ისტორიული ლექსი
ისტორიული ლექსი – ისტორიული მოვლენებისა და ისტორიულ მოღვაწეთა ცხოვრების ამსახველი ხალხური ლექსი.
ისტორიული ლექსისაქართველოში ცნობილია V საუკუნიდან. ყველაზე ადრინდელ ნიმუშში ასახულია ვახტანგ გორგასალის მეფობა, V საუკუნის მეორე ნახევარი და VI საუკუნის დასაწყისი („პირდაპირ შამავხედევდი“, „ვახტანგ მეფე დაიბადა“ და სხვ) ცნობილია ლექსები სვეტიცხოვლის აღმშენებელ ოსტატზე („ხეკორძულას წყალი მისვამს“). პატრიოტული ციკლია შექმნილი თამარ მეფის შესახებ. მრავალრიცხოვან ლექს-სიმღერებში გადმოცემულია თამარის ეპოქის ძირითადი მოვლენები. ისტორიულ ლექსში ასახულია რუსუდანის მეფობა („რუსუდანი“, „როს იძრა ცა და ქვეყანა“). სვანი თავადების წინააღმდეგ შექმნილი ლექსები უკავშირდება XIV, XV, XVI სს ამბებს („ყველგან თოვს, „ორი ძმა კიბოლანი“); ასევე პოპულარულია 1659 წ ბახტრიონის ბრძოლა, ზურაბ ერისთავის ლაშქრობა მთის დასაპყრობად და მისი დამარცხება. ერეკლესადმი მიძღვნილ ლექსებში რეალისტურად არის წარმოდგენილი XV1II საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო („ასპინძის ომი“, „კრწანისის ბრძოლა“). შექმნილია ისტორიული ლექსი ერეკლე მეორის გარდაცვალებაზე და ხალხის გლოვაზე ეროვნული გმირის დაკარგვის გამო („ვერ გაიგეთა ქართველნო“). არ დავიწყებია სახალხო მთქმელებს XIX საუკ. დასაწყისის დიდმნიშვნელოვანი ამბები – 1804 წლის აჯანყება მთიულეთში, 1812 წლის კახეთის აჯანყება 1822 წლის რუსეთ-ირანის ომი, 1828 წლის რუსეთ-ოსმალეთის: ომი; თავდასხმა დიკლო-შენაქორზე 1836-1837 წ.
ისტორიულ ლექსებში ასევე რეალისტურად არის წარმოსახული: რევოლუციური მოძრაობის დასაწყისი საქართველოში, 1905-1907 წწ. რევოლუცია და მის შემდეგდროინდელი რეაქცია. მრავალი ისტორიული ლექსი შექმნილია იმპერიალისტურ ომსა და სალდათობაზე. ადრინდელი ხანის ისტორიულ ლექსებს (ვახტანგ გორგასალზე, თამარ მეფეზე და სხვ.) ახასიათებს მოვლენათა მეტი პოეტიზაცია, მათში ფანტასტიკურ და მითიურ ელემენტთა შეჭრა; მოგვიანო პერიოდში შექმნილ ისტორიული ლექსი (ერეკლე მეორეზე, სიმონა დოლიძეზე დათიკო შევარდნაძეზე და სხვ.) უფრო რეალისტურია.
ისტორიული ლექსის თემატიკა და შინაარსი მრავალფეროვანია. აქ წარმოსახულია საქართველოს მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია. ერთ აქტუალურ თემას დამპყრობლებთან ბრძოლა წარმოადგენს. ჟანრობრივად ისტორიული ლექსი მრავალგვარია. აქ წარმოდგენილია ლირიკული („ო, სიხარულო, თამარ დედოფალო“, „ვერ გაიგეთა ქართველნო“), ლირიკულ-ეპიკური („ბახტრიონის აღება თუშთაგან“), ეპიკური („ასპინძის ომი“, „არსენას ლექსი“) ნაწარმოებები. არაიშვიათად ელეგია („დაბნელებულა ქართლის მზე“), ბალადა („წერონი“, „ზურაბის გალაშქრება ხევსურეთზე“), ქება („პირდაპირ შამავხედევდი, „პატარა კახი“), სასიმღერო შაირები („ხეკორძულას წყალი მისვამს“, „ამილახვარმა გივიმა“) და ა. შ. შესრულების მხრივაც ისტორიული ლექსი მრავალმხრივია. გვხვდება ფერხისული („ბრძანებდა დამბადებელი“, „თამარ მეფე და ხონთქარი, „შავლეგო“ ), ლაშქრული („ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა“) შინაარსის ტექსტები. ისტორიული ლექსი ხშირად იმღერება სარიტუალო და საოჯახო ნადიმებზე.
ქს. სიხარულიძე
ლიტერატურა
- მიხ. ჩიქოვანი, ფირალის ეპოსი გურიაში, „მარქსისტული ენათმეცნიერებისათვის. 1934;
- მისივე, პ. უმიკაშვილის „ხალხური სიტყვიერების“ მესამე და მეოთხე ტომების გამო;
- პეტრე უმიკაშვილი, ხალხური სიტყვიერება“, III, 1964;
- ალ. ღლონტი, გურული ფოლკლორი, 1937;
- ანტ. ხინთიბიძე, გურული ფირალები 1938;
- ქს. სიხარულიძე, ქართული ხალხის საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, 1949;
- ქართველი სახალხო გმირები, 1952;
- ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, I-III, 1961-67.