რეალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეალიზმი – (გვიანლათ. realis – საგნიერი, ნამდვილი), სინამდვილის მხატვრული ასახვის პირობითი სახელწოდება; ტერმინი „რეალიზმი“ ხმარებაში შემოვიდა მე-19 საუკუნის 30-იან წლებშიში და გულისხმობდა ხელოვნების ნაწარმოების მაქსიმალური მიახლოებას ყოფით რეალიებთან. შემდგომში ამ ცნებამ განიცადა საგრძნობი ცვლილებები და დღეს იგი გაიგივებულია გარესამყაროს და ადამიანის ადეკვატურ ასახვასთან. რეალიზმი, როგორც შემოქმედებითი მეთოდი, მიზნად ისახავს განზოგადებული მხატვრული სახეების მეშვეობით გადმოსცეს ცხოვრების არსი ფაქტების ტიპიზაციის გზით. იგი დიდ ადგილს უთმობს სოციალური გარემოს ფაქტორს ადამიანის სულიერი ფორმირების პროცესში, ფართოდ ასახავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებულ შიდა წინააღმდეგობებს, ცდილობს ერთმანეთს მაქსიმალურად დაუახლოვოს რეალობა და მხატვრული ასახვის პრინციპები.

რომანტიზმისგან განსხვავებით იგი შორსაა ადამიანების და მოვლენების იდეალიზაციისაგან და ცდილობს ყველაფერი დაუქვემდებაროს ფხიზელ გონებას. ნატურალიზმისგან განსხვავებით იგი არ კმაყოფილდება ცხოვრების ფრაგმენტული, მიუკერძოებელი ასახვით. იგი ასახავს მხოლოდ მნიშვნელოვანს, მხოლოდ ტიპიურს და ამასთანავე აქვს გამოკვეთილი მორალური პოზიცია ასახული მოვლენების მიმართ.

რეალიზმი თეატრალურ ხელოვნებაში

რეალიზმმა თეატრში დაასრულა სამსახიობო და სარეჟისორო ხელოვნების პროფესიული ფორმირების პროცესი, შეითავსა რა ამ სფეროში კაცობრიობის მთელი გამოცდილება. განსხვავებით ყველა სხვა სკოლისაგან, მან დანერგა ერთგვარი უნივერსალიზმი თეატრალურ ხელოვნებაში. მანვე წარმოშვა დასის თანამოაზრეობის პრინციპი, გააერთიანა რაციონალური და ირაციონალური საწყისები შემოქმედების პროცესში, აუცილებელ პირობად აქცია ფორმისა და შინაარსის იდენტურობა, უდიდესი როლი მიანიჭა დრამატურგიას.

ყველა ზემოაღნიშნულ ღირსებებთან ერთად, რეალიზმს აღმოაჩნდა ისეთ „სუსტი წერტილებიც“, როგორიცაა კონსერვატულობა, ერთფეროვნება, რადიკალიზმი. რეალიზმის საზღვრების გაფართოების ყველა ცდა, მისი ადეპტების მიერ აღქმული იქნა როგორც იერიში რეალიზმის მთავარ პრინციპებზე. ბოლოს და ბოლოს რეალიზმად გამოცხადდა მთელი კლასიკური მემკვიდრეობა და იგი მიეწერა ანტიკური ხანის, აღორძინების, განმანათლებლობის, რომანტიზმის ეპოქის შედევრებს მსოფლიო ხელოვნებაში. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ხელოვნების აკადემიური სწავლება ეყრდნობა მხოლოდ რეალიზმს.

თეატრალურ ხელოვნებაში რეალიზმის ყველაზე მკაფიო და სრულყოფილი ნიმუშია XX ს. I ნახევრის მოსკოვის სამხატვრო თეატრის შემოქმედება, ხოლო სასცენო თეორიაში – სტანისლავსკის სისტემა.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები