მანუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანუ(ინდ.) წარღვნის გმირი, ბრძენი, ასკეტი, ძე ვივასვანტისა, მზის ღმერთისა.

ერთხელ დილით მანუს წყალი მიუტანეს ხელის დასაბანად. ხელს რომ იბანდა, ხელში ერთი პაწაწინა თევზი მოხვდა და სთხოვა დიდი თევზებისგან გადაერჩინა, სამაგიეროდ თავად მას დაჰპირდა ხსნას. მანუს გაუკვირდა, რისგან და როგორ უნდა მიხსნას ამ პაწაწინა თევზმაო, მაგრამ მაინც ამოიყვანა წყლიდან თევზი და პატარა ჭურჭელში ჩასვა, რათა საიმედოდ დაცული ყოფილიყო მტაცებელი თევზებისგან. როცა თევზი წამოიზარდა, მანუმ იგი ტბორში გადასვა. თევზი იზრდებოდა და იზრდებოდა, ბოლოს, როცა მანუმ დაინახა, რომ თევზი აქაც ვერ ეტეოდა, განგში გადასვა. მცირე ხნის შემდეგ თევზს განგის წყლებიც ეცოტავა და ახლა მანუმ იგი ოკეანეში გაუშვა. გავიდა ხანი და თევზმა მადლიერების ნიშნად მანუს წარღვნის დადგომის დღე და საათი ამცნო, გაუმხილა ქვეყნის დასასრულის საიდუმლო, რომ ყველა სულდგმული უნდა დაღუპულიყო. თევზმა ურჩია მანუს, აეგო დიდი კიდობანი, შეეტანა მასში მცენარეთა თესლები, ცხოველები წყვილ-წყვილად, შეეყვანა იქ შვიდი ბრძენი, რიში, ანგირასის ძენი, და დალოდებოდა მის გამოჩენას. თან ისიც უთხრა, არ დავიწყებოდა მსხვილი ბაწრის მომარაგება. მანუმ ყველაფერი ზუსტად ისე შეასრულა, როგორც თევზმა დაავალა: ააგო ხის დიდი კიდობანი, შეარჩია მცენარეთა თესლები და ცხოველები, შვიდი რიში და დაელოდა, რა მოხდებოდა.

ერთ დღეს, ის-ის იყო დიდი ქარიშხალი ტყდებოდა, რომ გამოჩნდა უზარმაზარი რქიანი არსება და მანუმ იცნო თავისი გაზრდილი თევზი, ბაწრით შეაბა მის რქას კიდობანი და თევზმაც აბობოქრებულ წყალში შეაცურა იგი. თანდათან ძლიერდებოდა ქარიშხალი, წყალმა მთლიანად დაფარა ცა და მიწა. არაფერი ჩანდა ქვეყნიერებაზე, გარდა მანუს კიდობანისა, რომელიც მთვრალი კაცივით ბარბაცებდა უკიდეგანო ოკეანეზე. დიდხანს იმოგზაურა კიდობანმა და ბოლოს ჰიმალაის ერთ უმაღლეს მწვერვალს მიადგა, რომელიც წარღვნის წყალს ვერ დაეფარა. ამ მთას „მანოპავასაპარნა“ ეწოდა, რაც ნიშნავს: „მთა, საიდანაც მანუ ჩამოვიდა“. მანუმ გამოიყვანა ყველა და ყველაფერი კიდობნიდან და დაელოდა, კიდევ რას უბრძანებდა მისი მხსნელი. დიდმა თევზმა ახლაღა გამოუცხადა მანუს თავისი ნამდვილი ვინაობა: მე ვარ ბრაჰმა, უთხრა მან, უფალი ყოველი არსებულისა, რომელმაც გადაგარჩინე დაღუპვისაგან, რათა აღადგინო ყოველი ცოცხალი – არა მხოლოდ ადამიანები და ცხოველები, ყოველი სულდგმული, არამედ ღმერთებიც კი. ბრაჰმამ მიჰმადლა მას, მანუს, ეს უნარი და მანაც ყველაფერი მისი ბრძანებისამებრ აღასრულა. და დაიწყო წარღვნის შემდეგ განახლებული სიცოცხლე, კაცობრიობის ახალი ცხოვრება განახლებულ მიწაზე.

მანუმ ჰიმალაის მთაზე მსხვერპლი შესწირა ღმერთებს – მთიდან ოკეანეში კარაქი და ხაჭო ჩამოაგდო. მსხვერპლისგან ქალი წარმოიშვა და მანუს ასულად იწოდა. მერე მანუმ დააცემინა და დაცემინებისაგან ვაჟი წარმოიშვა, მერე რვა ვაჟი დაებადა მანუს. მათგან გავრცელდა კაცობრიობა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები