მარდუქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთხსახიანი მარდუქი
ბრინჯაო (დაახ. ძვ. წ. 1700 წ.), ჩიკაგოს აღმოსავლური ინსტიტუტი

მარდუქი(ბაბილ.) ამარ-უთუ „მზის ხბო“, ბაბილონის იმპერიის მთავარი ღმერთი, თავდაპირველად ქ. ბაბილონის მფარველი ღვთაება. ამ ქალაქის აღზევების კვალზე აღზევდება მარდუქიც და ბოლოს იქცევა საიმპერიო ღვთაებად და კოსმეტორად შესაქმის მითოსში, სადაც იგი, როგორც ჩანს, ენლილის ადგილს იჭერს.

ბაბილონური კოსმოგონიის მიხედვით, მარდუქი იბადება აბზუს წიაღში ეას მიერ. იგი შობითგანვე ატარებს კოსმოსის ნიშნებს – მისი ოთხი თვალი და ოთხი ყური წინასწარ მიგვანიშნებს მის მიერ შექმნილი სამყაროს ოთხ მხარეზე. იგი იბადება როგორც მზე. მის შობას ღმერთები ეგებებიან ჰიმნით: „ძეო მზისავ, მზეო ცისავ!“ იგი შემოსილია ღვთაებრივი ბრწყინვალებით – მელამით და ათი ღმერთის ძლიერებით. წინა თაობის ღმერთებმა თეოგონის უკანასკნელ ნაშიერს მისცეს ბელადობა, აკურთხეს მეფედ და მიანიჭეს სიტყვის მაგიური ძალა, როგორც თიამათის ერთადერთ დამამარცხებელს და მამების მხსნელს ზღვის ურჩხულის მუქარისაგან.

მარდუქი არის სამყაროს შემქმნელი, დემიურგი, ერთ-ერთი უპირველესი გველეშაპთან მებრძოლ გმირთა და ღვთაებათა შორის. ამ ორთაბრძოლაში გამოკვეთილია კოსმოგონიური მომენტი. მარდუქი ამარცხებს თიამათს – როგორც ურჩხულს და ამ დამარცხებით ქმნის კოსმოსს, ათავისუფლებს რა კოსმიური ტენდენციის ძალებს.

მარდუქის, როგორც ღმერთების მეფისა და სამყაროს ბატონის, ატრიბუტებია კვერთხი, ტახტი და სამეფო ნიშანი – ფალა. მარდუქი ის ღმერთია, რომელიც ბაბილონის მეფეებს აძლევს კვერთხსა და ტახტს. იგია ომში გამარჯვებული. იგი ამავე დროს არის მწყალობელი ღმერთი, „საფლავად შთასულთა“ ამომყვანი, „მკვდართა განმაცოცხლებელი“, რადგან თავად იყო ვნებული, ქვესკნელს ჩასული (თიამათის წიაღში) და იქიდან ამოსული.

ერთ ბაბ. ეპოსში სამყაროს თუ ქვეყნის სიმშვიდე მაშინ არის შენარჩუნებული, როცა თავის ტახტზე მშვიდად და პატივით მჯდარ მარდუქს „ცისა და მიწის სადავეები“ უპყრია ხელთ. როგორც კი იგი წამოდგება ტახტიდან, მოვა წარღვნა, გაწყდება ცისა და მიწის კავშირი, დურანქი და სამყარო ქაოტურ მდგომარეობას დაუბრუნდება.

მარდუქის ორმოცდაათი განმადიდებელი სახელი, რომლებიც გაბნეულია საკრალურ ლიტერატურაში, თავს იყრის ჰიმნში, რომლითაც თავდება კოსმოგონიური ეპოსი. ახალ ბაბ. ხანაში პანთეონის ღმერთები მარდუქის სხვადასხვა ასპექტებად არიან დასახულნი:

  • ნერგალი არის ომის მარდუქი,
  • ენლილი არის უზენაესობისა და გადაწყვეტილებათა მარდუქი,
  • ნაბუ არის ბედისწერის მარდუქი,
  • სინი არის ღამის განმანათებელი მარდუქი,
  • შამაში არის სამართლის მარდუქი,
  • ადადი არის მაწვიმებელი მარდუქი და სხვ.

მარდუქის ახალბაბილონურ კულტში ჩანს მონოთეისტური მიდრეკილებები. მისი ღვთაებრივი ცალია ქალღმერთი ცარფანითუ („ვერცხლოვანი“).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები