ეკჰოფი კონრად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კონრად ეკჰოფი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონრად ეკჰოფი

კონრად ეკჰოფი – (გერმ. Conrad Ekhof, 1720-1778), გერმანელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე.

გერმანული ნაციონალური რეალისტური სკოლის ფუძემდებელი. დიდი გზა გაიარა კლასიციზმიდან რეალიზმისკენ. დაიბადა ჰამბურგში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში, თვითგანათლება მიიღო. ის კითხულობდა პიესებს, რომლებმაც სცენისაკენ უბიძგეს. მსახიობობაზე ოცნება ჰამბურგში სოფი შრიოდერთან ერთად განახორციელა. ისინი შიონემანის მიერ ჩამოყალიბებულ დასში შევიდნენ. ეკჰოფმა ჩვიდმეტი წელი იმუშავა შიონემანის დასში. ის არ იყო წარმოსადეგი სცენური გარეგნობის, განსაკუთრებით − ტრაგიკული როლებისათვის. იყო დაბალი, მოხრილი, შეუმჩნეველი, მაგრამ როცა სცენაზე გამოდიოდა, მისი გარეგნული ნაკლოვანებები ქრებოდა. ეკჰოფს ჰქონდა არაჩვეულებრივი ხმა, მდიდარი მიმიკა, მეტყველი თვალები, ასახიერებდა როგორც ტრაგიკულ, ასევე კომიკურ როლებს. თანამედროვენი ეკჰოფს „გერმანული სამსახიობო სკოლის მამას“ უწოდებდნენ. იყო სერიოზული, საქმისადმი კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე. დასაწყისში ეკჰოფი ლაიფციგის სკოლის გავლენას განიცდიდა, ფრანგული კლასიციზმისთვის დამახასიათებელ ხერხებს იყენებდა (დეკლამაციის მღერადობა, „მხატვრული ჟესტები“). მოგვიანებით მან ფრანგული კლასიცისტური თამაშის სტილი უარყო და გათავისუფლდა კიდეც მისი ტყვეობიდან.

ეკჰოფი, როგორც თანამედროვეთა შეფასებიდან ჩანს, გარდასახვის მსახიობი იყო. დიდი გრძნობების გამოხატვის დროსაც კი კონტროლს უწევდა თავს, მიისწრაფოდა ბუნებრიობისაკენ და ვერ იტანდა ყალბ მსახიობურ პათოსს. ეკჰოფი, ნოიბერის მსგავსად, სამსახიობო სკოლის რეფორმაზე ოცნებობდა, მაგრამ, მისგან განსხვავებით, რეფორმის გატარება დაიწყო არა გარედან, არამედ შიგნიდან, მსახიობებთან მუშაობით. ეკჰოფი ცდილობდა აემაღლებინა მსახიობის კულტურული დონე და თვითშეგნება, ამ მიზნით შექმნა ე. წ. „მსახიობის ხელოვნების აკადემია“. მისი მიზანი იყო სცენის ხელოვნების გრამატიკის შესწავლა. აკადემია შექმნა შიონემანის დასის მსახიობებისგან. ეკჰოფი ითხოვდა, მსახიობს შეესწავლა არა მარტო თავისი როლი, არამედ მთელი პიესა. აუცილებლად მიაჩნდა რეპეტიცია, მსახიობთა მუშაობის შერწყმა (ანსამბლის შექმნა), რაც რეჟისორის არსებობას მოითხოვდა. იმ დროს გერმანიაში რეჟისორი არ არსებობდა. ეკჰოფი შეიძლება ჩაითვალოს პირველ გერმანელ რეჟისორად, მაგრამ სისტემატურად ვერ მუშობდა, რადგან შიონემანზე იყო დამოკიდებული. აკადემია არჩევდა რეპერტუარს, განიხილავდა პიესებს, ანაწილებდა როლებს და ატარებდა რეპეტიციებს. ეკჰოფის მიერ აკადემიაში დაწესებულმა მკაცრმა კონტროლმა, ყოფით საკითხებზე ჭორაობამ ინტრიგები გამოიწვია და ეკჰოფი ტოვებს აკადემიას. პრეზიდენტად რჩება შიონემანი, მაგრამ აკადემია მაინც დაიშალა. შიონემანმა ეკჰოფი დასის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნა. ეკჰოფი წლების მანძილზე განსაზღვრავდა შიონემანის დასის მხატვრულ სახეს. მისი ინიციატივით რეპერტუარი ძირითადად ფრანგული დრამატურგიისაგან შედგებოდა, დგამდნენ აგრეთვე გოლდონის პიესებს. გერმანული დრამატურგებიდან იდგმებოდა შლეგელი და გელერტი. 50-იანი წლებისთვის ეკჰოფი მეშჩანური დრამისკენ იხრება. შიონემანთან ბრძოლით დაღლილი 1757 წელს ტოვებს შიონემანის დასს. ეკჰოფის წასვლის შემდგომ დასი დაიშალა. ეკჰოფი ფრანც შუხის დასში გადადის. შემდეგ, ისევ ბრუნდება ჰამბურგში და შიონემანის ყოფილ დასს ჩაუდგება სათავეში. მოგვიანებით დასის ხელმძღვანელობას კოხს დაუთმობს. კოხი არ იყო თამაშის რეალისტური ხერხებისთვის მებრძოლი. მათ შორის კონფლიქტი ხდება. ეკჰოფი აკერმანის დასში გადადის.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები