გაახალგაზრდავება „მხედრებში“). ათენური საზოგადოება არისტოფანეს კომედიებში საინტერესო ჭრილში წარმოგვიდგება. გარდა მიწათმოქმედისა, აქ გვხვდება დემაგოგის, მეომრის, ცრუ ფილოსოფოსის, მოსამართლეჰელიასტის (ჰელიასტები დემოკრატიული წესით აირჩეოდნენ) და სხვათა სახეები. იქმნება ათენური რეალობის სოციო-პოლიტიკური თეატრის ძირითადი აქტორების პორტრეტები.

ამავე პერიოდში ყალიბდება მისი შემოქმედების ძირითადი მხატვრული ხერხები. ატიკური კომედიის პოლიტიკური და პუბლიცისტური ხასიათი, მისი სიმწვავე და აქტუალობა, მიმდინარე რეალობის ძირითად თემებზე უშუალო და ცხოველი რეაგირების უნარი, ძალიან ახლოა ხალხურ საწყისებთან. მითოლოგიურ ძირებთან, ფოლკლორულ ჟანრებთან, ზღაპართან, იგავთან. სწორედ ფოლკლორული და რიტუალური საწყისები ქმნის რეალობის მოდელირების მხატვრული ხერხების საფუძველს. ინვექტივა, რომლის ძირებიც რიტუალის ფარგლებიდან მოდის და რომელიმე კონკრეტული პირის გამასხარავებას ისახავს მიზნად, ნიღბიანი მონაწილეების შემოსვისა და რიტუალური გარდასახვის ტრადიცია არისტოფანეს კომედიაში კონკრეტული რელური პერსონაჟის ჰიპერბოლური გარდაქმნის საფუძველს ქმნის. ამ ხერხის გამოყენებით კომედიოგრაფოსი თავისი პერსონაჟების უტრირებულ გროტესკულ, შარჟულ სახეებს ქმნის, მათ უკიდურესად ფარსული თვისებებით აღჭურავს. გესლიანი და კირკიტა მოსამართლე ჰელიასტები კრაზანებად გარდაიქმნებიან, ხალხის მსახური დემაგოგი კლეონი – დემენციური მოხუცი დემოსის უსირცხვილო მონად. არისტოფანეს ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, ის ადვილად „არჯულებს“ ნებისმიერ პირობითობას, ნეხვის ხოჭოთი მოგზაურობა, ზავის ღვინის ჭურჭელში ჩასხმა, საკვამურიდან ბოლად გაპარვა – მთელი ეს საზღაპრო პირობითობის არსენალი ნაყოფიერების ორგიასტულფალიკური ატრიბუტებით, დრამატურგის კომედიური სამყაროს ქსოვილს უნიკალურსა და განუმეორებელ ხასიათს ანიჭებს. სიუჟეტური სიტუაციის გამძაფრებით, რეალისტური ვითარების ფარგლების გარღვევით, ურთიერთგამომრიცხავი კონტრასტებით, ფანტასტიკისა და ზღაპრის ელემენტებისა და სახიერი ენის შემოტანით, არისტოფანე თავის აზრს რელიეფურად გამოკვეთს და კომედიის მხატვრულ სივრცეს ქმნის. არისტოფანეს კომედიის პერსონაჟები ან საკუთარ სახელებს ატარებენ, ან თავისი სოციალური და ეთნიკური წარმომავლობითა თუ საქმიანობით ერქმევათ სახელი. გვხვდება ისტორიული და გამოგონილი სახელებიც, რომლებიც გმირის დახასიათების ელემენტებს შეიცავენ თავის თავში.

421 წელს ნიკიას ზავის დადებამ ათენს დროებითი მშვიდობა მოუტანა, ნაწილობრივ აღორძინდა ეკონომიკა და სამეურნეო ცხოვრება, მაგრამ ზავის შედეგებით არცერთი მეომარი მხარე არ იყო კმაყოფილი, რადგან ათენმა ვერ მოახერხა ზღვაზე თავისი ბატონობის განვრცობა, ხოლო სპარტამ – მოწინააღმდეგის დამარცხება.

თამარ ბოკუჩავა



არისტოფანეს კომედიის ქართული თარგმანი

„კრაზანები“

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები