ადადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადადი VIII საუკუნე ჩვ. წ. აღ.-მდე. შუამდინარეთის ცივილიზაცია

ადადი – (შუამდ.) ტაროსისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი.

მისი სახელის უძველესი პიქტოგრამა (ხატოვანი ნიშანი) გამოხატავს მოფრიალე აფრას, რისი მოქმედებითაც საცნაური ხდება ბუნების ძალთა განმასახიერებელი ღვთაების სტიქია. ადადი ითვლება ანუს ძედ და მისივე ვეზირად; სხვა ტრადიციით, ენლილის ძედ, ენქის ტყუპისცალად. იგი განეკუთვნება შუამდინარული პანთეონის ღმერთების მეორე ტრიადას (სინ-შამაშ-ადად); მისი ღვთაებრივი მდედრული ცალია შალა, უცხოური წარმოშობის ღვთაება, ხოლო მათი ნაშიერი გირუ – ცეცხლის ღმერთი (იგულისხმება, რომ ადადი-ელვა ბადებს ცეცხლს). ადადი ვითარცა ამინდის ღვთაება, ორმაგი ბუნებისაა. იგი ნაყოფიერების მომტანიც არის და ნაყოფიერების (ათავთავებული ყანების) გამანადგურებელიც. მისი პირველი ასპექტი ვლინდება ზეციდან ჩამოდენილი, ცხოველმყოფელი წვიმის სახით ან ქვესკნელიდან ამომჩქეფარი, გამანაყოფიერებელი ნაკადულების, წყაროების სახით. ამიტომაც ადადი ითვლება მიწისქვეშა წყლებისა და წვიმების მეუფედ ერთდროულად. ამგვარი ადადის ეპითეტებია – „სიუხვის მეფე“, „ყანების მომრწყველი“, „სიუხვის წვიმის მაწვიმებელი“, „ქვეყნისათვის სიცოცხლის მომნიჭებელი’; მასზეა დამოკიდებული მოსავლის ბედი და ამიტომაც იწოდება იგი „ყანების უფლად“, „ბეღლის უფლად“ და სხვა.

მაგრამ ზედმეტად უხვი წვიმა შეიძლება გადაიქცეს მიწის პირის წამლეკავ ნიაღვრად, წარღვნად და სწორედ ამ დროს ცხადდება მისი ასპექტი, ვითარცა წარღვნის მომტანი ღვთაებისა: „წარღვნის უფალი“, „ქარიშხლის უფალი“; ადადის ეს ორი ასპექტი შევადაროთ ლაზარობის ხალხურ რიტუალს, რომლის დროსაც ლაზარეს, ამინდის ძალას, შესთხოვენ როგორც წვიმას, ხანგრძლივი გვალვისას, ისე მზის თვალს, განუწყვეტელი წვიმებისას.

ადადის გარეგანი გამოვლინებაა ელვა; იგი არის „ელვის უფალი“, „ელვის მაელვებელი“. რაკი ელვა ღრუბლებში ელავს, ადადი ღრუბელთა წარმომქმნელად ითვლება. მისი მტრული მოქმედება გამოხატულია წყევლის ფორმულაში: „ადადმა, ჩემმა ბატონმა, ბოროტების ელვა დაატეხოს თავზე მის ქვეყანას! შიმშილი ჩააგდოს მის ქვეყანაში!“ როგორც ელვისმტეხელ ღმერთს, მას ომის ფუნქციაც აკისრია, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა აშურის იმპერიის აღზევების ხანაში. ადადი სხვა ღმერთებთან ერთად წინ უძღვის აშურის მეფის ლაშქარს. იგი არის „ომის ღმერთი“, „მტრებზე მეხისმტეხელი“, „ქვეყანათა მრქენელი“ და სხვა.

ადადი შამაშთან ერთად ითვლება ორაკულებისა და მისნობის ღმერთად, რაკი ელვა, ჭექა-ქუხილი, ღრუბელთა განსაკუთრებული კონფიგურაციები – ეს ყველაფერი იყო ნიშნები, რომელთა წყალობითაც ხერხდებოდა მომავლის ამოკითხვა. შამაშის გვერდითვე იგი იხსენიება (ალბათ ქვესკნელის) „დიდ მსაჯულად“.


გამოსახულება: ადადს ხელთ უპყრია დაკავკავული იარაღი – ელვა, ამხედრებულია ხარზე (ან ურჩხულზე, რაც განასახიერებს წარღვნას ან წარღვნის ქარიშხალს). მისი საკრალური რიცხვია 6, სრული რიცხვის (60) მეათედი, ამის გამო თვის მე-6 დღე ითვლება ადადის დღედ. მისი მთავარი საკულტო ადგილია ბაბილონში და ბორსიფაში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები