ფოცხვერაშვილი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კოტე ფოცხვერაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოტე ფოცხვერაშვილი

ფოცხვერაშვილი კონსტანტინე (კოტე) გიორგის ძე - (31.IX.1880, სოფ. სვირი - 22.III.1959, თბილისი) - კომპოზიტორი, დირიჟორი, ლოტბარი, მუსიკისმცოდნე, ლიბრეტისტი, გამომგონებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. იზრდებოდა მშობლიურ სოფელში. მუსიკალურად დაჯილდოებულ ბავშვს თავიდანვე ესმოდა ხალხური სიმღერები, ადვილად სწავლობდა და იმახსოვრებდა მათ. ბავშვობაშივე ბებიისგან ისწავლა ჩონგურზე დაკვრა. მუსიკალური განათლება ჯერ თბილისში, შემდეგ პეტერბურგში მიიღო. ქუთაისის სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა იურიევის უნივერსიტეტში განაგრძო. 1900-იანი წლებიდან იწყებს სამუსიკო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1902 წიდან ხელმძღვანელობდა ქართველ სტუდენტთა გუნდს. აგროვებდა და ამუშავებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. თავისი გუნდით რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციასა და პროპაგანდას ეწეოდა. მის კონცერტებს ყოველთვის წინ უძღვოდა მისი ლექციებიც ქართული ხალხური სიმღერის ფენომენის შესახებ. 1910-1914 წლებში პეტერბურგში ცნობილი პროფესორების - საკეტისა და ბრუნის ხელმძღვანელობით განაგრძობს სწავლას.

1918 წლიდან თბილისის ოპერის თეატრის დირექტორის მოადგილეა. არის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნის „დიდება“ მუსიკისა და ტექსტის ავტორი. ჰიმნი სრულდებოდა 1919-1921 წლებში, მოგვიანებით 1991 - 2004 წლებში. 1919 წლის 4 ივლისს გაიმართა მისი ოპერა „ვანო წამებულის“ პრემიერა.

გასაბჭოების შემდეგ წერს მუსიკას ფილმებისთვის: „მოძღვარი“ (1922), „არსენ ჯორჯიაშვილი“ (1923). 1923 გამოსცემს კრებულს „რევოლუციური სიმღერები“. 1926 წლის 27 იანვარს აფორმებს ხელშეკრულებას მელიტონ ბალანჩივაძესთან და ოპერა „თამარ ცბიერის“ დადგმისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხელმძღვანელად ინიშნება. მას ეკუთვნის „თამარ ცბიერის“ ლიბრეტო. არის ორი გამოგონების - ხმოვანების მომწესრიგებელ აპარატის ე. წ. „ბგერათმართის“ და „ხმაურმრიდის“ ავტორი.

1933 წელს აყალიბებს მეჩონგურე ქალთა ანსამბლს, რომელიც ჩონგურის თანხლებით ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. 1939 ანსამბლი ორთვიანი საგასტროლო მოგზაურობით იმყოფებოდა კიევში, ჟიტომირში, სტალინგრადსა (დღევანდელი ვოლგოგრადი) და ლენინგრადში (დღევანდელი სანქტ პეტერბურგი) და 56 კონცერტი ჩაატარა დაახლოებით 200 000 მსმენელისათვის. 1947-1948 წლებში მოგზაურობს საქართველოს ყველა კუთხეში, 1949 კი მაშინდელი საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში 75 წარმატებულ კონცერტს მართავს და ქართულ ხალხურ სიმღერას უწევს პოპულარიზაციას. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნაწარმოებები:

ოპერები:

  • „კერპთა დამხობა“ (1910);
  • „ვანო წამებული“(1919);
  • „მანანა“;
  • „არმაზი“.

სიმფონიური პოემები:

  • „ამირანი“ (1905. პირველი ქართული სიმფონიური პოემა);
  • „მსოფლიოს ვაება“ (1912);
  • „ბრძოლის ველი“(1915).

სოლო, საგუნდო სიმღერები:

  • „ძლევის სიმღერა“,
  • „ლაშქრული“,
  • „ნანინა“,
  • „აჭარული მაყრული“ და სხვ.

მუსიკალური კომედიის მუსიკალური დრამატული სპექტაკლებისთვის ხალხური სიმღერების დამუშავება, მათ შორის:

  • „ლალე“,
  • „ინდი-მინდი“ და სხვ.

რომანსები:

  • „აღმართ-აღმართ“,
  • „მესტვირული“.
  • საქართველოს ჰიმნი „დიდება“ (ტექსტისა და მუსიკის ავტორი).

ლიბრეტო:

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • თ. რამიშვილი, კოტე ფოცხვერაშვილი, თეატრის ბიბლიოთეკა, 1972;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • ლ. გავაშელი, საქართველოს ღერბი და ეროვნული ჰიმნი, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1920, №26;
  • ლ. ნანიტაშვილი, კოტე ფოცხვერაშვილის ბიოგრაფიისათვის, ჟურ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1971, №8.

წყარო

იხილე აგრეთვე

კოტე ფოცხვერაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები