კარსანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარსანი – პატარა მთაგორიანი სოფელია საქართველოში, მცხეთის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, თბილისსა და მცხეთას შორის მოქცეულ პატარა ხეობაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, მცხეთიდან 8 კმ.

სახელწოდება

ტოპონიმი, წარმოშობას ხალხური ტრადიციული გადმოცემა სიტყვა კარს უკავშირებს: „ამ სოფელს ძველად შემოვლებული ჰქონია დიდი ქვითკირის გალავანი; გალავანში დატანებული ყოფილა სამი კარი: ერთი –მცხეთისა, მეორე სადიდგორო, მესამე საქალაქო. ამ სამი კარის გამოთ სოფელს დარქმევია კარ-სამი, მერე და მერე კარსამი გადაკეთებულა კარ-სანად და დღესაც ეგრე ეძახიან“ (გიორგი სულხანიშვილი, ქ. მცხეთა, ჩაწერ. 1976 წ.).

საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა ეს ხალხური ვერსია შეიძლება სარწმუნოდაც კი მიიჩნიოს, მაგრამ სპეციალისტს იგი, ბუნებრივია, ვერ დააკმაყოფილებს, რადგან მონათხრობი ამბის ხელოვნურობა აშკარაა. საქმე ის გახლავთ, რომ ქართულ ტოპონიმებში რაოდენობითი რიცხვითი სახელები (სამი ხუთი, შვიდი, ცხრა) მხოლოდ პირველ ფუძედ (მსაზღვრელად) შეიძლება შეგვხვდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართული ენისათვის ბუნებრივი და აუცილებელია ასეთი წყობა: სამ-გორი, ცხრა-წყარო (მეგრ. ჩხორო-წყუ), ორ-წყვალი, ხუთ-პანტები ოთხ-თვალა ტყე, სამ-ზიარი, სამთა–წყარო, ორ-ბოძალა, ორ-გორა, ორ-პირი, ორ-ხევი, ცხრა-ფონა. წარმოუდგენელია რიცხვითი სახელის ბოლოში გადასმა: გორ-სამი, წყარო-ცხრა, წყალ-ორი, ხევ-ორი, ფონა-ცხრა და ა.შ. თუ ამ უგამონაკლისო წესით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ცხადი გახდება რომ კარსანი კარი-სამი-საგან არ შეიძლებოდა მიგვეღო.

სპეციალისტთათვის ცნობილია სხვაგვარი მოსაზრებაც. ი.მაისურაძის ვარაუდით კარსანი ეს იგივე კარისანია, რაც თურმე „ბუნებრივად ეგუება ამ ადგილის როგორც მდებარეობას, ისე მის ფაქტობრივ როლს ქართლის (არმაზის) დაცვაში“. აღნიშნული მოსაზრება უთუოდ საყურადღებოა და ანგარიშგასაწევიც, მაგრამ მისი საბოლოოდ გაზიარება, ჩვენი ფიქრით, მაინც ჭირს, რადგან კარისანი რაღაც შესიტყვების ფრაგმენტს (ნაშთს) მოგვაგონებს („ზღუდენი კარისანი“, „ადგილნი კარისანი", „ნაშთნი კარისანი“…), თანაც უძველესი ქართული საისტორიო წყაროები ამ ტოპონიმს იცნობენ როგორც კარსანი და არა კარისანი. ყოველ შემთხვევაში ტოპონიმი კარსანი ქართულ ეკონომიკურ საბუთებში XIV საუკუნიდან მხოლოდ ამ ფორმით დასტურდება.) ქართული საისტორიო წყაროები სოფლის სახელად გვიდასტურებენ აგრეთვე კარასანს. და კარანს, მაგრამ ჩვენ ორივე ეს ფორმა გადამწერთა მექანიკურ შეცდომად მიგვაჩნია. კარსანი ძალზე დიდი ხნოვანების ტოპონიმია. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (X ს.) იცნობს დიდ საეკლესიო მოღვაწეს ლონგინოზ კარსნელს, რომელსაც ელიოზ მცხეთელთან ერთად მცხეთაში („საუფლო ქალაქში“) იესო ქრისტეს კვართი ჩამოუტანია. ყველა წყაროში გარკვევითაა მოცემული კარსანი, ნავარაუდევი კარისანი კი არსად დასტურდება.

ტოპონიმ კარსანის წარმოშობის ისტორია შეიძლება გაგვარკვევინოს ქართული ენის დიალექტთა მონაცემებმა, ჯავახურ კილოში, მაგალითად, დადასტურებულია სიტყვა ქარსანი. (მესხ. ქარსანგი), რაც ნიშნავს; „ცომის მოსაზელი ხის გობი“, „ვარცლი“. სოფელი კარსანი მართლაც ვარცლისებრი მოყვანილობის ღრმულში, ორ ქედს შუა მოქცეულ ჩოლედშია გაშენებული, რაც ზუსტად მიესადაგება მესხურ-ჯავახურში დაცული ქარსან-||ქარსანგ- სიტყვის შინაარსს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადრეულ საუკუნეებში სიტყვა ქარსანი ვარცლის მნიშვნელობით აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებშიც იყო გავრცელებული და სოფლის სახელიც მის მიხედვით წარმომდგარა.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები