თჰა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თჰა / თჰაშხო (ადიღ. Тхьэ/Тхьэшхуэ – „ღმერთი“, „დიდი ღმერთი“) – ადიღური პანთეონის უზენაესი ღვთაება, ყოველთა სულიერთა და უსულოთა შემოქმედი: სამყარო მან ჰაერისგან, წყლისგან, მიწისგან და ცეცხლისგან გააჩინა; არის რა დაუსაბამო, თჰა ყველგან მყოფი და ყოვლის განმწესრიგებელია.

გარდა აღნიშნულისა, ადიღურ ღვთაებათა იერარქიაში მის უზენაესობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამა თუ იმ ღვთაების სახელზე აღვლენილი ყველა ლოცვა – тхьэлъэIу („თხოვნა ღვთისადმი“), თჰასადმი მიმართვით იწყებოდა. ჩერქეზულ პანთეონში თჰას სტატუსთან დაკავშირებით, XVIII-XX სს-ის ავტორები წერდნენ, რომ იგი იყო „დიდი ღმერთი“. ასე მაგალითად, ხან-გირეის, ლ. ლჲულჲესა და კ. სტალის კვალდაკვალ, ნ. დუბროვინი აღნიშნავდა: „სწამდათ რა ერთიანი ღმერთი, რომელსაც თჰას და თჰარს უწოდებდნენ, ჩერქეზები მის სამსახოვნებას აღიარებდნენ“. როგორც ჩანს, თჰას სამი იპოსტასი ქრისტიანობის გავლენით აიხსნება.

XIX ს-ის დასაწყისში ტაბუ დე მარინი ადიღთა რწმენა-წარმოდგენებს ახასიათებდა, როგორც პოლითეისტურს: „ჩერქეზები აღიარებენ უზენაეს ღმერთს და მასზე რანგით დაბლამდგომ რამდენიმე ზეციურ ძალას“. ამის პარალელურად არის ცნობა, რომლის თანახმად, თჰა „ერთიანი ღმერთის“ სახით წარმოდგება (კ. კოხი). ინგლისელი ე. სპენსერი კი წერს: გარდა ერთიანი მარადიული ღმერთისა, მათ სწამთ რამდენიმე დაბალი რანგის ძალების არსებობა, რომელთაც თჰამ მისთვის უმნიშვნელო ფუნქციები გადასცა. ამგვარად, ევროპელი ავტორები ჩერქეზთა კონფესიურ კუთვნილებას ქრისტიანული და პოლითეისტური, უფრო სწორად ადრემონო-თეისტური პოზიციებიდან აფასებენ, და, როგორც ჩანს, სავსებით სამართლიანადაც. შეიძლება ითქვას, რომ ერთიანი ღმერთის, უზენაესი შემოქმედის იდეა ადიღებში ქრისტიანობის ზეგავლენით ჩამოყალიბდა, რაზედაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ცნობილი კავკასიოლოგი ლ. ლავროვი: „ჩერქეზთა შორის უზენაესი ღმერთის იდეა შეიძლებოდა, მხოლოდ გარეგანი გავლენით გაჩენილიყო. წარმართულ ეპოქაში ჩერქეზეთში არ არსებობდა სოციალურ-ეკონომიკური წანამძღვრები, რომლის წიაღშიც უმაღლესი შემოქმედის შესახებ წარმოდგენა ჩამოყალიბდებოდა“.

ეჭვმიუტანელ ფაქტად უნდა ჩაითვალოს, რომ ჩერქეზებში და, საერთოდ, კავკასიის ხალხებში ქრისტიანობის გავრცელებას მოჰყვა მონოთეიზმის, ერთიანი ღმერთის შესახებ რწმენის დამკვიდრება. თუ ამ რეგიონის ხალხებში XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისშიც კი გვხვდებოდა მრავალღმერთიანობის ნიშნები, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ პოლითეიზმთან.

პოლითეიზმი რელიგიურ-მითოლოგიური სისტემის, თითქმის, საყოველთაოდ გავრცელებული ფორმა იყო. მართალია, პოლითეისტურ სისტემაში მუდამ გამოიყოფოდა მთავარი, უზენაესი ღვთაების ფიგურა (მაგალითად: ბერძნებში – ზევსი, ბაბილონელებში – მარდუქი, ბრაჰმანიზმსა და ინდუიზმშიბრაჰმა, იაპონელებში – ამატერასუ), მაგრამ ერთი ღმერთის აღზევებას არსად არ გამოუწვევია დიდ და მცირე ღვთაებათა დასის გაქრობა. მონოთეისტურ რელიგიებში ერთიანი ღმერთის რწმენა ძირითადი რელიგიური დოგმა გახდა. ამასთან, ქრისტიანულ რელიგიაში, განსხვავებით იუდაიზმისგან და ისლამისგან, მონოთეიზმი კომპრომისულ ფორმაში გვევლინება: ერთიან ღმერთს აქვს სამი იპოსტასი: მამა-ღმერთისა, ძე-ღმერთისა და სულიწმიდისა. სხვა ფაქტორებთან ერთად, ასეთმა კომპრომისულობამ შესაძლოა, ხელი შეუწყო არამარტო წინაქრისტიანული ღვთაებებისადმი რწმენის ნაწილობრივ შენარჩუნებას, არამედ ზოგიერთი წმინდანის გაღმერთებასაც კი.

როგორც ჩანს, ჩერქეზეთში ქრისტიანობის შემოსვლის დროისათვის ნატურმითოლოგიის ნიადაგზე ჩამოყალიბებული უზენაესი ღმერთის, ანუ მზის ღვთაების, სახელი тхьа/тхьэ ერთიანი ღმერთის აღმნიშვნელ ცნებად იქცა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დაღესტნის ხალხების წარმართული პანთეონის სათავეში მყოფი ჭექა-ქუხილის ღვთაების (ЦIоб) სახელი საფუძვლად დაედო კვირადღის – „უფლის დღის“, აღმნიშვნელ ტერმინებს. ასეთივე სურათს იძლევა ადიღური тхьаумаф/тхьэмахуэ „ღვთის დღე“, რომლის პირვანდელი მნიშვნელობა, გ. როგავას ეტიმოლოგიით, „მზის დღე“ უნდა ყოფილიყო. აღნიშნული კომპოზიტი ისეთივე შედგენილობისაა, როგორიც კავკასიური ენების კვირადღის წარმართული სახელწოდებები (მაგალითად, მეგრული ჟეშხა/ჟაშხა, ლაზური ბჟაჩხა/მჟაჩხა, სვანურში მიშ-ლადეღ/მჷჟე-ლადეღ „მზის დღე“. ქართულშიც ერთ დროს კვირადღეს „მზისა“ (საბა), ე.ი. მზის დღე ეწოდებოდა).

აუცილებელია აღინიშნოს, რომ თანამედროვე ჩერქეზი მეცნიერები არ იზიარებენ „тхьэ“ სიტყვის გ. როგავასეულ, ჩვენი შეხედულებით, ყველაზე დამაჯერებელ ეტიმოლოგიას ( тхьэ<-тыгъэ – „მზე“) და არც სხვათა აზრს (ты – „მამა“, хьэ – „ძაღლი“, ე. ი. „ძაღლთა უფალი, გამჩენი“ [?]) და ემხრობიან მ. ტალპას ჰიპოთეზას, რომლის მიხედვით ადიღური ტერმინი ბერძნული „ტჰეოს“ თეონიმიდან მომდინარეობს, რაც ლინგვისტური და ბერძნულ-ადიღური კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალზე საეჭვოდ გამოიყურება.


ლიტერატურა

  • ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წიგნი I. 1928;
  • გ. როგავა. ადიღური თჰა („ღმერთი“) სიტყვის ეტიმოლოგიისათვის // წელიწდეული. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება; ნ. ანთელავა. ადიღურ ნართულ თქმულებებში საკრალურ (რიტუალურ) დღეთა აღმნიშვნელი ტერმინების რაობისათვის // მაიკოპური კულტურის პრობლემები კავკასიურ-ანატოლიურ ურთიერთობათა კონტექსტში. საერთაშორისო არქეოლოგიური სიმპოზიუმის მასალები. თბ., 2013;
  • Шортанов А. Т. Адыгская мифология. Нальчик, 1982;
  • Шортанов А. Т. Адыгские культы. Нальчик,1992;
  • Кумахов М.А., Кумахова З.Ю. Нартский эпос: язык и культура. М., 1998;
  • Хохова Е. А. Природа теонима «Тха» («Бог»): базовые гипотезы // Мир культуры адыгов. Майкоп, 2002;
  • Адыгская (черкесская) энциклопедия. М., 2006;
  • Куёк А. С. Тхьэшхо в эпических сказаниях и этноментальных воззрениях адыгов // Вестник Адыгейского государственного университета. Серия 2: Филология и искусствоведение. Вып. № 3 (126) / 2013;
  • Чамакова С. Т. Трансформация религиозных взглядов адыгов на примере основных адыгских космогонических божеств // Вестник Майкопского государственного технологического университета. Вып. № 3, 2015;
  • Куёк А. С., Куёк М. Г. Тхэшхо // Нартоведение в XXI веке: проблемы, поиски, решения. Материалы Международной научно-практической конференции. Магас, 2016.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები