ბიჰევიორული თერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიჰევიორული თერაპია - ფსიქოთერაპიის ერთერთი მიმართულება. ინტერესი მეცნიერულ ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული მკურნალობის მიმართ სათავეს იღებს ჟანეს მეთოდიდან, რომელიც პაციენტის „ხელახალ განათლებას“ გულისხმობდა (Janet, 1925), უოტსონისა და რაინერის მიერ გამოყენებული მიდგომიდან (Watson and Rayner, 1920), რომელიც გულისხმობდა დასწავლის პრინციპების გამოყენებას ბავშვებთან შიშის მკურნალობისას, და 1930-იან წლებში, ავერსიული თერაპიის გამოყენებიდან ალკოჰოლიზმის მკურნალობის მიზნით. თუმცა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მხოლოდ 1950-იან წლებში მიაღწიეს, როდესაც ლონდონის მოუდსლის საავადმყოფოში მომუშავე ფსიქოლოგებმა გამოთქვეს უკმაყოფილება ფსიქოანალიზთან დაკავშირებული ექსტრავაგანტული განაცხადებისა და მისი არამეცნიერული მიდგომის გამო. მათ ფობიკური აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობისას დაიწყეს დასწავლის პრინციპების გამოყენება იმ იმედით, რომ ამგვარი გამოცდილება მოცემული პრინციპების უფრო ფართო გამოყენებაში დაეხმარებოდა. დაახლოებით იმავე პერიოდში, სამხრეთ აფრიკაში მომუშავე ფსიქიატრმა ჯოზეფ ვოლპმა განავითარა მსგავსი იდეები, რომლებიც ჩამოაყალიბა თავის ერთ-ერთ გავლენიან წიგნში „ფსიქოთერაპიის ჩატარება რეციპროკული ინჰიბიციის გამოყენებით (Psychotherapy by Reciprocal Inhibition, Wolpe, 1958). ამავე პერიოდში, შეერთებულ შტატებში სკინერმა (Skinner, 1953) გამოთქვმა მოსაზრება ოპერანტული განპირობების პრინციპების გამოყენებით ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის თაობაზე. გარკვეულ პერიოდში ეს იდეები საკმაოდ გავლენიანი იყო.

ვოლპის იდეები გაიზიარეს დიდ ბრიტანეთში, რადგანაც ისინი ძალიან კარგად მოერგო მოუდსლის საავადმოყოფოს ინიციატივას, მაგრამ შეერთებულ შტატებში, უფრო დიდი ინტერესი სკინერის იდეებმა დაიმსახურა, ყოველ შემთხვევაში, ფსიქოლოგთა შორის. მოგვიანებით, ეს ორი მიდგომა ერთმანეთს შეერწყა და ამ ქვეყნებში, ამჟამად, ერთმანეთის მსგავსი მეთოდები გამოიყენება.

მკურნალობის ამ ახალი მეთოდების შეფასების მიმართ სერიოზულმა ინტერესმა დასაწყისშივე იჩინა თავი. პირველ კლინიკურ კვლევაში (1978) დესენსიტიზაცია შეადარეს ინდივიდუალურ და ჯგუფურ დინამიკურ ფსიქოთერაპიას (Gelder et al., 1978). თანამედროვე სტანდარტებით კვლევას მრავალი სისუსტე ახასიათებდა, მაგრამ, შემდგომში, თანდათან დაიხვეწა და, ამჟამად, გამოყენებული ბიჰევიორული მეთოდების უმრავლესობისთვის არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მყარი მონაცემები. ხოლო ის მეთოდები, რომლებსაც ასეთი მტკიცებულება არ გააჩნია, ხმარებიდან არის ამოღებული.

იხილე აგრეთვე

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები