სინი (მითოლოგია)
სინი – (შუმ. და ბაბ.) მთვარის ღმერთის გავრცელებული სახელი, სემიტური წარმოშობისა, რომლის კვალი შეიძლება შემორჩენილი იყოს სინაის მთისა და სინის უდაბნოს სახელწოდებებში. მთვარის შუმერული სახელწოდებაა „ნანნა“ ან „ნანნარ“, რომელიც გააზრებულია აქადურ ენობრივ სინამდვილეში „ნათლად“, „შუქად“.
შუამდინარულ მოგვიანო პანთეონში სინი მეორე ტრიადის პირველი წევრია (სინი, შამაში, ადადი); სხვადასხვა ტრადიციით მიჩნეულია ანუს ან ენლილის პირმშოდ (დურანქიში შობილად); თუმცა ზოგიერთ თეოლოგიურ ტექსტში გამოცხადებულია (როგორც ჩანს, მთვარის ფაზების თავისებურების საფუძველზე) „ნაყოფად, რომელიც თავისთავად იბადება“.
სინი, როდესაც მისი მნათობური გამოხატულება სავსე მთვარე ეწოდება „ოცდამეათე დღის ღმერთად“, „თვის ბატონად“, „შარავანდის ბატონად“ და, ბუნებრივია, რომ ამ დროს მისი საკრალური რიცხვია 30 (ამ ნიშნითვე იწერება ზოგჯერ მისი სახელი). როდესაც სინი ახალი მთვარეა, მისი სიმბოლოებია ნავი, რქადასხმული ხარი და ნამგალი; აქედან მოდის მისი ეპითეტები: „ცის დიდი ნავი“, „ბრწყინვალე ნამგალი“, „დიდი ცის ნამგალი“, „რქამაღალი“ და სხვ.
სინი, როგორც ღამის მნათობის სახით გამოვლენილი ღვთაება, მომთაბარე მესაქონლეთა მფარველია, ამიტომაც მისი ეპითეტები, მეტაფორული სახელები და მითოლოგემები შინაურ ცხოველთა სამყაროდან მოდის. იგი წარმოდგენილია ხან ხბოდ („მნათობი – ბრწყინველე ხბო“, „ენლილის ჩვილი ხბო“), ხან ხარად, რომელსაც მიწიერ სადგომში ჰყავს ფური („ნანარის ფური, თავის ბოსელში რომ ბრწყინავს“). სინის სადგომი ბოსლები მიმოფანტულია მთელ შუმერში („რა უამრავი ცხვარია, რა უამრავი ძროხაა! სინის სადგომებში რა უამრავია! შავმატყლიანები ლაჟვარდით ბრწყინავენ, თეთრი ფურები ამომავალ მთვარესავით არიან!“).
სინი თავისი სიტყვით სხვა არაფერია, თუ არა მისივე ნათელი, მოქმედებს წყლის სტიქიაზე. მისი სიტყვა იწვევს წყლის მიქცევა-მოქცევას: „ოდეს შენს სიტყვას ზღვაზე გადააფენ, – ღელავს ზღვა; ოდეს შენს სიტყვას ჭაობზე გადააფენ, – კვნესის ჭაობი; ოდეს ტიგროსს და ევფრატს გადააფენ, – დინება მშვიდდება დღითა და ღამით“. ან: „წმინდა ევფრატი წყლით ივსება – ნანარისგან არის! მდინარეები და არხები წყლით ივსება – ნანარისგან არის! დიდი და მცირე ჭაობები წყლით ივსება – ნანარისგან არის!“
სინის ანუსა და ენლილისგან ურის მეფობა აქვს ჩაბარებული. ამიტომაც ური, „მისი საყვარელი ქალაქია“, სადაც დავანებულია იგი თავის ღვთაებრივ მდედრულ ცალთან, ნინგალთან ერთად; აქ არის მისი მთავარი საკულტო ადგილი (ექიშნუნგალის ტაძარი). სინი არის „ურის გვირგვინი“, რომელიც ზემოდან აფრქვევს მასზე სხივებს. სინი, როგორც ურის მფარველი ღვთაება, ზრუნავს ქალაქზე: იგი მიემგზავრება ნიფურს, თავის სამშობლო ქალაქში, რომ თავის მშობელს, ენლილს, გამოსთხოვოს კურთხევა ურისთვის („მომეცი წილი შენი სიუხვიდან ურში წასაღებად“) – როგორც მატერიალური დოვლათის სახით (მდინარეში თევზები, ყანებში ხორბალი, ბაღ-ვენახებში ხეხილი, თაფლი და ღვინო, ტყეში გარეული ცხვრები და თხები), ისე სასიცოცხლო ძალის სახით („დღეგრძელობა სასახლეში“).