ანტონ I (1720-1788)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ I აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი

ანტონ პირველი - Anthon I, Aнтон I, 1720-1788

ქართლის მეფე იესესა და ერეკლე I-ის ასულის, ელისაბედის ვაჟი. ქართლის სამეფოს ტახტის მემკვიდრე, უფლისწული თეიმურაზ ბაგრატიონი, როგორც მას ერისკაცობაში ერქვა, იზრდებოდა თელავის სასახლეში, თავის ბიძაშვილთან, ერეკლე II-სთან ერთად, რომელთანაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მჭიდრო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. მეფის კარის წიგნთსაცავებში, დავითგარეჯის წინამძღვრის, სპირიდონის ხელმძღვანელობით, მან ფართო განათლება მიიღო. 19 წლის თეიმურაზმა უარი თქვა ტახტზე და ბერად აღიკვეცა. ანტონი მისი სასულიერო სახელია. იგი სწრაფად დაწინაურდა საეკლესიო იერარქიაში. 1744 წელს, 24 წლის ასაკში − საქართველოს კათალიკოსი გახდა. აქედან დაიწყო ანტონ პირველის დაუღალავი და უაღრესად ნაყოფიერი საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და მეცნიერული მოღვაწეობა. იგი თარგმნიდა წიგნებს, წერდა სახელმძღვანელოებს ცოდნის სხვადასხვა დარგში, აარსებდა სასწავლო დაწესებულებებს, მათ შორის პირველ ორ სასულიერო სემინარიას თბილისში (1755) და თელავში (1782), იქვე კითხულობდა ლექციებს, ქმნიდა ორიგინალურ ნაწარმოებებს. 1755 წელს საეკლესიო კრებამ ევროპული ორიენტაციის ანტონს გაკათოლიკება დასწამა და კათალიკოსობიდან გადააყენა. ანტონი რუსეთს გაემგზავრა, სადაც ვლადიმირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსად დაინიშნა. რუსეთში ანტონი გაეცნო დასავლეთის უახლეს მიღწევებს მეცნიერებისა და ფილოსოფიის დარგებში. ერეკლე II-ის მოწვევით სამშობლოში დაბრუნებულმა ანტონმა, რომელსაც კვლავ უბოძეს კათალიკოსის ტახტი, ამ ცოდნას მრავალი ადამიანი აზიარა. მან შექმნა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სკოლა, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა მთელ ქართულ საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში. ანტონი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში მღვდელმთავრებისა და ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთა გვერდით.

ანტონის შემოქმედება მდიდარია და მრავალფეროვანი. მასში ფსიქოლოგიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ადრეული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „სპეკალი” (1752). ეს არის ფილოსოფიური შინაარსის თხზულება, რომლის ერთი ნაწილი, არსებითად, ფსიქოლოგიას ეძღვნება. მთელი ეს ნაშრომი, არსებითად, ენციკლოპედიური ხასიათისაა. ავტორი ალაგებს სხვადასხვა დროის ფილოსოფოსებისა და ეკლესიის მამების ტრაქტატებში მოცემულ ცოდნას სულის შესახებ. შემდგომში ანტონი გ. ლაიბნიცისა და ქ. ვოლფის შეხედულებათა გავლენის ქვეშ მოექცა, რომლებსაც უმთავრესად ქრისტიან ბაუმაისტერის თხზულებათა საშუალებით გაეცნო. განსაკუთრებით საინტერესოა ანტონის კომენტარები ქ. ბაუმაისტერის სახელმძღვანელოებზე, რომლებიც თვითონ თარგმნა ქართულად. საზოგადოდ, ანტონის ფსიქოლოგია შეიცავს როგორც მეტაფიზიკურ-რაციონალურ, ისე ემპირიულ ნაწილებს. მისი აზრით, ფსიქოლოგია მეტაფიზიკას მიეკუთვნება. ეს არის მოძღვრება სულზე, როგორც არამატერიალურ სუბსტანციაზე. მიუხედავად ამისა, ანტონი განიხილავს ამ სუბსტანციის კერძო გამოვლინებებსაც (რაც იგივე ფსიქიკური მოვლენებია), ანუ ეხება ემპირიული ფსიქოლოგიის საკითხებსაც.

ვოლფისა და ბაუმაისტერის გავლენით, ანტონი ნიჭთა ფსიქოლოგიის თვალსაზრისს ემხრობა. მას მიაჩნია, რომ ფსიქიკური სინამდვილე („მგრძნობელობითი სული”) ე.წ. სულის ნიჭებით ან ძალებით არის წარმოდგენილი. მგრძნობელობითი სული იყოფა შემეცნებით და მოქმედებით ძალებად. ანტონის ინტერესი უმთავრესად შემეცნების პროცესის ფსიქოლოგიაზეა მიმართული. ამ პროცესს ორი საფეხური აქვს: გრძნობად-შეგრძნებადი და რაციონალური. გრძნობად-შეგრძნებად შემეცნებაში ერთიანდება ხუთი გარე შეგრძნება და რამდენიმე სპეციალური შემეცნებითი პროცესი: „ზოგადი გრძნობა” (ანუ შეგრძნებათა გამაერთიანებელი აღქმა); წარმოჩინება (ანუ აღქმის ხატში მოცემული ინფორმაციის შემდგომი გრძნობადი გადამუშავება, წარმოდგენა); ეჭვი (ანუ ხატში მოცემული მნიშვნელობის ემოციური მხარის გაცნობიერება).

ანტონმა დიდი ყურადღება დაუთმო ადამიანისა და ცხოველის სულების გამიჯვნის საკითხს. ცხოველის სული, შეგრძნებით დაჯილდოებული, მაგრამ გონებასა და ნებას მოკლებული „უტყვი სულია” − სამშვინველი {სულხან-საბა ორბელიანი}. სამშვინველს აქვს ასოციაციის მექანიზმით მოქმედი მეხსიერებაც. ხოლო ადამიანის დონეზე მეხსიერების უნარი სულ სხვა სახეს იღებს, ვინაიდან გონების სამსახურში ექცევა. რაციონალური შემეცნების ძალები შემეცნების პროცესის უმაღლეს დონეზე ჩნდება. ყურადღება განხილულია, როგორც დამოუკიდებელი, სპეციფიკურად ადამიანური უნარი და ყოველგვარი ინტელექტუალური აქტივობის პირობა. საკუთრივ ინტელექტუალურ ძალებს მიეკუთვნება: 1. ნაკლებად ზოგადი და არაარსებითი ცოდნა; 2. დისკურსიული, ლოგიკურ-ცნებითი აზროვნება და 3. ინტუიციური აზროვნება, აზროვნების საგნის უშუალო წვდომა.

მთავარი ნაშრომები

სპეკალი. თბილისი: „მეცნიერება”, 1991.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები