იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება – მეცნიერული თეორია იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურის, ისტორიისა და გენეზისის შესახებ. იბერიულ-კავკასიურ ენათა მიმართ ინტერესი თვალსაჩინო ხდება XVIII ს-ის II ნახ-იდან. პირველი ცნობები ამ ენათა შესახებ უკავშირდება ი.გიულდენშტედტის სახელს. მის „მოგზაურობათა“ II ტომში (1791) წარმოდგენილია როგორც ქართველური ენების (ქართული, მეგრული სვანური), ისე მთის კავკასიური ენების (აფხაზური, ყაბარდოული, ჩაჩნურ-ინგუშურ-თუშურის, ხუნძურის, ანდიურის, დიდოურის, დარგუულისა და ლაკურის) ლექსიკური მასალა (გაბმული ტექსტები). ლექსიკური შედარებების საფუძველზე ამ ენებში მან გამოყო საერთო წარმომავლობით დაკავშირებულ ენათა ოთხი ჯგუფი:
1. ქართული, მეგრული, სვანური;
2. ჩაჩნური, ინგუშური და თუშური (ბაცბური);
3. ხუნძურ-დიდოური და დარგუულ-ლაკური;
4. ყაბარდოული და აფხაზური.
თვით ჯგუფებს შორის ნათესაობის საკითხს გიულდენშტედტი არ შეხებია.

მთის კავკასიური ენების (ხუნძურისა და ყაბარდოულის) პირველი, მოკლე და საკმაოდ ზერელე გრამატიკული მიმოხილვა ეკუთვნის ჰ. კლაპროთს (1814), მაგრამ ეს ნაშრომი, ლინგვისტური თვალსაზრისით, არსებითად მოკლებულია რაიმე მეცნიერულ ღირებულებას. XIX ს. I ნახევარში შეიქმნა გრამატიკული ნაშრომები მთის კაეკასიურ ენათა შესახებ: ადიღეურის (1835–40), უდიურისა (1845) და ბაცბურის (1848), მაგრამ ეს ნაშრომები თავის დროზე არ გამოქვეყნებულა. კავკასიურ ენათა ნამდვილი მეცნიერული ანალიზი იწყება გერმანელი მეცნიერის გ. როზენის შრომებით. როზენი ძირითადად ეხებოდა ქართველურ ენებს (მან პირველმა შეისწავლა ჭანური), მაგრამ იქვე წარმოადგინა აფხაზურის მოკლე გრამატიკული მიმოხილვაც, რომელშიც მრავალი საყურადღებო დაკვირვება აქვს გამოთქმული. მან პირველმა მიუთითა აფხაზურ-ადიღურ და იბერიულ-ქართველურ) ენათა საერთო წარმომავლობაზე.

მთის კავკასიურ ენათა შესწავლის შემდეგი ეტაპები დაკავშირებულია ა. შიფნერის, ჰ. უსლარის, რ. ერკერტის, ა. დირის მოღვაწეობასთან, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ამ ენათა კვლევაში. ინტერესს იბერიულ-კავკასიურ ენათა მიმართ გასული საუკუნიდანვე იჩენდნენ რუსი და უცხოელი ენათმეცნიერები (ჰ. შუხარდტი, ა. სომერფელტი, გ. შმიდტი, გ.დეეტერსი, ჟ. დიუმეზილი, კ. ბოუდა, ჰ. ფოგტი, ი. მესაროში, ს. ბიხოვსკაია, ა. ბოკარევი, ე. ბოკარევი, ა. ჰენკო, ლ. ჟირკოვი, ნ. იაკოვლევი, გ. კლიმოვი და სხვ.) 1950-იდან აღნიშნულ ენათა კვლევაში განსაკუთრებით ინტენსიურად ჩაებნენ ადგილობრივი კადრები (რომელთა უმეტესობას განათლება თბილისის უნივერსიტეტში აქვთ მიღებული). ეს ენები დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აშშ, გერმანია, ინგლისი, ნორვეგია, საფრანგეთი და ჰოლანდია…) შეისწავლება.

თსუ-ს დაარსებისთანავე „თავის მიზნად და მოვალეობად, ქართულისა და ქართველურის გარდა, კავკასიური ენებისა და მახლობელი აღმოსავლეთის ენების შესწავლა ჰქონდა დასახული“ (ი. ჯავახიშვილი). საფუძველი ჩაეყარა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემატურ კვლევას ადგილზე: ა. შანიძე სწავლობდა წოვა-თუშურს, ს. ჯანაშია – აფხაზურსა და ადიღურს, არნ. ჩიქობავა – ხუნძურს, ე. თოფურია – ლაკურს. არნ. ჩიქობავამ თსუ-ში კავკასიურ ენათა კათედრა დააარსა (1933), ხოლო ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთის იბერიული-კავკასიურ ენათა განყოფილება ჩამოაყალიბა (1936) და საქართველოში, იბერიულ-კავკასიურ ენათა კავკასიოლოგიური სხვა ცენტრებისგან (მოსკოვი, ლენინგრადი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩაჩნეთი და ინგუშეთი, აფხაზეთი, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთი, ადიღე, აზერბაიჯანი) განსხვავებით, მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ყოველი ქვეჯგუფის ენების შესწავლა დაიწყო. სწორედ უპირველესად აქ ჩატარებული გეგმაზომიერი კვლევა-ძიების შედეგად იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინად.

შესწავლილია მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ცალკეული ენები და დიალექტები ქ. ლომთათიძეს ეკუთვნის მონოგრაფიები: „აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი“ (1944), „აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტთა შორის“ (1954), გამოქვეყნებულია ხ. ბღაჟბას „აფხაზური ენის ბზიფური დიალექტი“ (1964), მ. ციკოლიას „აფხაზური ენის აბჟუური დიალექტი“ (1969), ლ. ჭკადუას „დროთა და ძირითად მოდალურ წარმოებათა სისტემა აფხაზურ-აბაზურ დიალექტებში“ (1970) და სხვ. გამოცემულია ბ. ჯანაშიას „აფხაზურ-ქართული ლექსიკონი“ (1954), ქართველ და აფხაზ ენათმეცნიერთა წერილები აფხაზური ენის შესახებ. დაიბეჭდა გ. როგავას (თანაავტორი ს. კერაშევა) „ადიღეური ენის გრამატიკა“ (1966). აფხაზურ-ადიღეურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის ცალკეულ საკითხებს ეძღვნება გ. როგავას „სახელის ფუძის აგებულება და გრამატიკული კლასების ისტორიისათვის ადიღეურ (ჩერქეზულ) ენებში“ (1956) და „ორგანული და ნივთიერი კუთვნილების კატეგორია ადიღეურ ენაში“ (1980), ქ. ლომთათიძის „ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი და მათი გაფორმება აფხაზურსა და აბაზურში“ (1982), თ. გვანცელაძის „ზმნის უარყოფით ფორმათა წარმოების ძირითადი პრინციპები აფხაზურსა და აბაზურ ენებში“ (199 1); ს. ჯანაშიას, გ. როგავას, ქ. ლომთათიძის, ე. შენგელიას, რ. ჯანაშიას, თ. გვანცელაძის, ნ. მაჭავარიანის, ი. შადურისა და სხვ. ნაშრომები.

ნახურ ენათა სტრუქტურას ეხება მონოგრაფიები: „ნახური ენების თანხმოვანთა სისტემა“ (კ. ჭრელაშვილი, 1975), „ნახური ჯგუფის ენათა ფონეტიკის ისტორიულ-შედარებითი ანალიზი" (დ. იმნაიშვილი, 1977); გამოიცა დ. და ნ. ქადაგიძეების „წოვა-თუშურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი“ (1984); ასევე თ. გონიაშვილის, რ. გაგუას, ლ. სანიკიძის, ბ. შავხელიშვილის, რ. ფარეულიძის, მ. ჩუხუას და სხვ. წერილები.

დაღესტნურ ენათაგან ცალკე ენებისა თუ დიალექტების მთლიანი მიმოხილვაა მოცემული მონოგრაფიებში: „ხუნძური ენა“ (არნ. ჩიქობავა, ი. ცერცვაძე, 1962), „ანდიური ენა“ (ი. ცერცვაძე, 1965), „ბოთლიხური ენა” (1963), და „ბაგვალური ენა“ (ტ. გუდავა, 1971), „ახვახური ენა“ (1967) და „კარატაული ენა“ (1971, ს. მაჰომედბეკოვა), „დიდოური ენა ჰინუხურ და ხვარშიულ ენებთან მიმართებაში“ (დ. იმნაიშვილი, 1963), „დიდოური ენის ჰინუხური დიალექტი“ (1963) „ხვარშიული ენა, II ფონეტიკა“ (1998, ე. ლომთაძე), „კუბაჩური ენა“ (1963), „თაბასარანული ენა“ (1965), „აღულური ენა” (1970) და „დარგუული ენის მეჰებური დიალექტი“ (1982, ა. მაჰომეტოვი): „უდიური ენა“ (1971), „წახური და მუხადური ენები“ ორ წიგნად: I. ფონეტიკა, II. მორფოლოგია (1984, ე. ჯეირანიშვილი); „უდიურის გრამატიკული ანალიზი“ (ე. ფანჩვიძე, 1974); „არჩიბული ენა და მისი ადგილი დაღესტნურ მონათესავე ენათა შორის“ (ო. კახაძე, 1979). დაღესტნურ ენათა ცალკეულ საკითხებს ეძღენება: „ზმნურ ფუძეთა შედარებითი ანალიზი ხუნძურსა და ანდიურ ენებში“ (1959), „ანდიურ ენათა კონსონანტიზმი“ (1964) და „დიდოურ ენათა კონსონანტიზმის ისტორიულ-შედარებითი ანალიზი“ (ტ. გუდავა, 1979); „ლეზგიური ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები“ (1959), „ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში“ (გ. თოფურია, 1994), „დარგუული ენის ფონეტიკა“ (შ. გაფრინდაშვილი, 1968), „დაღესტნურ ენათა შედარებითი ფონეტიკა“ (ბ. გიგინეიშვილი, 1978), „არსებით სახელთა მრავლობითის წარმოება დარგუულსა და ლაკურში“ (ლ. ღვინჯილია, 1978), „თანხმოვანთა შეთავსებადობის საკითხები ხუნძურ ენაში“ (ნ. ბარნოვი, 1983), „გრამატიკული კლასები ლეზგიურ ენებში“ (ო. კახაძე, 1984), „სიტყვათმახვილი დიდოურ ენებში“ (1984), „დიდოურ ენათა ვოკალიზმის დიაქრონიული ანალიზი“ (1994), „სახელის მორფონოლოგიური კატეგორიები ბეჟიტურ ენაში" (1996), „ზმნა და ნაზმნარი სახელები ბეჟიტურ (ბეუიტურ-ჰუნსიბურ) ენაში“ (ე. ლომთაძე, 2000): „ბრუნვათა შედგენილობისა და არსებით სახელთა ბრუნების პროცესების ძირითადი საკითხები ლაკურში“ (1986), „ლაკური ზმნა“ (L987), „ზმნური სიტყვათწარმოება ლაკურ ენაში“ (გ. ბურჭულაძე, 1993). გარდა ამისა, არნ. ჩიქობავასა და ე. თოფურიას გზამკვლევ სტატიებში, ნ. არდოტელის, ი. გუდავას, ტ. გურგენიძის, ბ. კიკვიძის, ევ. კიკილაშვილის, ტ. სიხარულიძის, ზ. ჯაფარიძისა და სხვ. წერილებში გამოკვლეულია ზოგიერთი დად. ენის ფონეტიკა-მორფოლოგიის, სინტაქსისა თუ ლექსიკის კონკრეტული საკითხები.

იბერიულ-კავკასიურ ენათაგან ქართულის სხვა ენებთან გენეზისური ურთიერთობის საკითხი სპეციალურ ლიტერატურაში პირველად მ. ბროსემ წამოჭრა (1834) და ქართული მიაკუთვნა ინდოევროპულ ენათა ოჯახს, ფ. ბოპმა კი ქართულთან ერთად სხვა ქართველური ენებიც აქ გააერთიანა (1846–47). მ. მიულერმა (1854–55) ქართველური და, საერთოდ, კავკასიური ენები ურალურ-ალთაურ ენებს დაუკავშირა. 1864 ფრ. მიულერმა და პ. უსლარმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, იბერიულ-კავკასიური ენები ცალკე ოჯახად გამოყვეს. ნ. მარმა ისინი სემიტურ ენათა მონათესავედ მიიჩნია: ჩათვალა ჯერ იაფეტურ შტოდ, ხოლო შემდეგ (1916) – ცალკე ოჯახად. უფრო გვიან (1920-იდან) ნ. მარი იაფეტურ ენებს უკავშირებდა წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის მკვდარ ენებსა და ცოცხალ ბასკურს, 1923-იდან კი მან საერთოდ უარყო ენათა გენეტიკური ნათესაობა. ნ. ტრუბეცკოი უარყოფდა ქართველურ ენათა მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობას (1924). ნ. მარმა ადრევე (1926) შენიშნა, რომ ქართველურ ენათა მყარი მეცნიერული კვლევა წარმოუდგენელია „მთის ყველა მკვიდრი ენის ღრმად შესწავლის გარეშე“. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ცენტრალურ პრობლემას, იბერიულ-კავკასიურ ენათა შიდანათესაობას მიეძღვნა ი. ჯავახიშვილის „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა“ (1937). ამ ენათა მორფოლოგიური სტრუქტურის კვლევის შედეგად ავტორი ასკვნის: ქართველური და მთის იბერიულ-კავკასიური ენები ისტორიულად ახლომონათესავე ენები ყოფილან, მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში დასცილებიან ერთმანეთს. მართლაც, იბერიულ-კავკასიურ ენათა ამ მიმართულებით შემდგომმა კვლევამ გვიჩვენა, რომ „ერთობა იქ დადასტურდა, სადაც ახლა ყველაზე დიდი სხვაობა გვაქვს … რაც უფრო შორს ვიხედებით წარსულში, მით უფრო მეტია საერთო“ (არნ. ჩიქობავა). მართალია, გენეტიკური ნათესაობის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი – რეგულარული სახის კანონზომიერი ბგერათშესატყვისობანი – იბერიული-კავკასიურ ენებში ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი, მაგრამ ცალკეული ჯგუფთაშორისი ძიებანი ამ მიმართულებითაც ტარდება (ნ. ტრუბეცკოი, ტ. გუდავა, ქ. ლომთათიძე). ასეთი ძიებისას კონკრეტულად და საზოგადოდ იბერიულ-კავკასიურ ენათა კვლევისას, ერთი საერთო სახის სიძნელე იჩენს თავს: ყოველი მათგანი, გარდა ქართულისა, მოკლებულია საკუთარ წერილობით ძეგლებს – ენის ისტორიის ერთ-ერთ უპირველეს წყაროს. ამდენად, ისტორიულ-შედარებითი კვლევა აქ შეზღუდულია და, ბუნებრივია, ვერ გვაძლევს იმ შედეგებს, რასაც, მაგ., ინდოევროპულ ენათა შესწავლა (არნ. ჩიქობავა). ამას გარდა, იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის ბგერათშესატყვისობათა დადგენის დროს ამ ენათა სხვა თავისებურებების გათვალისწინებაცაა საჭირო. ასე. მაგ., აფხაზურ-ადიღურ ენათაგან, რომელთა ნათესაობას არავინ უარყოფს, აფხაზურსა და აბაზურში ერთი რიგის თანხმოვანთა შორის უდავოდ დასტურდება „კანონზომიერი ბგერათშესატყვისობა, მაგრამ იგი არარეგულარული ხასიათისაა… მოიცავს თითო ან, საუკეთესო შემთხვევაში, ორ-ორ ძირეულ ერთეულს“ (ქ. ლომთათიძე). ეს კი ძირითადად შეპირობებულია იმით, რომ იბერიულ-კავკასიური ენები ფონოლოგიური სისტემის მიხედვით საზოგადოდ მრავალთანხმოვნიანია (მაგ. ინდოევროპულ ენათა ორი ათეული თანხმოვნის ნაცვლად აქ ზოგჯერ 80-მდეა), ხოლო ძირთა შედგენილობით – ერთთანხმოვნიანი (ქ. ლომთათიძე). იმავე დროს. არჩ. ჩიქობავას აზრით, გასათვალისწინებელია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის, დივერგენციის პროცესთან ერთად ძალზე ძლიერია კონვერგენციული მოვლენებიც („კავკასია – ენათა მთა“) და სხვ. კვლავ ძალაშია ისტორიული ენათმეცნიერების გადაუდებელი ამოცანა, რომელიც ა. მეიემ ამ 100-ე მეტი წლის წინ დასახა, – იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის შექმნა. რასაც, არნ. ჩიქობავას აზრით, უნდა მოჰყვეს ამ ენათა საერთო ძირების ისტორიული ლექსიკონის შედგენა. ამ ძირითადი ამოცანების გადაჭრის შემდეგ შესაძლებელი გახდება იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის რეგულარული სახის კაონზომიერ ბგერათშესატყვისობათა დადგენა. ამას უნდა მოჰყვეს იბერიულ-კავკასიურ ენათა გარენათესაობის მტკიცება. უკვე დაწყებულია იბერიულ-კავკასიურ ენებთან წინა აზიის ძველი არაინდოევროპული და არასემიტური ენებისა (პროტოხეთური, ხურიტული, ურარტული) და ბასკურის ისტორიულ-გენეტიკური ურთიერთობის საკითხთა კვლევა.

იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიისა თუ ცალკეული ჯგუფების შესახებ გამოქვეყნებულია განმაზოგადებელი სახის შრომები: „იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია“ (1965) და „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი“ (არნ. ჩიქობავა, 1979); „აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. 1. ფონოლოგიური სისტემა და ფონეტიკური პროცესები“ (ქ. ლომთათიძე, 1976). „კლასოვანი და პიროვანი უღვლილების ზოგი საკითხი იბერიულ-კავკასიურ ენებში“ (ნ. ანდღულაძე, 1968). 1977 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილებასთან ჩამოყალიბდა ბასკური ენისა და კულტურის საზოგადოება. 1976 თსუ-ში ახალი ქართული ენის კათედრაზე დაიწყეს მუშაობა ბასკური ენის პრობლემებზე: გამოქვეყნდა მონოგრაფიები: „ბასკური ენა და ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა“ (არნ. ჩიქობავას წინასიტყვაობით და რედაქტორობით, 1976). შ. ძიძიგურის „ბასკურ-კავკასიური პრობლემა” (1981) და „ბასკები და ქართველები“ (1978, ქართულ ენაზე, 1982 – რუსულ ენაზე), ნ. მარის „ბასკურ-კავკასიური ლექსიკური პარალელები“ (1987, რუსულ ენაზე), ი. ზიცარის „რეკონსტრუქციები ბასკური ენის სფეროებში“ (1987, რუსულ ენაზე). გ. წერეთელმა გამოაქვეყნა ნაშრომში „საქართველოს მუზეუმის ურარტული ძეგლები“ (1939); 1982 გამოვიდა ვ. გვახარიას „ზმნა და სახელი ურარტულში“. თ. გამყრელიძემ გამოიკვლია არაინდოევროპული ელემენტები ხეთურ-ნესიტურში (1956). მიმდინარეობს სხვა ენებთან ქართველურ ენათა უძველესი კონტაქტების კვლევა. გამოვლენილია ლექსიკური შეხვედრები წინა აზიის ძველ ენებთან – ურარტულთან (გ. მელიქიშვილი), ხეთურთან (გ. გიორგაძე).

ასეთი მუშაობის შედეგად თბილისი იბერიულ-კავკასიურ ენათა კვლევა-ძიების ცენტრად იქცა, ხოლო თსუ უკვე 65 წელზე მეტია, ქართველურ ენათა სპეციალისტებთან ერთად, ზრდის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტებს, რომლებიც წარმატებით მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ ყოფილ საბჭოთა კავშირის ყველა კავკასიოლოგიურ ცენტრში. არნ. ჩიქობავას ინიციატივით 1965-იდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იბერიული-კავკასიურ ენათა შესწავლის რომელსამე ცენტრში ტარდებოდა ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა რეგიონალური სამეცნიერო სესიები (1991-მდე ჩატარდა 13 სესია, ხოლო 1991 თბილისში გაიმართა კავკასიოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი), რომლებიც იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის სხვადასხვა საკითხს ეძღვნებოდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრიფით გამოდის საერთაშორისო ორგანო „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული“ (1974-იდან; 1987-მდე გამოცემულია I–XIV ტტ. არნ. ჩიქობავას რედაქტორობით, 1988–95 წლებში დაისტამბა XV–XXI ტტ. XVI ტ-იდან რედაქტორია ქ. ლომთათიძე). იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევა არ არის თვითმიზანი – იკვლიოს და დაადგინოს მხოლოდ ამ ენათა გენეტიკური ნათესაობა, მათი შესწავლა უპირველესად კავკასიის ხალხთა, მათ შორის ქართველი ერის, მეცნიერული ისტორიის დადგენითაა ნაკარნახევი (პ. უსლარი, ი. ჯავახიშვილი). იბერიულ-კავკასიურ ენათა კვლევა მეტად აქტუალურია ზოგადენათმეცნიერული თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით ფასეულია ამ ენათა მონაცემები თანამედროვე ტიპოლოგიური კვლევისას.

გ. ბურჭულაძე


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წგ. 2 – ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, თბ., 1937;
  • ჩიქობავა არნ, იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., I965;
  • მისივე, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1979; «იკე», I-XXXIV. თბ., 1946–2000; „იკეა“, I-XXI, თბ., 1974-94;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები