კოკტო ჟან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან კოკტო

კოკტო ჟან - (ფრ. COCTEAU JEAN. 1889 - 1963) XX საუკუნის ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, მხატვარი და კინორეჟისორი.

ბიოგრაფია

ჟან კოკტო დაიბადა 1889 წელს საფრანგეთში. მისი პირველი პოეტური საღამო შედგა 1906 წელს პარიზში, ფემინას თეატრში. პირველი პოეტური კრებული 1909 წელს გამოვიდა.

კოკტო გვიანდელი სიმბოლიზმის გავლით პოეტურ ავანგარდამდე მივიდა, თუმცაღა მასზე გავლენა დადამ და სიურრეალისტების შემოქმედებამაც იქონია (ბრეტონი, ცარა, არაგონი და ელუარი). მასზე ყველაზე დიდ მხატვრულ შემოქმედებით შთაბეჭდილებად დიაგილევთან შეხვედრა იქცა. კოკტოს გვიანდელ ნამუშევრებში, მიუხედავად 20-იანი წლების დასაწყისში სიურრეალისტებთან დემონსტრატიული განხეთქილებისა, მაინც შეიმჩნევა სიურრეალისტთა პოეტიკის გავლენა (მაგალითისთვის, სიურრეალისტური მოტივები შეიმჩნევა მის ფილმში „პოეტის სისხლი“, რომელიც 1932 წელს განხორციელდა).

მჭიდრო სიახლოვე აკავშირებდა კოკტოს შემოქმედებას ახალგაზრდა მხატვრების, მუსიკოსების, თეატრალური მოღვაწეებისა და კინემატოგრაფისტების ძიებებთან. თავად იგი არა მხოლოდ პოეტი, არამედ მხატვარი, დრამატურგი და ესეისტიც იყო... 1916 წელს კოკტომ დაწერა ლიბრეტო ე. სატის ბალეტისათვის „აღლუმი“. ეს ბალეტი 1917 წელს დაიდგა და ფრანგული შემოქმედებითი ცხოვრების მოვლენად იქცა (სპექტაკლი გააფორმა პაბლო პიკასომ). ამ დადგმიდან ორი წლის შემდეგ გამოდის კოკტოს ესსე „მამალი და არლეკინი“, რომელიც თავისებურ საპროგრამო მანიფესტად იქცა ე. სატისთვის, დ. მიიოსთვის, ა. ონეგერისთვის, ფ. პულენკისა და „ექვსეულის“ სხვა კომპოზიტორთათვის. ეს გახდა მიზეზი განხეთქილებისა კოკტოსა და სტრავინსკს შორის. კოკტო გამოვიდა დებიუსის იმპრესიონისტული მუსიკის წინააღმდეგ, „დაბალი“ მუსიკალური ჟანრების დაცვით. მისი შემოქმედების ამ პერიოდს შესამჩნევად ახასიათებს უცნაური გადაკვეთა ელიტარული ესთეტიკისა მოედნის ჟანრების პოეტიკასთან, ცირკსა და მიუზიკ ჰოლთან. ახალგაზრდა კომპოზიტორებთან თანამშრომლობით კოკტო ქმნის პანტომიმა-გროტესკს „ხარი სახურავზე“ („Le Boeuf sur le toit“, 1920) და „ეიფელის კოშკის ახალდაქორწინებულნი“ („Les Mariés de la Tour Eiffel“, 1921). ფარსულ და ბალაგანურ თეატრში პირველი ცდებიდან კოკტო ანტიკურ თეატრს უბრუნდება და ქმნის საკუთარ ვერსიას ბერძნულ მითებზე. სწორედ ასე შეიქმნა „ანტიგონე“ (1922), სტრავინსკისათვის ოპერის ლიბრეტო „მეფე ოიდიპოსი“ (1925), „ორფეოსის“ (1925) თანამედროვე გადაწყვეტა, რომელშიც ბუნებრივად ერთიანდება ორი საწყისი: ტრაგიკული და ვოდევილური. რამდენიმე წლის შემდეგ იგი კვლავ უბრუნდება და გადაამუშავებს მითს ოიდიპოსზე - „ჯოჯოხეთის მანქანა“ („La Machine infernale“, 1932). მოგვიანებით კოკტო წარმატებით სცდის საკუთარ ძალებს სხვა ტრადიციულ ჟანრში - ბულვარულ მელოდრამაში და მასში შეაქვს უჩვეულო დახვეწილობა და ინტელექტუალიზმი. ასე გაჩნდა პიესები: „ადამიანის ხმა“ („La Voix humaine“, 1930), „საშინელი მეზობლები“ („Les Parents terribles“, 1938), „წმინდა ურჩხული“ (1940) და „საბეჭდი მანქანა“ (1940). კოკტოს უკანასკნელი დრამატურგიული ცდებია პიესები ლეგენდარულ რომანტიკულ სიუჟეტებზე: „მრგვალი მაგიდის რაინდები“ (1937), „რენო და არმიდა“ (1941), „ორთავიანი არწივი“ („L’Aigle à deux têtes“, 1946) და „ვაკხი“ (1952). რეალური და ზმანებათა სამყაროს, გამომგონებლობისა და თვითმოტყუების თანაარსობა და ერთმანეთში გადახლართვა - კოკტო-რომანისტის საყვარელი თემაა („თვითმარქვია თომა“, „Thomas l’Imposteur“, 1933; „საზარელი ბავშვები“ - „Les Enfants terribles“, 1929). კოკტოს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მის კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებს, რომლებშიც პირველად ხვდება სახელმოხვეჭილ ჟან მარეს. ამ ფილმებში ჟან მარე რომანტიკულ გმირებს ასახიერებს („მარადი დაბრუნება“, 1943; „ლამაზმანი და ურჩხული“, 1945; „ორფეოსი“, 1950; „ორფეოსის ანდერძი“, 1959). სიცოცხლის ბოლოს კოკტო არჩეულ იქნა საფრანგთის აკადემიის წევრად.

კოკტო გარდაიცვალა პარიზში 1963 წელს.

გამოცემები ქართულ ენაზე

  • ადამიანის ხმა: [მოთხრობა] / ჟ. კოკტო; მთარგმ. მ. მიქელაძე. მნათობი თბილისი, 1988. N8, გვ.97-103
  • მამალი და არლეკინი / ჟ. კოკტო; თარგმ. გ. ლოლაძემ. რიწა 1981, N7, გვ.218-222
  • ლიტერატურული ჩანახატები: [ლექსები, ესეები, კრიტიკული აფორიზმები] / [ფრანგ. თარგმნა გ. ლოლუაძემ].თბ.: საბჭ. საქართველო, 1982.
  • ორფიკული კინოტრილოგია: პოეტის სისხლი, ორფეოსი, ორფეოსის ანდერძი / ჟან კოკტო; [თარგმ. ფრანგ., წინასიტყვ. და კომენტარები თინათინ სიხარულიძისა].
  • რილკეს ლამპა: მოგონებათა სკივრი / ჟან კოკტო ; ფრანგულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ. ჩვენი მწერლობა თბილისი, 2007. 1987-7730 11 მაისი, N10(36), გვ.26
  • ქცევის შესახებ: [აფორიზები] / ჟ. კოკტო; ფრანგ. თარგმნა გ. ლოლაძემ. კრიტიკა 1984, N4, გვ.191-193
  • არამც და არამც: [ნაწყვეტი პოემიდან სიტყვა ღრმა ძილზე] / ჟ. კოკტო; თარგმანი გ. ლოლაძისა. ახალგაზრდა კომუნისტი თბილისი, 1982. 11 თებერვალი
  • “და ზოგჯერ ღამით...“; „განა მე ვმღერი...“: [ლექსები] / ჟ. კოკტი; თარგმ. გ. ლოლაძისა. ახალგაზრდა კომუნისტი თბილისი, 1977. 31 დეკემბერი
  • საკუთარ სტილზე / ჟ. კოკტო; თარგმ. გ. ლოლაძემ. კრიტიკა 1992, N1, გვ.150-151





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები