კათოლიკე ეკლესია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კათოლიკე ეკლესია საქართველოში - ისტორიულ წყაროთა თანახმად, ქართველების სარწმუნოებრივი კავშირი რომთან ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებისთანავე მყარდება: ქართველთა განმანათლებელი წმიდა ნინო, მეფე მირიანი და მთელი ქართლის ერი იღებს კურთხევის წერილს რომის პაპისაგან, წმ. სილვესტრე I-ისაგან (314-335), რომელსაც მცხეთაში ვინმე „ბრანჯი“ მთავარდიაკონი ჩამოიტანს.

596 წელს, მართლმადიდებლობას დაბრუნებულ ნესტორიანელთა ხელახალი მონათვლის საკითხის გადასაწყვეტად ქართლის კათოლიკოსი კირიონ I მსაჯულად და განმსჯელად რომის ეპისკოპოსს მიმართავს და სამოციქულო საყდრიდან იგი წმიდა პაპის, გრიგოლ დიდის (590-604), სამოძღვრო წერილს იღებს.

XIII საუკუნიდან საქართველოში მოღვაწეობას იწყებს ლათინური წესის სამღვდელოება. 1240 წელს პაპი გრიგოლ IX (1227-1241) რუსუდან მეფესთან ფრანცისკელ მოძღვრებს აგზავნის. მათ მალე დომინიკელებიც უერთდებიან, რომლებიც მონასტერს ააგებენ თბილისის შუაგულში. 1328 წელს პაპი იოანე XXII (1316-1334) აფუძნებს თბილისის ლათინური წესის საეპისკოპოსოს, ხოლო 1230 წელს ამ სამღვდელმთავრო კათედრის მმართველად - თბილისის პირველ ლათინ კათოლიკე ეპისკოპოსად - ინიშნება ფლორენციელი დომინიკელი იოანე, რომელსაც, როგორც ჩანს, მანამდე გარკვეულ ხანს უცხოვრია საქართველოში და ქართულ ენასაც დაუფლებია. ამ კათედრამ 1507 წლამდე იარსება და მას თანმიმდევრობით 12 ეპისკოპოსი მართავდა.

სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაციის 1632 წლის დეკრეტის საფუძველზე საქართველოს კათოლიკეები დაექვემდებარნენ ისპაჰანის ლათინური წესის ეპისკოპოსს, ხოლო შემდგომში თბილისში დაწესდა სამოციქულო სავიკარიუსო. XVII საუკუნეში ქართული სამეფო-სამთავროებისაკენ რომიდან წარმოგზავნილი მისიონერები - ავგუსტინელი და იეზუიტი მოღვაწეები - გამოემართებიან. 1626 წელს პაპი ურბანუს VIII (1623-1644) საქართველოში აგზავნის თეატინელთა ორდენის წევრებს, რომლებიც ქვეყანაში 1700 წლამდე იმყოფებოდნენ. მალე მათ გვერდით გაჩნდნენ კაპუცელებიც, რომელთა საქმიანობა გრძელდებოდა 1661 წლიდან 1845 წლამდე, - იმ დრომდე, სანამ ისინი საქართველოდან რუსეთის ხელისუფლებამ გააძევა.

ამ დროს კათოლიკეები ღირსშესანიშნავ კვალს ამჩნევენ ქართულ კულტურას. მათი მეურვეობით რომში იბეჭდება პირველი ქართული წიგნები: ლორეტას ლიტურგია, ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ქართული ენის გრამატიკა; ისინი პირველად ჩაიწერენ ქართულ ზღაპრებს, შეადგენენ ქვეყნის სხვადასხვაგვარ აღწერილობებს, შეკრებენ ქართული სინამდვილის ამსახველ წყაროებს და სხვ.

ქართველ მეფეებსა და კათალიკოსებს ინტენსიური მიმოწერა აქვთ რომის საყდართან. კათოლიკე სამღვდელოება ჩნდება მეფეთა და დიდებულთა კარზე. ქვეყანაში ჩნდება კათოლიკური სასკოლო-საგანმანათლებლო და სამკურნალო კერები.

1628 წელს პორტუგალიელი ავგუსტინელი მოღვაწეები მეფე თეიმურაზ I-ს ჩამოუტანენ დედამისის, ქეთევან დედოფლის, ნეშტს. სამადლობელოდ, მეფე ჩამოსულებს მიწას აჩუქებს გორში, სადაც შემდგომში კათოლიკური ტაძარი აშენდება.

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სულხან საბა ორბელიანი (1758-1725), რომელიც 1714 წელს რომში გულთბილად მიიღო პაპმა კლემენტი XI-მ (1700-1721).

XVIII საუკუნეში თბილისში კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრის აღდგენის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. მეფე თეიმურაზ II-ის დროს კათოლიკობაზე მოქცევაში ბრალდებული კათალიკოს ანტონ I-ის (1720-1788) გადაყენებას ქართლში კათოლიკეთა დევნა მოჰყვა. კათოლიკეებს ჩამოერთვათ ყოველგვარი ქონება, ხოლო კათოლიკე სამღვდელოება გააძევეს საქართველოდან. თუმცა შემდგომში, ერეკლე II-ის დროს, კათოლიკე ეკლესიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კათოლიკეები ისევ ჩნდებიან ქართულ სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივ თუ კულტურულ ასპარეზზე.

XIX საუკუნის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ქართული სამეფო-სამთავროები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, კათოლიკე მოღვაწეთა საქმიანობა უფრო მეტად კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროსაკენ გადაიხარა.

XIX საუკუნის განმავლობაში საქართველოში შენდება კათოლიკური ტაძრები: თბილისში - წმიდა მარიამის ზეცად აღყვანებისა (1804; ამჟამინდელი საკათედრო ტაძარი) და წმიდა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (1877), ქუთაისში - წმიდა მარიამის უბიწოდ ჩასახვისა (1826-1860), ბათუმში - წმიდა მარიამის შობისა (1903; კათოლიკე ძმების, ზუბალაშვილების ნივთიერი შემწეობით) და სხვ.

1850 წლიდან საქართველოს კათოლიკეები შედიან ტირასპოლის ეპისკოპოსის იურისდიქციაში, რომლის რეზიდენცია რუსულ ქალაქ სარატოვში მდებარეობდა. კათოლიკე სამღვდელოება მთელ საქართველოში ამ დროს ადგილობრივი იყო, რომელთა დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა 1861 წელს კონსტანტინოპოლში (სტამბოლში) დაფუძნებულ უბიწოდ ჩასახვის კონგრეგაციის საძმოს (ქართული კათოლიკური საკრებულო სტამბოლში 1974 წლამდე არსებობდა). ამ დროს დიდად უწყობენ ხელს წიგნიერების განვითარებას, ეროვნული ცნობიერების გაღვივებას, ქართული კულტურის გავრცელებასა და გაღრმავებას ქართველი კათოლიკე მოძღვარნი (პეტრე ხარისჭირაშვილი, იოანე გვარამაძე, იოსებ ხუციშვილი, ანდრია წინამძღვრიშვილი, მიქელ თამარაშვილი, დომინიკე პაწაძე, ალფონს ხითარიშვილი, ანსელმ მღებრიშვილი, დამიანე სააკაშვილი, გაბრიელ ასლანიშვილი, მიხეილ თარხნიშვილი და სხვ.).

ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ საქართველოს კათოლიკეებს დიდი დევნა დაატყდათ თავს. ამ დროს საქართველოში 50 000-მდე კათოლიკე ცხოვრობდა. დაიხურა და დაინგრა ტაძრები: საქართველოში მანამდე მოქმედი 60 კათოლიკური ტაძრიდან კომუნისტური რეჟიმის ხანაში მოქმედებდა ერთადერთი - თბილისის წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ტაძარი. ფაქტობრივ, განადგურდა მთელი ქართველი კათოლიკე სამღვდელოება. არქიმანდრიტი შიო ბათმანიშვილი (1885-1937), რომელიც პაპმა პიუს XI-მ რომში პირადი შეხვედრის შემდეგ საქართველოს კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორად დანიშნა, სოლოვკის საკონცენტრაციო ბანაკში, ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, 1937 წელს დახვრიტეს. უკანასკნელი ქართველი მღვდლები, რომელთაც მრავალი დევნა-პატიმრობა გადაიტანეს და რომლებიც თბილისში საბჭოთა პერიოდში მსახურებდნენ, იყვნენ ემანუელ ვარდიძე (1886-1966) და კონსტანტინე საფარიშვილი (1887-1973). მათ შემდეგ საქართველოში ადგილობრივ კათოლიკე მღვდელს აღარ უმსახურია.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რაც 1991 წელს კომუნიზმის დაცემასა და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, ნელ-ნელა დაიწყო საქართველოში კათოლიკე ეკლესიის განახლების ხანა. აღორძინდა ლათინური, სომხური და ასირიულ-ქალდეური წესის კათოლიკური საკრებულოები. დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობანი წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის, რის შედეგადაც დაარსდა წმიდა საყდრის სამოციქულო სადესპანო საქართველოში და საქართველოს საელჩო წმიდა საყდართან. საქართველოში კათოლიკე ეკლესიის საქმიანობის წარმართვისათვის შეიქმნა ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია. 1997 წელს სამოციქულო ადმინისტრატორად დაინიშნა სტიგმელთა კონგრეგაციის წევრი, მღვდელი ჯუზეპე პაზოტო, რომელიც 2000 წელს ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.

ამოქმედდა კათოლიკური ტაძრები და საკრებულოები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალციხეში, სამცხეჯავახეთში, იმერეთში, გურიაში, კახეთში. აშენდა რამდენიმე ახალი ტაძარი. კათოლიკეებს მიაჩნიათ, რომ ხუთ, ისტორიულად კათოლიკური ტაძარში, უსამართლოდ აქვს მითვისებული საქართველოს საპატრიარქოს საკრებულოებს.

ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს კამილელთა ორდენი, სტიგმელთა კონგრეგაცია, დედა ტერეზა კალკუტელის მოწყალების ორდენი, სალეზელთა საზოგადოება და სხვ.; შეიქმნა საქველმოქმედო კათოლიკური ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასი“, თბილისის კათოლიკური საავადმყოფო „კაცთა მაცხოვარი“ და სხვა საქველმოქმედო-კულტურული დაწესებულებანი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაარსდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი, ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი, იბეჭდება საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე „საბა“, აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობის ჟურნალი „დიალოგი“, კათოლიკური შინაარსის წიგნები (მათ შორის, „კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო“, „ვატიკანის II კრება“, პაპის ენციკლიკები და სხვ.).

საქართველოს კათოლიკეთა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო რომის პაპის, იოანე პავლე II-ის (19782005), სტუმრობა საქართველოში 1999 წლის 89 ნოემბერს.

მერაბ ღაღანიძე


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები