იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული“ – კავკასიისმცოდნე ენათმეცნიერთა სამეცნიერო ორგანო. გამოდის თბილისში 1974-იდან. ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და სარედაქციო კოლეგია, რომელშიც შედიან ცნობილი ენათმეცნიერები იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრიდან.

„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“ დაარსების ინიციატორი და მისი მთავარი რედაქტორი იყო არნ. ჩიქობავა, რომლის რედაქტორობითაც გამოცემულია I–XIV ტტ.(1987). 1988–94 დაისტამბა XV-XXI ტტ. (XVI ტ-იდან რედაქტორი ქ. ლომთათიძე). ჟურნალი ძირითადად ემყარება იმ საენათმეცნიერო კონცეფციასა და პრინციპულ დებულებებს, რომელიც საფუძვლად ედო ჯერ კიდევ 75-ზე მეტი წლის წინ გამოსულ „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“ წინამორბედ „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეულს“, რომლის მხოლოდ გაერთიანებული 1–2 ტ. გამოვიდა (1923–24). „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულში“ იბეჭდება წერილები ლინგვისტური თეორიის, იბერიული-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის, ენობრივი კონტაქტების, ბასკურ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის თაობაზე, ქვეყნდება რეცენზიები და ბიბლიოგრაფიული სახის მიმოხილვები, ინფორმაციები სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრში იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის შესახებ, იბერიული-კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის შესწავლისადმი მიძღვნილ რეგიონალურ სამეცნიერო სესიათა ანგარიშები, პერსონალია. სტატიები იბეჭდება ქართ., რუს., ინგლ. და გერმ. ენებზე. „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“ ავტორები არიან არა მარტო ქართველი სპეციალისტები, არამედ – უცხოელი ენათმეცნიერებიც. ჟურნალი საერთაშორისო მნიშვნელობის ერთ-ერთი სერიოზული ლინგვისტური პერიოდული გამოცემაა.

გ. ბურჭულაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები