კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია - ფსიქოთერაპიის ერთერთი მიმართულება. ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა მოახდინეს კოგნიტური მეთოდების ინტეგრაცია ქცევით თერაპიასთან. ამ კომბინაციის შედეგად წარმოიშვა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის თანამედროვე მეთოდები. არსებულ მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის მონაცემებისა და მკურნალობის შედარებით ხანმოკლე და მკაფიო პროცედურების გამო, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია გადაიქცა მრავალი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო უპირატეს მეთოდად.

ყველა ფსიქიკურ აშლილობას გააჩნია კოგნიტური და ქცევითი კომპონენტი. პაციენტის გამოჯანმრთელება ამ კომპონენტების შეცვლას საჭიროებს. სხვა სახის მკურნალობისას ცვლილება არაპირდიპირი გზით ხორციელდება. მაგალითად, გუნებ-განწყობა უმჯობესდება ანტიდეპრესანტებით მკურნალობის შედეგად, ან მოცემული აშლილობის წარმოშობის უკეთ გაგების შედეგად, რაც ფსიქოთერაპიით მიიღწევა. ამის საპირისპიროდ, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია უშუალოდ ცვლის ქცევას და კოგნიციას. დინამიკური ფსიქოთერაპიისაგან განსხვავებით, მას არ აინტერესებს ის, თუ რა სახით განვითარდა აშლილობა წარსული მოვლენებიდან. ამის ნაცვლად, აქცენტი გადატანილია იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს მკურნალობის დროს აშლილობის შენარჩუნებას.

კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, აინტერესებს ის ფაქტორებიც, რომლებიც ახდენს სიმპტომების ან ანომალიური ქცევის პროვოცირებას. ასეთი ფაქტორები ყველაზე აშკარად თავს ფობიკური აშლილობის დროს იჩენს, თუმცა ისინი ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად თვალსაჩინოა სხვა სახის აშლილობების დროსაც. მაგალითად, ნერვული ბულიმიის დროს ჭარბი კვების ეპიზოდები შეიძლება პროვოცირებული იყოს ისეთი სიტუაციებით, რომლებშიც პაციენტი არასრულფასოვნად განიცდის თავს. აშლილობის ყველაზე გავრცელებული შემანარჩუნებელი ფაქტორი განრიდებაა. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფობიკური და შფოთვითი აშლილობების დროს, რადგანაც ხელს უშლის შფოთვითი რეაქციის ჩაქრობას. მრავალი ქცევის შენარჩუნებას ქცევის შედეგები განაპირობებს. მაგალითად, შფოთვის მაპროვოცირებელი სიტუაციიდან გაქცევას მოჰყვება შფოთვის შესუსტება, რაც განამტკიცებს ფობიკურ განრიდებას. ინტენსიური ყურადღება ქცევის კიდევ ერთი ძლიერი განმამტკიცებელია. მაგალითად, ბავშვის ხმაურიანი და უმართავი ქცევა განმტკიცდება, თუ მშობლები ბავშვს უფრო მეტ ყურადღებას მაშინ აქცევენ, როდესაც ის ამგვარად იქცევა, ვიდრე როდესაც ის კარგად იქცევა და მშვიდად არის.

ზოგადად, კოგნიტური თერაპია ყურადღებას ამახვილებს ანომალიური აზროვნების ორ ტიპზე: ინტრუზიულ აზრებზე („ავტომატურ აზრებზე“) და დისფუნქციურ რწმენებსა და დამოკიდებულებებზე („დისფუნქციური დაშვებები“). ინტრუზიული აზრები ახდენს მყისიერი ემოციური რეაქციის (ჩვეულებრივ, შფოთვის ან დეპრესიის) პროვოცირებას. დისფუნქციური რწმენები და დამოკიდებულებები განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღიქმება სიტუაცია და როგორ მოხდება მისი ინტერპრეტაცია.

ითვლება, რომ არსებობს სამი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს დისფუნქციური რწმენებისა და დამოკიდებულებების შენარჩუნებას:

  1. სელექციური ყურადღება. ყურადღების მიქცევა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ადასტურებს ადამიანის რწმენებსა და დამოკიდებულებებს და ისეთი ინფორმაციის იგნორირება და გაუთვალისწინებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება მათ. მაგალითად, სოციალური ფობიის მქონე პაციენტი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს სხვების კრიტიკულ ქცევას, ვიდრე იმ მინიშნებებს, რომლებიც მოწონებასა და მიმღებლობას გამოხატავს.
  2. ალოგიკურად აზროვნება, რომელიც რამდენიმე სახით მჟღავნდება. ინფორმაცია სამი ტიპის ალოგიკური აზროვნების შესახებ მოცემულია ბოქსში.
  3. უსაფრთხოების ძიებაზე მიმართული ქცევა. ეს ქცევა იმის გამო ხორციელდება, რომ პიროვნების რწმენით, ის ამცირებს უშუალო საფრთხეს, მაგრამ ასეთი ქცევა ხელს უწყობს პრობლემების შენარჩუნებას. მაგალითად, პაციენტმა, რომელსაც ეშინია, რომ გული წაუვა პანიკის შეტევის დროს, შეიძლება შფოთვის განცდისას ყოველთვის დაძაბოს კუნთები იმ იმედით, რომ ამით გულის წასვლას აირიდებს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს გული არ წასვლია პანიკის მრავალი შეტევის დროს, ის მაინც დარწმუნებულია, რომ ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ კუნთების დაძაბვაა. შესაბამისად, მას კვლავ ეშინია, რომ შეიძლება, მომავალში, გული წაუვიდეს.
ალოგიკური აზროვნების მაგალითები
  • ზეგენერალიზაცია. პაციენტებს გამოქვთ ზოგადი დასკვნები ცალკეული შემთხვევებიდან (მაგალითად, მას მე არ ვუყვარვარ, ესე იგი არავის არასოდეს შევუყვარდები);
  • სელექციური აბსტრაქცია. პაციენტები ყურადღებას ამახვილებენ სიტუაციის ერთ უარყოფით ასპექტზე და უგულებელყოფენ მის დადებით ასპექტებს.
  • პერსონალიზაცია. პაციენტები ადანაშაულებენ საკუთარ თავს სხვა ადამიანების ქცევის შედეგების გამო.
  • „ყველაფერი ან არაფერი“. პაციენტი ხედავს სიტუაციას შავ-თეთრ ფერებში. (მაგალითად, ადამიანი ან მთლიანად კარგია ან მთლიანად ცუდი, ნაცვლად იმისა, რომ მასში კარგი და ცუდი თვისებების ნაზავი დაინახოს).

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ზოგადი მახასიათებლები

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია შემდეგი ნიშნებით ხასიათდება:

  • პაციენტი აქტიური პარტნიორია. პაციენტი მკურნლობისას აქტიურ როლში იმყოფება, თერაპევტი კი მრჩეველის და ექსპერტის როლში, რომელიც სვამს კითხვებს, სთავაზობს პაციენტს ინფორმაციას და უძღვება მას.
  • ყურადღების გამახვილება მაპროვოცირებელ და შემანარჩუნებელ ფაქტორებზე. პაციენტი ყოველ დღე აწარმოებს დღიურს, რათა დაადგინოს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უძღვის ან მოსდევს აშლილობას, ან რომლებიც ახდენს მის პროვოცირებას ან ხელს უწყობს მის შენარჩუნებას. ზოგჯერ, ასეთ მიდგომას ABC მიდგომას უწოდებენ, სადაც A აღნიშნავს „წინმსწრებს” (antencedent) B

- „ქცევას” (behaviour), xolo C - „შედეგს” (consequence).

  • ყურადღების გამახვილება აზროვნების სტილზე. ისეთი აზრების დაფიქსირება, რომლებიც დაკავშირებულია ქცევით ან ემოციურ დარღვევებთან, სიტუაციებთან, სადაც ეს აზრები იჩენს თავს და თანმხლებ გუნებ-განწყობასთან.
  • მკურნალობა, როგორც გამოკვლევა. ჩვეულებრივ, თერაპიული პროცედურები წარმოდგენილია ექსპერიმენტის სახით. მაშინაც კი, როდესაც ეს პროცედურები ვერ აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას, ისინი ეხმარება პაციენტს უფრო მეტი შეიტყოს საკუთარი მდგომარეობის შესახებ.
  • საშინაო დავალება და ქცევითი ექსპერიმენტი. პაციენტი ვარჯიშობს ახალი ქცევის შესრულებაში თერაპევტთან ერთად ან ატარებს ექსპერიმენტს თერაპევტის მიერ შემოთავაზებული განმარტების შესამოწმებლად. ბოქსში მოცემულია ქცევითი ექსპერიმენტის მაგალითი.
  • მკაცრად სტრუქტურირებული სეანსები. თითოეულ სეანსზე ხდება განრიგის შეთანხმება და იმის განხილვა, თუ რა პროგრესი იქნა მიღწეული ბოლო სეანსის შემდეგ. გარდა ამისა, განიხილება ნებისმიერი საშინაო დავალება. განიხილება ახალი თემები, იგეგმება შემდეგი კვირის დავალება და ჯამდება სეანსის მთავარი პუნქტები.
  • პროგრესის მონიტორინგი. პროგრესი არ ფასდება მხოლოდ პაციენტის ვერბალურ ანგარიშზე დაყრდნობით. ის, აგრეთვე, გულისხმობს პაციენტის ყოველდღირი ჩანაწერების შემოწმებას და, ზოგჯერ, შეფასების ფორმალური სკალის გამოყენებას.
  • ხშირად გამოიყენება მკურნალობის სახელმძღვანელო, სადაც აღწერილია შესაბამისი პროცედურები და მათი გამოყენების წესი. სახელმძღვანელოს არსებობა უზრუნველყოფს იმას, რომ სხვადასხვა კლინიცისტების მიერ გამოყენებული პროცედურები ახლოა იმ პროცედურებთან, რომლებიც კლინიკური გამოკვლევების მიხედვით ეფექტურადაა შეფასებული.
აგორაფობიის მქონე პაციენტის ჩანაწერი ქცევითი ექსპერიმენტის შესახებ
  • სიტუაცია: საყიდლებზე წასვლა ხალხმრავალ სუპერმარკეტში.
  • ჩემი პროგნოზი: პანიკაში ჩავვარდები და თავბრუ დამეხვევა. გული წამივა, თუ არ დავძაბავ მუცლის კუნთებს და ღრმად არ ვისუნთქებ.
  • ექსპერიმენტი: შფოთვის დროს არ დაძაბო მუცლის კუნთები და ღრმად არ ისუნთქო.
  • შედეგი: საშინელ პანიკაში ჩავვარდი. თავბრუ დამეხვა, მაგრამ ჩვეულებრივზე ნაკლებად. გული არ წამსვლია.
  • რა ვისწავლე: გული არ წამსვლია, მიუხედავად იმისა, რომ საშინელ პანიკაში ჩავვარდი და არაფერი გამიკეთებია იმისათვის, რომ ამეცილებინა გულის წასვლა. როგორც ჩანს ვცდები, როდესაც ვფიქრობ, რომ გული წამივა ყოველთვის, როცა კი პანიკაში ჩავვარდები. გარდა ამისა, დაძაბულობა და ღრმა სუნთქვა შეიძლება არ იწვევს იმ ეფექტს, რომელიც მე მგონია. შესაძლოა ჩემი თერაპევტი სწორედ მიიჩნევს, რომ ღრმა სუნთქვის გამო კიდევ უფრო მეხვევა თავბრუ.
  • რა უნდა გავაკეთო შემდეგ ჯერზე: გავიმეორო ექსპერიმენტი შემდეგ ჯერზე საყიდლებზე წასვლისას.



იხილე აგრეთვე

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები