იუდეის ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუდეის ომი (ახ.წ. 66-71) – იუდეის აჯანყება რომის იმპერიის წინააღმდეგ. რომის რესპუბლიკის სარდალმა, გნეუს პომპეუსმა ჯერ კიდევ ძვ.წ. 63 წელს ილაშქრა იუდეაში და ეს ქვეყანა რომის ვასალად აქცია. მას შემდეგ იუდეველები ცდილობდნენ სამშობლოს განთავისუფლებას, მაგრამ რომის იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის დროს რომაელებმა კიდევ უფრო გაამყარეს თავიანთი პოზიცია პალესტინაში. იუდეველები ამას არ შეეგუენ და ახ.წ. 66 წელს დაიწყეს აჯანყება. აჯანყებული ფანატიკოსი ებრაელი მებრძოლები ანუ ზილოტები რომაელთა გარნიზონებს თავს ესხმოდნენ, ანადგურებდნენ სურსათის მარაგს და წყაროებს. პარტიზანული ომი წარმატებულად მიმდინარეობდა არამარტო იუდეაში, არამედ მთელ პალესტინაში, ეგვიპტის და სირიის ზოგიერთ ოლქში, ალექსანდრიაში და დამასკოში გამუდმებულ ბრძოლებში და შეტაკებებში ათობით ათასი ადამიანი იღუპებოდა.

სირიის რომაელმა მმართველმა, ცესტიუს გალუსმა სცადა იუდეაში აჯანყების ჩახშობა და იერუსალიმის დაბრუნება, მაგრამ მარცხი განიცადა ზილოტების მეთაურთან, სიმონთან ბრძოლაში. ებრაელებმა აღადგინეს თეოკრატიული მმართველობა და სახელმწიფოს სათავეში მღვდელმთავარი ანა ჩააყენეს. რომაელები ამოქმედდნენ და სირიის მმართველი ცესტიუს გალუსის მაგივრად აჯანყების ჩასახშობად ვესპასიანე ფლავიუსი გაგზავნეს. ვესპასიანე ენერგიულად შეუდგა საქმეს და მალე 60000 მეომარს მოუყარა თავი. მისი არმია რომაელი ლეგიონერებისგან და მოკავშირეთა ჯარისკაცებისგან შედგებოდა. ხანგრძლივი ალყის შემდეგ ვესპასიანემ აიღო ქალაქი იოთაფათი, რომელიც ტიბერიადასა და პტოლემაიდას შორის მდებარეობდა. ქალაქის აღებისას 40000 ებრაელი დაიღუპა,. რომელთა შორის ზოგიერთმა თვითონ მოისწრაფა სიცოცხლე. რომაელებმა ნელ-ნელა მთელი გალილეა დაიპყრეს და ზილოტები იძულებულები გახდნენ იერუსალიმში გამაგრებულიყვნენ. იერუსალიმში ორი მხარე უპირისპირდებოდა ერთმანეთს, რომაელებთან მშვიდობის დამყარების მსურველები და ომის მომხრე ზილოტები. ზილოტებმა მოკლეს მღვდელმთავარი ანა და იერუსალიმში ტერორისტული მმართველობა დაამყარეს. მალე ზილოტებშიც უთანხმოება წარმოიშვა და ისინი სამ ნაწილად გაიყვნენ, სიმონის, იოანეს და ელიაზარის პარტიებად.

ძვ.წ. 70 წელს ვესპასიანეს ვაჟმა, ტიტუს ფლავიუსმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს. იუდეველები მამაცურად იცავდნენ ქალაქს, მაგრამ მალე ალყაშემორტყმულებს შორის შიმშილი დაიწყო, რამაც ალყის პირველივე თვეებში დაახლ. 116000 ადამიანი დაიღუპა. როდესაც იერუსალიმი დაეცა, რომაელებმა სასტიკად ააოხრეს ქალაქი და უამრავი ხალხი დახოცეს. ტიტუს ფლავიუსმა რომში დიდი ტრიუმფი გადაიხადა, რომელშიც სხვა ტყვესთან ერთად აჯანყების ორი ლიდერი, იოანე და სიმონი იყვნენ. სიმონი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო იოანე ციხეში ჩააგდეს, სადაც ის მალე დაიღუპა.

მიუხედავად იერუსალიმის დაცემისა და იუდეველთა ლიდერების სიკვდილისა, ზილოტთა დარჩენილი ნაწილი ბრძოლას აგრძელებდა. ბოლოს ისინი მასადაში, კლდეზე მდებარე ციხე-სიმაგრეში გამაგრდნენ. როდესაც მოალყე რომაული ლეგიონი უკვე მზად იყო საიერიშოდ და მეორე დღეს შტურმი უნდა დაეწყოთ, ღამე ყველა ზილოტმა თავი მოიკლა. მანამ კი დახოცეს თავიანთი ცოლ-შვილი და გადაწვეს ქონება. მთელი იუდეის ომის განმავლობაში იმ დროის ისტორიკოსების მიხედვით დაახლ. 600000 კაცი დაიღუპა. რომაელებმა პალესტინა რამდენიმე ნაწილად დაყვეს და ზოგიერთ ადგილას სხვა პროვინციებიდან კოლონისტები ჩაასახლეს, იერუსალიმში კი უფლის ტაძრის მაგივრად იუპიტერ კაპიტოლიუმელის ტაძარი აღმართეს. იუდეის მმართველად ჩვეულებრივ პრეტორიანული გვარდიის ლეგატი ინიშნებოდა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები