ბრაჰმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაჰმა. ალიბასტრი (XX ს.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი

ბრაჰმა(ინდ.) უზენაესი ღვთაება, სამყაროს შემოქმედი, სამების პირველი წევრი ვიშნუსა და შივასთან ერთად.

ბრაჰმა ქმნის, ვიშნუ იცავს, შივა ანადგურებს. ძველი ტრადიციით, ბრაჰმა სამივე ფუნქციას ითავსებს. იგი იბადება ოქროს კვერცხიდან, რომელიც ოკეანის წყლებში დაცურავდა. მან თავისი ფიქრის ძალით გამოტეხა ნაჭუჭი და კვერცხის ორი ნაწილისგან შექმნა ცა და მიწა. ამის შემდეგ იქმნება სამყაროს ხუთი ელემენტი – წყალი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი, ეთერი, შემდეგ კი ყველა ქმნილება, რაც კი სამყაროშია – საგანი, არსება თუ მოვლენა.

ბრაჰმას დღით განიზომება შექმნილი სამყაროს ხანგრძლივობა, მისი ღამე კი შესვენების ხანია, როცა ის ახალი შესაქმისთვის ემზადება. უზენაესი და ყოვლისმომცველი არსება წარღვნის მითოსში იღებს პატარა თევზის სახეს და იხსნის ადამიანს (მანუ) დაღუპვისგან.

იგივე ბრაჰმა ქმნის სიკვდილს დედაკაცის სახით. მის სამყოფლად ითვლება ყველაზე მაღალი სფერო, მეშვიდე ცა – ბრაჰმალოკა („ბრაჰმას ადგილი“), რომელიც მერუს მთის მწვერვალზე მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც სიკვდილის შემდეგ მართალთა სულები განისვენებენ ჭეშმარიტების მარადიულ ხილვასა და ნეტარებაში. მაგრამ ამ ყოფასაც დასასრული აქვს ბრაჰმას ღამეში, რათა კვლავ ბრაჰმის ახალი დღე დადგეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები